Thumbnail

'ეს იყო მორიგი ბინძური მცდელობა' - ჭიდაობის ფედერაციის განცხადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ხმაურიანი საქმე ქართულ სპორტსაც გადაწვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხში პრეზიდენტს რეკომენდაცია სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა გაუწიეს, მათ შორის საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ. აღნიშნულ თემას ჭიდაობის ფედერაცია სოციალურ ქსელში, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა:

“საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და აქტიური გულშემატკივრობისთვის, რომელიც ჩვენი მოჭიდავეების წარმატებებს კიდევ უფრო ალამაზებს.

23 სექტემბერი ჭიდაობის ფედერაციისთვის საზეიმო დღე იყო. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ ქართველი გმირები. სწორედ ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა! ფედერაციის ხელმძღვანელობამ შეგნებულად აარიდა თავი კომენტარს იმ ცრუ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა.

მოვითხოვთ, მატყუარა წყაროებმა გამოაქვეყნონ გუშინ გავრცელებული ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ ასეთი არ არსებობს. მოუხადონ ბოდიში მოჭიდავეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც შეცდომაში შეიყვანეს. არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და არც მის პრეზიდენტს არანაირი რეკომენდაცია არ გაუწევიათ. ეს იყო მორიგი ბინძური მცდელობა, მოჭიდავეების წარმატების გადასაფარად და დასაკნინებლად.

აღნიშნული სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა ადვოკატ დავით ჯაფარიძის კომენტარით, სადაც ის პირდაპირ ასახელებდა ჭიდაობის ფედერაციას ერთ-ერთ რეკომენდატორად. დღეს ამ ინფორმაციას თავად დავით ჯაფარიძეც გამოეხმაურა:
„აი თურმე ვინ არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო. რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო? ესენი ვერ არიან. ,,მთავარ არხზე“, ,,2020 ნიუსზე“ და ,,ნიუპოსტზე“ საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუები. არხები და გაზეთები დეზინფორმაციის დაწყებას ერთმანეთს აბრალებენ. სარჩელში ყველა მიეთითება მოპასუხედ და სასამართლოში არკვიონ“ - დაწერა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე.

და ბოლოს, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 2019 წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ერთ წელიწადში მსოფლიოს ოთხი ჩემპიონი გვყავს - ასეთი მიღწევა საქართველოს ჭიდაობის ისტორიას არ ახსოვს”.

კომენტარები

ბოლო ამბები