Thumbnail

17 მიზეზი - რატომ ეკუთვნოდა ლიონელ მესის THE BEST-ის ტიტული

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონამ ჩამოთვალა მიზეზები, რატომ არის ლეო წლის საუკეთესო მოთამაშე
  • 32 წლის არგენტინელის არაჩვეულებრივი სტატისტიკა 2018/19 წლების სეზონში

ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ფიფასგან წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო. მესიმ ამ ტიტულისთვის ბრძოლაში იუვენტუსის პორტუგალიელ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოსა და ლივერპულის ჰოლანდიელ მცველს, ვირჯილ ვან დაიკს აჯობა.

მეტი ამ თემაზე: FIFA-მ საუკეთესოდ მესი აღიარა - ვარსკვლავთცვენა ლა სკალაში

მას შემდეგ, რაც მილანში, ლა სკალაში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე, 32 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ გამოაცხადეს, კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა 17 მიზეზი ჩამოთვალა იმისა, თუ რატომ არის ლეო საუკეთესო.

1. ლა ლიგისა და ესპანეთის თასის გამარჯვებული

გასულ სეზონში მესიმ კიდევ ორი ტიტული მოიგო. ახლა მას ის 34 აქვს - ის ბარსას ისტორიაში საუკეთესოა.

2. ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

მესიმ გასული სეზონის 34 მატჩში 36 გოლი გაიტანა და ბარსას 26-ე ჩემპიონობა მოაპოვებინა, თავად კი საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ზედიზედ მესამედ, სულ კი მეექვსედ დაისაკუთრა. ამდენივე ტიტული აქვს ტელმო სარას, რომელთან ერთადაც რეკორდს იყოფს.

3. ევროპის "ოქროს ბუცის" მფლობელი

მესიმ მისი მოგებით, ზედიზედ მესამე სეზონში შეძლო, გამხდარიყო ევროპის ნაციონალური ტურნირების საუკეთესო ბომბარდირი. ეს მისი მეექვსე “ოქროს ბუცია”.

4. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - მეექვსედ

მესიმ ტურნირის 10 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

5. 600 გოლი ბარსელონაში

გარდა იმისა, რომ მესიმ პრაქტიკულად მიუღწეველ ნიშნულს უწია, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში დანარჩენებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

6. ყველაზე მეტი საჯარიმო ევროპის ტოპლიგებში

2018/19 წლების სეზონში მესიმ ექვსი გოლი პირდაპირ საჯარიმოდან დარტყმით გაიტანა. ამდენი ევროპის ტოპ-ლიგებში (ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიას, გერმანიისა და ინგლისის პირველობები) საჯარიმო დარტყმით არავის გაუტანია. კიდევ ორჯერ მესიმ საჯარიმოდან ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო.

7. 400 გოლი პრიმერაში

მესი პირველია, ვინც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 400 გოლის გატანა შეძლო.

8. კარიერაში მეექვსედ შეძლო სეზონში 50-ზე მეტი გოლის გატანა

მესის ანგარიშზე 50 მატჩში გატანილი 51 გოლია და ეს მან მეექვსე სეზონში მოახერხა. ამჯერად გოლები ასე განაწილდა: 36 გოლი ლა ლიგაში, 12 - ჩემპიონთა ლიგაში, 3 - თასზე.

9. ლა ლიგაში გამარჯვებების რეკორდით

ამ მაჩვენებლით მესიმ რეალის ყოფილ მეკარეს, იკერ კასილიასს აჯობა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გახდა.

10. ბარსელონას მაისურით გამარჯვებების რეკორდი

მესიმ ყველა ტურნირში 477-ე მოგება იზეიმა და ჩავის აჯობა. ეს საკლუბო რეკორდია, რომელიც მან ბეტისთან ჰეთ-თრიკის შესრულებით დაამყარა.

11. ბარსას რეკორდი ჩემპიონატში მოგებების მხრივ

მესის ლა ლიგის ჩემპიონის 10 ტიტული აქვს - ეს კლუბის რეკორდია, ხოლო ფრანსისკო ხენტოს მიღწევამდე, რომელიც 1953-71 წლებში რეალში გამოდიოდა, ორი ტიტულიღა რჩება.

12. ლა ლიგის ლიდერი საგოლე პასებით

მესი სეზონში საუკეთესო არამხოლოდ გატანილი გოლების მხრივ, საგოლე გადაცემებითაც იყო - 13. ამდენივე მხოლოდ პაბლო სარაბიამ (სევილია) მიითვალა, სხვამ ვერავინ.

13. კოპა ამერიკის ბრინჯაო

მესიმ არგენტინის ნაკრების კოპას ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიასთან დამარცხდა. შემდეგ იყო ჩილესთან, მესამე ადგილისთვის მატჩში გამარჯვება.

14. 20 და მეტი გოლი ლა ლიგის ზედიზედ მე-11 სეზონში

მესი ერთადერთია, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. 2008/09 წლების სეზონიდან მოყოლებული, მას თითოეულ სეზონში 20-ზე მეტი გოლი გაჰქონდა.

15. 50-ზე მეტი გოლი ესპანეთის თასზე

ესპანეთის თასის შარშანდელ გათამაშებაში მესიმ სამი გოლი შეაგდო და ახლა ის ტურნირში ჯამში 51 გოლს ითვლის. ამაზე მეტის გატანა მხოლოდ ხოსეპ სამიტიერმა (თამაშობდა 1919-32 წლებში) შეძლო.

16. 50-ზე მეტი ჰეთ თრიკი

გასულ სეზონში სევილიასთან გატანილი სამი გოლის შემდეგ, მესიმ პროფესიონალურ კარიერაში 50-ე ჰეთ თრიკი მიითვალა - 44 ბარსელონაში, 6 - არგენტინის ნაკრებში.

17 პირველი, ვინც გოლი ესპანეთის თასის 6 ფინალში გაიტანა

ვალენსიას კარში გატანილმა გოლმა, მესის უნიკალური სტატუსი მოუტანა, თუმცა, თასის შარშანდელი ფინალი პირველი იყო, რომელშიც მესის გოლმა ბარსელონას გამარჯვება ვერ მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები