Thumbnail
  • ევროპის რიგებში ფედერერი, ნადალი და ათეულის ხუთი სხვა მოთამაშე ირიცხებოდა
  • გუნდებს მაკინროი და ბორგი წვრთნიდნენ
  • გადამწყვეტი თამაში ალექსანდრე ზვერევმა მოიგო

ჩოგბურთში როდ ლეივერის თასზე ევროპამ დანარჩენ მსოფლიოს წელსაც მოუგო. გადამწყვეტ თამაშში გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა. 

ტურნირის ფორმატის მიხედვით, პირველ დღეს მოგებულ შეხვედრებს მხოლოდ ერთი ქულა მოჰქონდათ, მეორე დღეს ორქულიანი თამაშები იყო, მესამე დღეს გამარჯვება კი სამ ქულად ფასდებოდა. ზვერევის გამარჯვება სწორედ სამქულიანი იყო.

იქამდე კიდევ ერთ სამქულიანი გამარჯვება ევროპას როჯერ ფედერერმა მოუტანა, რომელმაც ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა. საერთო ჯამში, 13-11 ევროპის სასარგებლოდ.

ევროპა აშკარა ფავორიტი იყო. ფედერერთან ერთად მათ რიგებში ათეულის კიდევ ექვსი მოთამაშე იყო, მათ შორის, რაფა ნადალი, სტეფანოს ციციპასი და დომინიკ ტიმი. დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებში კი საუკეთესო რეიტინგი ზემოთხსენებულ ჯონ ისნერს ჰქონდა - იგი მეოცე ჩოგანია.

მატჩის შემდეგ დანარჩენი მსოფლიოს ნაკრების მწვრთნელმა ჯონ მაკინროიმ ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ევროპელთა გამარჯვებებით დაიღალა - ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩის ეპოქაში დანარჩენ მსოფლიოს, ბუნებრივია, რომ ცოტა შანსი აქვს. ევროპელებს ბიორნ ბორგი წვრთნიდა - მაკინროის ყველაზე პრინციპული მეტოქე, მათი სპორტული კარიერის წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები