Thumbnail

გორგოძის ზედიზედ მე-2 ტიტული – გამარჯვება ფრანგულ 60-ათასიანზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხეთის შემდეგ, საფრანგეთშიც იყოჩაღა
  • გორგოძემ და ზანევსკამ ფინალი ორი საათის თავზე მოიგეს

27 ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მე-2 საერთაშორისო ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ეკო ჩეხეთის ქალაქ ფრიდეკ მისტეკში გამართული 25-ათასიანი შეჯიბრის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული გახდა, ამჯერად კი, ფრანგულ სენ მალოში 60-ათასიან ტურნირზე წყვილებში იმარჯვა.

ეკატერინე გორგოძე და მარინა ზანევსკა

გორგოძე შეჯიბრში ბელგიის სახელით მოთამაშე მარინა ზანევსკასთან ერთად ჩაება და 4 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა და ბელგიელმა ჩოგბურთელებმა საწყის მატჩში ესპანელებს (კორტეს ლორკა-ვისენს მასი) 6:0, 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში პირველი განთესვის მქონე რუმინელ ბარას და ლუქსემბურგელ მინელას 6:3, 2:6, 10:5 მოუგეს, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ ესპანურ წყვილს (გერერო ალვარესი-მარისტანი ზულეტა დე რეალესი) 6:1, 6:1 აჯობეს.

გორგოძეს და ზანევსკას ყველაზე მეტად ფინალში გაუჭირდათ, სადაც მე-3 რეიტინგით მოთამაშე ესპანურ-ხორვატულ დუეტთან (ბოლშოვა ზადოინოვა-მრდეზა) პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე წააგეს, საბოლოოდ კი, 2 საათის თავზე, 6:7 (8:10), 7:5, 10:8 მოიგეს.

ცნობისთვის, წყვილთა რეიტინგში გორგოძეს 278 ქულა აქვს და მხოლოდ 273-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ფრანგული წარმატება მას საგრძნობლად ახეირებს.

სხვათა შორის, დღეს, ტიტულის მოგების შანსი კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა. 17 წლის ზოზია ქარდავა და იაპონელი მინამი აკიამა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართული 15-ათასიანი ტურნირის ფინალში ჰოლანდიურ დუეტს (კარეგატი-ვენსვეენი) გაეჯიბრნენ და 1:6, 6:4, 4:10 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები