Thumbnail
  • მანუელ ნოიერი თუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი?
  • გერმანიაში მეკარეების შესახებ დისკუსიამ პიკს მიაღწია
  • Sport Bild-ის ინფორმაციით, ჰიონესი ლიოვს ბოიკოტით დაემუქრა

საფეხბურთო გერმანიაში დიდი ხანია, დაწყებულია დისკუსიები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უმჯობესი იყოს, გერმანიის ნაკრების კარს არა მანუელ ნოიერი (33 წლის, ბაიერნი), არამედ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (27 წლის, ბარსელონა) იცავდეს. დისკუსიამ პიკს გასულ კვირაში მიაღწია, როცა ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი “აფეთქდა” და ყველას მოუწოდა, ნოიერის კრიტიკას თავი დაანებონ.

Sport Bild-ის ახალი ნომრის პირველი გვერდი

ჟურნალი Sport Bild წერს, რომ უარესიც მოხდა: კერძოდ, ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ბოიკოტით დაემუქრა! ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ბუნდესგუნდის პირველი ნომერი ტერ შტეგენი გახდებოდა, ჰიონესი იმუქრებოდა, რომ ბაიერნის ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებში აღარ გაუშვებდა.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ოლივერ კანისა და იენს ლემანის დაპირისპირებას, რაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის წინ ლემანის გამარჯვებით და კანის მეორე ნომრად დაქვეითებით დასრულდა.

ნოიერსა და ტერ შტეგენს შორის ბრძოლა და დისკუსიები აქტიურ ფაზაში 2018 წლის დეკემბრიდან გადავიდა, როცა ბუნდესმწვრთნელმა ლიოვმა ZDF-ის პირდაპირ ეთერში ასეთი რამ თქვა: “თუ მანუელი ფორმაში იქნება, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე სწორედ ის იქნება პირველი მეკარე.”

📌 იანვარში, ტერ შტეგენმა Sport Bild-თან ინტერვიუში განაცხადა: “მანამდე არ შევწყვეტ ზეწოლას, სანამ ლიოვი არ გადაწყვეტს, რომ მე უნდა ვიყო პირველი მეკარე!”

📌 მარტში, სერბეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:1) ტერ შტეგენმა გერმანიის ნაკრებში 2019 წელს პირველი და დღემდე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

📌 მას მერე, რაც სექტემბერში ლიოვმა ბარსას მეკარე არ ათამაშა, ტერ შტეგენმა თქვა: “ეს მოგზაურობა ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ახლა ნოიერი თამაშობს და საქმეს კარგად აკეთებს. ალბათ არ უნდა ველოდო, რომ გერმანიის ნაკრებში მათამაშებენ.”

📌 ამას მოჰყვა ნოიერის შემდეგი განცხადება: “ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მისი ყოველი წევრი შესაბამისად უნდა იქცეოდეს. არა მგონია, რომ ტერ შტეგენის განცხადებები ნაკრებისთვის კარგი იყოს.”

📌 ზუსტად ორი დღის შემდეგ ნოიერს ტერ შტეგენმა უპასუხა: “თუ ბოლო წლებს გადავხედავთ და დავაკვირდებით, როგორ ვიქცეოდი ამ ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, ნოიერის ასეთი კომენტარი არასწორია.”

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ სწორედ ამის შემდეგ დაემუქრა ჰიონესი ლიოვს, რომ ტერ შტეგენის გაპირველების შემთხვევაში, ბაიერნის ფეხბურთელებს ნაკრებში აღარ გაუშვებდა. “ლიოვი აუცილებლად გაიგებს, რაც ვთქვით და ეს ნამდვილად არ მოეწონება,” - ამბობს ჰიონესი.

ტერ შტეგენი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ გერმანიის ნაკრებში არ ათამაშებენ

გასულ შაბათს გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ჩემზე გავლენას ვერავინ მოახდენს. აბსოლუტურად მშვიდად ვარ.”

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? Sport Bild-ის ინფორმაციით, ლიოვი ფიქრობს, რომ არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში (9 ოქტომბერს), ან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ესტონეთთან (13 ოქტომბერს) ტერ შტეგენი ათამაშოს...

კომენტარები

ბოლო ამბები