Thumbnail

ლეო მესის ახალი ტრავმა - არგენტინელმა შესაძლოა ხეტაფესთან ვერ ითამაშოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვილიარეალთან მატჩში დაშავებულ არგენტინელს გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება
  • ბარსელონას კაპიტანმა დისკომფორტი მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთში იგრძნო
  • 32 წლის ფეხბურთელის თამაში შაბათს ხეტაფესთან გასამართ შეხვედრაში საეჭვოა

ბარსელონამ ლა ლიგის მე-6 ტურში ვილიარეალს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი, ლიონელ მესი ისევ დაუშავდა.

მეტი ამ თემაზე: ბარსელონას მოგება ძვირად დაუჯდა - მესიმ ისევ ტრავმა მიიღო

არგენტინელმა თავდამსხმელმა, რომელიც ტრავმის გამო კატალონიურ გუნდს სეზონის სტარტზე ვერ ეხმარებოდა, ლა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში პირველად დაიწყო თამაში, მაგრამ პირველსავე ტაიმში მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთში დისკომფორტი იგრძნო და დახმარებისთვის ექიმებს მაშინვე მიმართა. მესი შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გასულა, მის ნაცვლად კი თამაშში უსმან დემბელე ჩაერთო.

ლეოს ექიმების დახმარება პირველ ტაიმშივე დასჭირდა

ესპანურ მედიაში გამოითქმის ვარაუდი, რომ ლეომ შესაძლოა ხეტაფესთან ლა ლიგის შეხვედრა გამოტოვოს, რომელიც შაბათს, 28 სექტემბერს გაიმართება. სამედიცინო გამოკვლევა ფეხბურთელს დღეს, 25 სექტემბერს ჩაუტარდება და სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას მისი შედეგების საფუძველზე მიიღებს.

ბარსელონას თავკაცი ერნესტო ვალვერდე იმედოვნებს, რომ მესი ამ სამ დღეში გამოჯანმრთელებას მოასწრებს, თუმცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვას მოერიდება.

"მესიმ ბარძაყის კუნთში დისკომფორტი იგრძნო და მისი შეცვლა გადავწყვიტეთ, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. მოგება ყოველთვის წინსვლას ნიშნავს. იყო პერიოდი, როდესაც მესის არყოფნაში არცთუ კარგი შედეგები გვქონდა", - ამბობს ვალვერდე.

ლიონელ მესიმ ესპანეთის მიმდინარე პირველობაში სულ ორ შეხვედრაში ითამაშა და ერთი შედეგიანი პასით გამოირჩა - სწორედ ვილიარეალთან, რომლითაც ანტუან გრიზმანმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

ლა ლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ, ბარსელონას 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები