Thumbnail

2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც ირიცხება, აუტსაიდერად მიჩნეულმა ურუგვაიმ ფიჯელებს საოცარი ბრძოლა გაუმართა და 30:27 სძლია.

📺 ურუგვაი - ფიჯი  30:27

კამაიშის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. კუნძულელთა კვაჭმა მესულამე ნდოლოკ'ოტომ პირველი ლელო მე-7 წუთზე დადო და თითქოს, ფავორიტს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა, თამაშის ხასიათი მალე შეიცვალა.

ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ფიჯელთა ზელანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მაკ'ქიმ მოედანზე, ფაქტობრივად მეორე შემადგენლობა გაიყვანა (12 ცვლილება ავსტრალიასთან მატჩთან შედარებით), რაც ძვირად დაუჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ჯანში დიდი უპირატესობა ჰქონდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელდახელ თამაშისას, სამხრეთამერიკელებს ვერაფრით აჯობა. "მფრინავ ფიჯელებს" ბურთი ხელიდან ერთბაშად 19-ჯერ დაუვარდათ, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ფიჯელებმა მეტოქეს ლელოებში 5:3 აჯობეს, თუმცა, მატჩის ბედი ურუგვაელთა დამრტყმელის ჩუბინობამ გადაწყვიტა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ფელიპე ვერჩესიმ 3-3 გარდასახვა-ჯარიმა მიითვალა და გუნდს 15 ქულა შეაწია, სამხრეთამერიკელთა ლელოები კი სანტიაგო არატამ, მანუელ დიანამ და ხუან მანუელ კატმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დადეს.

ამგვარად, ურუგვაელებმა პირველივე ტურში 4 ქულა აიღეს, ფიჯი კი 4 ლელოს დადების და შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ერთბაშად ორ სანუგეშო ქულას გამორჩა, რამაც D ჯგუფში მე-3 ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული გახადა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში მომდევნო მატჩები 29 სექტემბერს ჩატარდება: კუმაგაიაში საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეთამაშება, ჩოფუში კი, ცენტრალურ შერკინებაში, ავსტრალია უელსს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები