Thumbnail
  • ჯანი რივერამ 76 წლის ასაკში სწავლა არ ითაკილა
  • იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

1969 წელს ჯანი რივერა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარი საუკუნის შემდეგ, იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ‘მერხზე’ დაჯდა, ისწავლა და მწვრთნელის ლიცენზია აიღო! ცნობისათვის: ჯანი რივერა უკვე 76 წლისაა!

რივერამ, რომელსაც იტალიის ნაკრებში 60 მატჩი აქვს ჩატარებული და 1970 წელს მექსიკაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მწვრთნელის კურსები წარმატებით გაიარა და დღეიდან მსოფლიოში ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა შეუძლია.

“რივერა შესანიშნავი მოსწავლე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდაა და ფეხბურთის ისტორია შექმნა, უდიდესი მონდომებით სწავლობდა. ჯანი, ჩვენს კურსზე, რა თქმა უნდა, ყველაზე გამოცდილი მოსწავლე იყო,” - აცხადებს იტალიის მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი რენცო ულივიერი ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში.

თუმცა, 60-იანი წლების სუპერვარსკვლავს, რომელიც მილანთან ერთად სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მწვრთნელად მუშაობას არ აპირებს. რივერა ამბობს, ეს კურსი მხოლოდ იმიტომ გავიარე და დიპლომიც იმიტომ ავიღე, რომ უბრალოდ განათლების მიღება მსურდაო.

სხვათა შორის, 76 წლის ჯანი რივერასთან ერთად, მწვრთნელის კურსები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, მაურო კამორანეზიმაც გაიარა და კიდევ რამდენიმე ცნობილმა ექს-ფეხბურთელმა - ამანტინო მანსინიმ, ჯუზეპე კარდონემ, ჯანლუკა ფალსინიმ, ენცო მარესკამ, სილვინიომ, მიკელე პაციენცამ და სხვებმა.

კომენტარები

ბოლო ამბები