Thumbnail

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია, დემე ცალუღელაშვილი

მსოფლიოში რაგბის ბოლო 70 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ სარაგბო იერარქიაში თითქმის არაფერი შეცვლილა. ათწლეულების განმავლობაში პირველი 15-16 გუნდი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა.

ისეთი ქვეყნები, როგორებიც რუმინეთი, კანადა, აშშ, იტალია, იაპონია და კუნძულელები არიან, ყოველთვის ბობოლების შორიახლოს ტრიალებდნენ და პირველივე მსოფლიო თასების მონაწილეები იყვნენ. არგენტინაც კი, რომელიც Tier 1 ქვეყნებში ახალ სისხლად ითვლება, სინამდვილეში იგივე 6 ერის ან სამი ერის გუნდებს ათწლეულების წინ უგებდა.

ერთადერთი გუნდი, რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა, საქართველოა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასე მოკლე დროში, ამხელა პროგრესი აქამდე არცერთ სარაგბო ქვეყანას ჰქონია.

ჩვენთვის პირველი მსოფლიო თასის შესარჩევი 1993 წელს, რუსეთთან და პოლონეთთან წაგებით დავასრულეთ.

იმ დროისთვის ბორჯღალოსნები ფირას მესამე დივიზიონში, ისეთი ეგზოტიკური სარაგბო ქვეყნების გვერდით თამაშობდნენ, როგორებიც ლატვია, შვეიცარია და ლუქსემბურგი არიან.

დიდი ანგარიშით წაგვიგია ისეთ გუნდთან, როგორიც ჰოლანდიაა. აქედან 22 წლის თავზე კი მსოფლიო თასზე ორი მატჩი მოვიგეთ და ავტომატური კვალიფიკაციის უფლება მოვიპოვეთ, რითიც ვორლდ რაგბის კარგად აწყობილი საკვალიფიკაციო სქემა ავურიეთ და ერთ-ერთი კუნძულელის გადასარჩენად წესების შეცვლა ვაიძულეთ.

რა თქმა უნდა, რაგბის თამაში 90-იან წლებში არ დაგვიწყია, ლოკომოტივს საბჭოთა კავშირის თასი მოუგია, ხოლო აია ჩემპიონიც გამხდარა, მაგრამ ისევ სხვა ქვეყნებს თუ შევხედავთ, მაგალითად ესპანეთს, პორტუგალიასა და გერმანიასაც კი ათწლეულებით მეტი სარაგბო ტრადიცია აქვთ.

ასეთ სწრაფ პროგრესს კიდევ უფრო ამოუხსნელს ხდის 90-იანების ქართულ რაგბში ინფრასტრუქტურის ტოტალური არარსებობა. რამდენიმე კვირის წინ, ბორჯღალოსანთა ყოფილი მწვრთნელი, კლოდ სორელი, ვორლდ რაგბისთან ინტერვიუში ამბობდა, როცა საქართველოში ჩავედი, ნაკრების ვარჯიში სკვერებში და ბაღებში მიწევდა, მხოლოდ იქ თუ იყო შემორჩენილი მწვანე საფარიო.

ფრანგული ლეგიონი

ქართული რაგბის წარმატებაში ზემოთ ნახსენები კლოდ სორელის დამსახურება უდიდესია. სწორედ მან და ზაზა ქასაშვილმა მოახერხეს ათეულობით ქართველი მორაგბის საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონებში წაყვანა, რამაც საქართველოში ამ სპორტის დონე ერთიორად ასწია. 

ქართველების უმეტესობა საფრანგეთში თამაშის პარალელურად, დამატებით მუშაობდა და რაგბი მათთვის სპორტის გარდა ოჯახის რჩენის საშუალებაც გახდა.

სწორედ ამ პერიოდში, ძალიან ცოტა დაგვაკლდა მსოფლიო თასზე გასასვლელად. ჯერ იყო და რუმინეთთან დავმარცხდით, შემდეგ კი ტონგასთან ორმატჩიანი დაპირისპირება დავთმეთ.

იმ დროის ქართულ რაგბში ისეთი ფინანსური კრიზისი იყო, რომ ტონგასთან გასვლითი მატჩის დროს, ქართულ დელეგაციას ერთ-ერთი ფიჯური სასტუმროს ვალი, 12 900 დოლარი დაედო და დელეგაციის ხელმძღვანელი, გურამ მოდებაძე, იძულებული გახდა ვალის თავდებში სასტუმროში დარჩენილიყო.

ერთა თასი და მეტოქეობა რუმინეთთან

2000 წელს საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში ჩაერთო. ევროპულ ნაკრებებთან ერთად პირველ ტურნირზე მაროკოც მონაწილეობდა. დებიუტი ნორმალური გამოვიდა, ესპანეთის გარდა ყველა მეტოქეს მოვუგეთ და ბოლო ტურში თბილისში რუმინეთის დამარცხებით, ჩემპიონებიც გავხდებოდით, მაგრამ ისევე როგორც უმეტესად იმ პერიოდში, რუმინეთმა კლასით და პეტრე მიტუს ზუსტი ფეხით მოგვიგო. 

ამ თამაშით დაიწყო ჩვენსა და რუმინეთს შორის დაპირისპირება ერთა თასის ჩემპიონობისთვის და პორტუგალიის მიერ ერთხელ გაჩემპიონებას თუ არ ჩავთვლით, უკვე 20 წელია ეს ტიტული ჩვენ ორს შორის თამაშდება. 

პირველად რუმინელები 2001 წელს, ბუქარესტში დავამარხეთ და ერთა თასი გრანდ სლემით მოვიგეთ. სწორედ ამ წლის ნაკრები იყო კლოდ სორელის მოღვაწეობის პერიოდში საუკეთესო. 

ჩემპიონობას 3-4 წლიანი ჩავარდნა მოყვა და პირველობა ვერა და ვერ მოვახერხეთ. ის კი არა, ტიტულისთვის ბრძოლაში პორტუგალიაც შეგვეცილა. 

2007 წლიდან კი საქართველო ერთა თასზე დომინანტი ძალა გახდა და ამ პერიოდში 10-ჯერ ვიჩემპიონეთ. ტურნირის თითქმის ყველა რეკორდი ჩვენს სახელზეა. უნიკალური მიღწევა აქვს მამუკა გორგოძეს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ერთა თასზე თამაში არ ჰქონდა წაგებული.

ახალგაზრდები

ერთა თასზე სრული დომინაციის პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდული ნაკრებების დონე.

პირველად ბობოლების დამარცხება 18 წლამდელებმა მოახერხეს, როცა ევროპის U18 ჩემპიონატზე ზედიზედ დაამარცხეს იტალია-ირლანდია და ფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთმა მოგვიგო.

ტურნირის დასრულებისთანავე 6 ერის ქვეყნებმა, საფრანგეთის გამოკლებით, შეთანხმებულად დატოვეს U18 ევროპის ჩემპიონატი, თუმცა ბობოლები 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ დაგვემალნენ.

2015 წელს, ისტორიაში პირველად მოვიგეთ U20 ალაფა და ასევე პირველად მოვიპოვეთ 2016 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება, სადაც პლეი-ოფში იტალიელებს ვძლიეთ და ტურნირის ისტორიაში პირველად, ქვედა დივიზიონიდან ამოსულმა Tier 2-ის ქვეყანამ ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

ამის შემდეგ Tier 1-ის ქვეყნების დამარცხება ტრადიციად გვექცა. 2017-ში მოვუგეთ არგენტინას, 2018-ში ირლანდიასა და შოტლანდიას, ხოლო წელს სკოტები ზედიზედ მეორედ დავიბრიყვეთ. ეს უკანასკნელები ბოლო მატჩში ფიჯელებმაც გაანადგურეს და ალაფაზე გაისტუმრეს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდია პირველი გუნდია ე.წ. Home Nation-ებიდან, რომელიც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდა.

საქართველო კი ამ ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 გუნდიანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის უკვე ტრადიციული მონაწილეები ვართ.

📺 ვიდეო: გელა აფრასიძის ლელო ირლანდიასთან

6 ერი და ფრენჩაიზი

2015 წლის წარმატებული მსოფლიო თასის და ერთა თასზე მინიმალური კონკურენციის არარსებობის ფონზე, სარაგბო წრეებში და პრესაში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოს 6 ერის გათამაშებაში ჩართვის შესაძლებლობაზე. თუმცა, 6 ერის ბოსებს ამ იდეის არათუ განხილვა, უბრალოდ გაგონებაც არ უნდათ.

მათი მხრიდან ამ იდეის მიუღებლობის მიზეზი უამრავია, ვეცდებით რამდენიმე მათგანი განვიხილოთ და სიტუაციას მათი გადმოსახედიდან შევხედოთ:

ტურნირის ფორმატი

6 ერის შვიდად გადაკეთების იდეა თითქმის არავის ხიბლავს. კენტი გუნდების შემთხვევაში, ყველა ტურში ერთ ნაკრებს დასვენება მოუწევს და ტურნირის ფორმატს გვარიანად არევს. უქმობა ასევე მოქმედებს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოკლედ, ექვსის შვიდად გადაკეთება თითქმის გამორიცხულია.

კლუბები და კალენდარი

გლობალური სარაგბო კალენდარი სერიოზულად რომ არის შესაცვლელი, ამაზე არავინ დაობს, თუმცა ჯერ-ჯერობით არათუ შეცვლა, ამაზე სერიოზული მსჯელობაც კი არ დაწყებულა. საქმე იმაშია, რომ გინდა 6 ერი, გინდა მსოფლიო თასი, კლუბებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შუა სეზონში, თვენახევრიანი ტურნირის გამო, წამყვანი მორაგბეების ნაკრებში გაშვება არავის მოსწონს. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში საკლუბო ტურნირები გადამწყვეტ ფაზაში შედის. არადა, მორაგბეებს ხელფასს კლუბები უხდიან და პროფესიონალიზმისა და რაგბში ფინანსების სერიოზულის ზრდის ფონზე, შორს არაა ის დრო, როცა კავშირებს პირობებს სწორედ ზემოთაღნიშნული კლუბები უკარნახებენ. 

ამის ფონზე, თვენახევრიან ტურნირში ახალი გუნდების დამატება და თამაშების რაოდენობის ზრდა ალბათ გამორიცხულია და ამას ფრანგულ-ინგლისურ-კელტური კლუბებისგან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვება.

ასვლა-ჩასვლის პრინციპი

ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო, 6 ერში გუნდების დამატება ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მოჩანს. რჩება ერთადერთი ვარიანტი - პლეი-ოფი 6 ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველადგილოსანს შორის, რაც მათთვის ასევე მიუღებელია. 

მართალია ბოლო წლებია იტალია ბოლო ადგილის ტრადიციული კანდიდატია, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება მომავალში. იტალიის ადგილას ხვალ შეიძლება შოტლანდია, ირლანდია ან სულაც ინგლისი აღმოჩნდეს და სარაგბო ბობოლებს იმის თეორიაში დაშვებაც არ უნდათ, რომ 6 ერი ოდესმე ამ ქვეყნების გარეშე ჩატარდება.

ფინანსები

6 ერის ტრადიციულ ქვეყნებზე აღარაფერი რომ არ ვთქვათ, იტალიაც კი ამ ტურნირში უზარმაზარ მოგებას ტოვებს. აქ იგულისხმება როგორც რეკლამით მიღებული შემოსავალი, ასევე სატელევიზიო უფლებები, ტურიზმი და ა.შ. თავისთავად ცხადია, რომ იტალიის საქართველოთი ჩანაცვლება, როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე მილიონობით ზარალთან ასოცირდება და ბუნებრივია, ფულის დაკარგვა არავის სიამოვნებს.

მანძილი

6 ერის მონაწილე ქვეყნებიდან თბილისამდე ძალიან შორია. განსხვავებით უელსი, ირლანდია, ინგლისი, შოტლანდიისგან, სადაც შეგიძლია ავტობუსით 2-3 საათში ჩახვიდე, თბილისამდე 5-6 საათიანი ფრენაა საჭირო, რაც დამატებით დისკომფორტია და როგორც მორაგბეებს, ასევე ჩინოვნიკებს, ეს ვარიანტი დიდად არ ხიბლავთ.

ესაა იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალი, რის გამოც 6 ერში საქართველოს ჩართვა ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მოჩანს. არადა, მაღალი დონის ტურნირი ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები ფაქტობრივად 20-22 წლის ბიჭების ხარჯზე იგებენ და ერთადერთი სერიოზული კონკურენტი რუმინეთიც უსერიოზულეს კრიზისშია. ტურნირის დონე ძალიან დაბალია და შოტლანდიასთან მატჩებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 6 ერს შორის უფსკრულია.

ერთადერთი გამოსავალი ქართული ფრენჩაიზის შექმნაა. ქართული რაგბის თვისობრივად სხვა დონეზე გადასასვლელად ფრენჩაიზი არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე 6 ერში მონაწილეობა, თუ არა უფრო მნიშვნელოვანი.

იაპონიის, არგენტინის და ფიჯის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, რამხელა პროგრესი მოუტანა მათი გუნდების სერიოზულ საკლუბო ტურნირებში ჩართვამ ამ ქვეყნებს.

თუმცა, ფრენჩაიზის შექმნაც არანაკლებ პრობლემებთანაა დაკავშირებული. 

ერთადერთი სერიოზული ტურნირი, სადაც ქართველები შეიძლება ჩავერთოთ, პრო 14-ია, რომელიც ჩვენი იქ მონაწილეობით დიდად დაინტერესებული არ არის.

კელტურმა ლიგამ 2017 წელს ორი აფრიკული გუნდი დაიმატა და ამ ეტაპზე მეტ გაფართოებაზე არ ფიქრობენ.

ამას ემატება ფინანსები. კონკურენტუნარიანი ფრენჩაიზის შესაქმნელად წელიწადში $5-6 მილიონია საჭირო. არაკონკურენტუნარიან გუნდს კი იქ არავინ დაიმატებს. მაჩანჩალა არავის სჭირდება და ტურნირის იმიჯსაც დააზიანებს.

ყველაფერთან ერთად დროც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. პრო 14-ში მაქსიმუმ კიდევ ორი გუნდი დაიმატონ და მეტად ის ალბათ აღარ გაიზრდება. ასე რომ, თუ სხვებმა დაგვასწრეს, მერე მასში ჩართვა 6 ერზე არანაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

არადა, ქართული რაგბისთვის სერიოზული ტურნირი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა რაღაც დონეზე ავედით და მეტი ვეღარ ვიზრდებით. რაგბი ევროპის ჩემპიონატითა და წელიწადში ერთხელ სერიოზულ გუნდთან თამაშით ახალ დონეზე ასვლა უბრალოდ გამორიცხულია.

საქართველო მსოფლიო თასებზე

სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევში 1993 წელს ჩავებით. რუსეთთან ომის გამო, გუნდი დიდი დანაკლისით და სრულიად მოუმზადებელი იყო. სწორედ ამ ეტეპზე პირველად და უკანასკნელად დავმარცხდით რუსებთან - 9:15.

ძალიან ახლოს ვიყავით 1999 მსოფლიო თასზე გასვლასთან. გადამწყვეტ თამაშში დუბლინში ფავორიტ რუმინეთს პირველი ტაიმი 6:3 მოვუგეთ, თუმცა მეორე ტაიმში ჰაერში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და საბოლოოდ 23:27 დავმარცხდით. რეპერაჟში კი ვერც ტონგას დამარცხება მოვახერხეთ.

მიზანს 2002 წელს მივაღწიეთ. 13 ოქტომბერს, დინამოზე, დაძაბული ბრძოლაში, ლევან ცაბაძის ლელოთი, რუსეთი 17:13 დავამარცხეთ და საქართველოს ისტორიაში, გუნდურ სახეობებში პირველად, მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ, რაც კიდევ ოთხჯერ გავიმეორეთ და სხვა შესარჩევებში საგზურის მოპოვების პრობლემა აღარც გვქონია.

წაიკითხეუელსი - ყველაზე სარაგბო ქვეყანა ევროპაში! საქართველოს პირველი მეტოქე

ავსტრალიაში გამართული მსოფლიო თასი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, მოთამაშეების ნაწილსა და სამწვრთნელო შტაბს შორის კონფლიქტი იყო, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა. პირველი თამაში მომავალ ჩემპიონ ინგლისთან გვქონდა და 6:84 დავმარცხდით. უშანსოდ წავაგეთ სამოასთანაც, თუმცა მოულოდნელად სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გავუმართეთ, რაღაც მონაკვეთებში საკმაოდ მივუახლოვდით, მაგრამ საბოლოოდ 19:46 დავმარცხდით. სწორედ ამ შეხვედრაში დავდეთ მსოფლიო თასზე ჩვენი პირველი ლელო, რომლის ავტორი დავით დადუნაშვილია. ბოლო მატჩში ურუგვაისთან მოსაგებად გავედით, თუმცა მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა და 24:12 მოგვიგო.

ბევრად წარმატებული გამოდგა 2007 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასი, სადაც მთელი სარაგბო სამყარო ავალაპარაკეთ. პირველ თამაშში არგენტინას დიდი ბრძოლა გავუმართეთ და მხოლოდ მეორე ტაიმში გავტყდით, რასაც ირლანდიასთან ისტორიული მატჩი მოყვა. ჩვენები ნამიბიასთან გადამწვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ და მეტოქეს გადახალისებული გუნდი დავახვედრეთ. მაგრამ თამაში ისე წავიდა, რომ იმ დროისთვის მსოფლიო თასის ისტორიაში უდიდეს სენსაციასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი შკინინმა პიტერ სტრინგერს პასი ჩაუჭრა და 10:7 დავწინაურდით. შემდეგ მეტოქემ მეკოს ტრავმით ისარგებლა და მეტობაში 14:10 დაწინაურდა. თამაშის ბოლო წუთები კი ირლანდიელთა 5 მეტრიაში გავატარეთ, მაგრამ ლელოს დადება ვერ მოვახერხეთ.

📺 ვიდეო: გიორგი შკინინის ლელო

მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება კი 4 დღეში, ლანსში, ნამიბიასთან მოვიპოვეთ. მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ და 30:0 დავამარცხეთ.

ბოლო მატჩი საფრანგეთთან გუნდმა უმოტივაციოდ ითამაშა და 64:7 დამარცხდა.

დასახულ მიზანს მივაღწიეთ ახალ ზელანდიაშიც, 2011 წელს. აუცილებლად მოსაგებ თამაშში, რუმინეთი დავამარცხეთ, ხოლო სამ გრანდს ინგლისს, არგენტინას და შოტლანდიას კარგი ბრძოლა გავუმართეთ. არგენტინასთან პირველი ტაიმი მოვიგეთ კიდეც.

2015 წელს, ინგლისში ჩატარებული მსოფლიო თასი ყველაზე წარმატებული გამოდგა ჩვენთვის. კარიერის პიკში მყოფი მამუკა გორგოძის, დავით ზირაქაშვილის და მეკო კვირიკაშვილის ლიდერობით, პირველად მოვახერხეთ ორი თამაშის მოგება და იაპონიის მსოფლიო თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება. 

მთავარი მიზანი ძალიან ძლიერი ტონგას დამარცხება იყო. პირველივე მატჩში, გლოსტერში, 60 წუთის განმავლობაში კუნძულელებს ჩვენი თამაში მოვახვიეთ და 17:3 დავწინაურდით. ბოლო 20 წუთი კი დაცვაში გავატარეთ, თუმცა მეტოქეს ერთ ლელოზე მეტის დადების საშუალება არ მივეცით და 17:10 მოვიგეთ. 

📺 ვიდეო: კოკი თხილაიშვილის ლელო

დაძაბული გამოდგა კიდევ ერთ უშუალო კონკურენტ, ნამიბიასთან თამაში. უდიდესი სათამაშო უპირატესობის ანგარიშში ასახვა ვერ შევძელით და მხოლოდ 17:16 გავიმარჯვეთ. ჯგუფის ფავორიტ ახალ ზელანდიასთან და არგენტინასთან კი უშანსოდ დავმარხდით. ბექა წიკლაურმა კი ოლ ბლექსს საკმაოდ ლამაზი ლელო დაუდო. 

ინდივიდუალურად გამოსარჩევია მამუკა გორგოძის მიღწევები-  ის ოთხჯერ არის დასახელებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო 2015 წელს, მსოფლიო თასის ოფიციალურ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ზოგადად, თუ პირველ მსოფლიო თასს არ ჩავთვლით, ყველა ტურნირი ჩვენთვის წარმატებული გამოდგა და დასახულ მიზნებს ყოველთვის მივაღწიეთ.

საკვანძო მოთამაშეები

მამუკა გორგოძე - ქართული რაგბის ლეგენდა, ყველაზე ცნობილი ქართველი მორაგბე. თანაბარი სიძლიერით შეუძლია როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში თამაში. ახალგაზრდობაში ძალისმიერი თამაშით გამოირჩეოდა, ასაკში შესვლასთან ერთად ტექნიკურადაც ძალიან დაიხვეწა. 2017 წელს ნაკრებიდან წავიდა, მაგრამ გასახურებელ მატჩებში რამდენიმე ლიდერის დამტვრევის შემდეგ, მსოფლიო თასისთვის გუნდს დაუბრუნდა, რაც ბიჭებისთვის დიდი სტიმული იქნება.

ბექა გორგაძე - ჩვენი ახალგაზრდა რვა ნომერი, რომელსაც ექვსზეც შეუძლია თამაში. ახალი ფორმაციის ნაკრებში, უდაო ლიდერია. მობურთალი და ტექნიკური მესამეხაზელია. თვითონაც კარგად უტევს და მოკლე პასებით მორკინალების დაგეზვაც შეუძლია, უყვარს ოფლოუდებიც. ძალიან ძლიერია ჰაერში, დაცვაში კი მეტოქის შეტევებს კარგად კითხულობს.
ბექასთვის ეს მსოფლიო თასი, პირველი იქნება.

მიხეილ ნარიაშვილი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ერთი ნომერი. 6 წელია ტოპ 14-ის საუკეთესო მორაგბეებში შედის. უძლიერესია მიწოლაში და შავი სამუშაოს შესრულებაში.

მერაბ შარიქაძე - ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. საიმედო და სტაბილური შუამარბია. ძლიერი ფეხები აქვს და ყოველთვის ცდილობს პირველი მბოჭავი ცრუმოძრაობით ჩამოიშოროს. ბუკას და დავით კაჭარავას წყვილით, ჩვენი ნაკრები დაცვაში უფრო ძლიერია. 

გიორგი ნემსაძე - ნაკრების ვეტერანი, აუტში წამყვანი მორაგბეა, კარგად ეხერხება მეტოქის კომბინაციების წაკითხვა. ბოლო 6-7 წელია ნაკრების ფაქტიურად შეუცვლელი მეორეხაზელია. ამ წლებში მიღწეული ყველა წარმატების თანამონაწილეა. 

დავით კაჭარავა - კიდევ ერთი ვეტერანი, განსაკუთრებით ძლიერი დაცვაში და ღლეტვაზეა. მებრძოლი ხასიათი აქვს და რთულ სიტუაციაშიც არასოდეს ნებდება.

თედო აბჟანდაძე - ნაკრების ახალგაზრდა მგეზავი. წარმატებული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ, დიდ ნაკრებშიც იოლად დაიმკვიდრა ადგილი.
მის მიმართ დიდი ავანსებია გაცემული და მსოფლიოზე კარგ თამაშს არამარტო ქართველი გულშემატკივრები და სპეციალისტები ელიან. თედო საიმედო კარში დამრტყმელია, ღია თამაშში კი ძალიან უყვარს მეტოქის დაცვაში ღრიჭოების ნახვა და შეტევა.

გზა მსოფლიო თასზე

იაპონიაში უმძიმესი ჯგუფი გვერგო. უელსი და ავსტრალია არათუ ჯგუფის, მსოფლიო თასის ფავორიტები არიან, ხოლო მე-4 კალათიდან ყველა შესაძლო ვარიანტიდან უარესი, ფიჯი ამოგვივიდა. 

ფიჯელებს ალბათ ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასთან დამარცხდნენ, საქართველოსთან აშკარა ფავორიტად მიიჩნევიან.

მეოთხე მეტოქე ურუგვაია, რომელთანაც ფავორიტები ვართ და აუცილებლად მოსაგებ თამაშთა კატეგორიას განეკუთვნება.

არ გაგვიმართლა კალენდარშიც. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ფიჯისთან მატჩამდე დასასვენებლად და ძალების აღასადგენად მხოლოდ 4 დღე გვაქვს.

ჩვენი პროგნოზი

უელსთან და ავსტრალიასთან გამარჯვების ალბათობა მინიმალურია. ურუგვაისთან ფავორიტები ვართ და შანსებს 80/20-ზე შევაფასებდით. რაც შეეხება ფიჯის უძლიერეს გუნდს, საქართველოსთან ფავორიტები იქნებიან. შანსები 70/30-ზე ფიჯის სასარგებლოდ.

კომენტარები

ბოლო ამბები