Thumbnail
  • ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი მეოთხელიგელთან დამარცხდა
  • კოლჩესტერთან პენალტები ერიკსენმა და მოურამ ვერ გაიტანეს
  • არსენალი და სიტი მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ტოტენჰემი ინგლისის ლიგის თასზე შერცხვა - მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მეოთხელიგელ კოლჩესტერთან პენალტების სერიაში, 3:4 დამარცხდა. 90 წუთის შემდეგ ანგარიში 0:0 იყო, დამატებითი დრო კი ლიგის თასზე წინა სეზონის შემდეგ აღარ ინიშნება და ფრის შემთხვევაში, გამარჯვებული პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერიით ირკვევა.  

ტოტენჰემიდან პენალტები კრისტიან ერიკსენმა და ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის გმირმა, ლუკას მოურამ ვერ გაიტანეს. თერთმეტმეტრიანების გატანა მხოლოდ ალიმ, სონმა და ლამელამ მოახერხეს. კოლჩესტერიდან კი პენალტი მხოლოდ ბრაუნმა ვერ გამოიყენა.

“კოლჩესტერმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, ჩვენ კი ძალიან გაგვიჭირდა. იმედგაცრუებული ვარ, რომ 90 წუთის მანძილზე მეტოქეს ერთი გოლიც კი ვერ გავუტანეთ. მანამდე მათ პენალტებისს ერიაში კრისტალ პალასიც დაამარცხეს. ასეთები ხდება ხოლმე. ამ ტურნირის ღირსებაც სწორედ ესაა - ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურდა, მაგრამ გამოვარდით,” - განაცხადა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ.

ტოტენჰემისგან განსხვავებით, არსენალი და მანჩესტერ სიტი ლიგის თასის მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდნენ. არსენალმა ნოტინგემ ფორესტი 5:0 გაანადგურა, სიტიმ კი მეორელიგელი პრესტონი 3:0 დაამარცხა. ადვილად მოიგეს საუთჰემპტონმა (4:0 პორტსმუთთან) და ლესტერმაც (4:0 ლუტონთან). ევერტონმა კი შეფილდ უენსდი 2:0 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები