Thumbnail

ზურაბ დათუნაშვილი: 'გეგეშიძემ სერბეთის სახელით გამოსვლის უფლება არ მომცა'

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს კლასიკური ჭიდაობის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა განცხადება გაავრცელა
  • დათუნაშვილს სერბეთის სახელით სურს ასპარეზობა, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა

ნურსულთანში გამართულ ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა: ქართული გუნდის აქტივში ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია ზურაბ დათუნაშვილს, რომელიც საქართველოს კლასიკური ჭიდაობის ნაკრების ყოფილი კაპიტანია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის გამო კი აქტიურ სპორტს ჩამოშორებულია.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით ცდილობს ასპარეზობას, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ ეძლევა. ზურაბი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამ თემას და განაცხადა, რომ ნურსულთანში გამართულ ჩემპიონტში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. 

ზურაბ დათუნაშვილის განცხადება  

"ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება, ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.

მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო, ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა. მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით".

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს,...

Posted by Zurab Datunashvili • ზურაბ დათუნაშვილი on კვირა, 22 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები