Thumbnail

RWC 2019 | უელსი - ყველაზე სარაგბო ქვეყანა ევროპაში! საქართველოს პირველი მეტოქე

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია, დემე ცალუღელაშვილი

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. დღეს ევროპული რაგბის მშვენებას და ზელანდიელების შემდეგ ყველაზე სარაგბო ქვეყანას, უელსს წარმოგიდგენთ.

ისტორია

უელსში რაგბის თამაში 1850 წელს დაიწყეს. 1881 წელს რიჩარდ მალოკის ორგანიზებით პირველი ტესტ მატჩი დრაკონებმა ინგლისთან ითამაშეს და დამარცხდნენ. იმავე წლის მარტში უელსის რაგბის კავშირი დაარსდა, ხოლო 2 წლის შემდეგ უელსი პირველ ჰოუმ ნეიშნს გათამაშებაში ჩაერთო (დღევანდელი 6 ერი), თუმცა თამაშის მოგება ვერ მოახერხა.

ქვეყანაში რაგბი სწრაფად ვითარდებოდა და სწორედ უელსელების მოგონილია რევოლუციური ცვლილება, როცა გუნდები 9 მორკინალი/6 ბექი-ის სისტემიდან 8 მორკინალი/7 ბექის სისტემაზე გადავიდნენ. ახალი ტაქტიკით გუდნმა პირველად 1893 წელს მოახერხა ტურნირის მოგება, მეორე ტიტული კი 1900 წელს მოიპოვეს და სწორედ ამ დროს დაიწყო უელსური რაგბის "პირველი ოქროს ხანა", რომელიც 1911 წლამდე გაგრძელდა.

ამ პერიოდში დრაკონებმა ექვსჯერ მოახერხეს 4 ერის მოგება. თუმცა იმ ნაკრების მთავარ მიღწევად, 1905 წელს არმზ პარკზე ახალ ზელანდიელების დამარცხება იყო. ეს მატჩი ერთადერთი იყო 35 მატჩიან ტურნეში, რომელშიც შავები დამარცხდნენ.

უელსური რაგბის მეორე ოქროს ხანა მე-20 საუკუნის 1969-1979 წლებზე მოდის. გუნდში მსოფლიო დონის რამდენიმე ვარსკვლავი გამოჩნდა - გარეს ედვარდსი, ჯ.პ.რ ვილიამსი, ბარი ჯონი, ჯერალდ დევისი. 10 წლის განმავლობაში უელსელებმა მხოლოდ 7 თამაში წააგეს, ხოლო 5 ერი ექვსჯერ მოიგეს.

დიდ შედეგებს დაახლოებით 20 წლიანი ჩავარდნა მოყვა, თუმცა გუნდმა ამ საუკუნეში ძველი დიდება დაიბრუნა და 6 ერი ხუთჯერ მოიგო. ბოლოს ტიტული დრაკონებმა წელს მოიგეს, თან დიდი სლემით.

ექვსი ერისგან განსხვავებით, უელსელები არც თუ ისე წარმატებულები არიან მსოფლიო თასზე. დრაკონებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ბრინჯაოს მოგება, ხოლო ნახევარფინალში სულ ორჯერ გავიდნენ.

1999 წელს უელსმა მსოფლიო თასს უმასპინძლა და ფინალი კარდიფში, მილენიუმზე გაიმართა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია დრაკონების გულშემატკივარი - რაგბი უელსში ეროვნული სპორტია და ქვეყანა რაგბით ცხოვრობს.

საკლუბო რაგბი 

უელსური კლუბები კელტურ პრო 14-ში თამაშობენ და ირლანდიელებთან ერთად ტურნირზე ყველაზე მეტი, 4 კლუბით არიან წარმოდგენილი. მათგან ყველაზე წარმატებული სვონსის ოსპრისია, რომელსაც 4 ტიტული აქვს. ორჯერ მოუგია კელტური ლიგა ლიანელის სკარლეტსს.

დედაქალაქური ბლუსი და ნიუპორტის დრაკონები უტიტულოდ არიან. ნაკრების ბირთვის სწორედ ოსპრისიდან და სკარლეტსიდან კომპლექტდება, თუმცა უელსელებს ნაკრებში ბევრი ინგლისში დაბადებული უელსური წარმოშობის მორაგბე ყავთ.
შიდა ჩემპიონატი კი ნახევრად სამოყვარულოა. 

აღსანიშნავია, რომ ოსპრისში ამჟამად ჩვენი ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ირიცხება, ხოლო რამდენიმე წლის წინ კარდიფში ანტონ ფეიქრიშვილსაც უთამაშია.

სათამაშო სტილი

უელსის სათამაშო სტილი ევროპაში გამორჩეულია და ფრანგების ძველ შამპან რაგბისთან ერთად, ყველაზე ლამაზიც. მათი თამაში დაბალანსებულია, ძალიან კარგად ფლობენ როგორც ფეხით თამაშის ოსტატობას, ისე ბურთაობას და საჭირო მომენტში ძალისმიერ რაგბს. ევროპულ რაგბში, უელსური რაგბი ალბათ ყველაზე სწრაფიცაა, საუკეთესოები არიან გაჭრილზე მიყოლაში, რაშიც სამხრეთულ გუნდებს ძალიან გვანან.

დრაკონების სტილს ფეთქებადობა ახასიათებს, თამაშში არის მომენტები, როდესაც ყველაფერს იდეალურად და უშეცდომოდ ასრულებენ. აღსანიშნავია უელსელთა კარგი დაცვაც, განსწავლული და ხისტი, განსაკუთრებით გეთლენდის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში.

გამორჩეულია დრაკონების უკანა ხაზიც, ჯანიანი და მობურთალი. რაც შეეხებათ მორკინალებს, უელსის ნაკრები მიწოლაში ინგლისი და ირლანდიასავით დომინანტი არაა, თუმცა ძალიან მობილურია. მეორე ხაზი ძალიან კარგია აუტებში (დრაკონების დერეფანი საუკეთესოა ევროპაში), ხოლო მესამე ხაზი იდეალურად ახერხებს მეტოქის მგეზავის წნეხში მოქცევას.

დრაკონების სტილში ასახულია ის საოცარი სიყვარული რაგბის მიმართ, რაც უელსელებს, როგორც ნამდვილ სარაგბო ერს აქვთ.

საკვანძო მოთამაშეები

ალან ვინ ჯოუნსი - უელსელთა ვეტერანი მეორეხაზელი. გუნდის კაპიტანი და ლიდერი, მოედანზე და მის მიღმა. ძალიან მაგარი მებრძოლია და აუტებში უნაკლოა.

ჯოშ ნავინდი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მესამეხაზელია და მეტოქის 10 ნომრების რისხვაა. ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, თუმცა შეტევაშიც საკმაოდ ეფექტურია.

ლი ჰავპენი - უელსის ნაკრების ფაქტიურად შეუცვლელი 15 ნომერია. თუ ჯანმრთელია, იშვიათად რომ გეთლენდმა სხვა ათამაშოს. მისი მთავარი იარაღი კარებში ზუსტი დარტყმაა, ამ მხრივ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

ლიამ ვილიამსი - დრაკონების უნიჭიერესი გარემარბი, თუმცა საჭიროების დროს 15-ზე და შუამარბადაც შეუძლია თამაში. სწრაფი, ტექნიკური და არაორდინალური მორაგბეა, მისგან ყოველთვის ხიფათს უნდა ელოდო.

ჯონათან დევისი - 7-8 წელია უელსელთა შეუცვლელი 13 ნომერია. უყვარს და ხშირად ახერხებს მეტოქის ხაზის გაჭრას.

ჯორჯ ნორსი - ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი ფრთაა. იშვიათად რომ ლელოს დასადები შანსი გაანიავოს.

როს მორიარტი - დრაკონების 8 ნომერი. ბოლო წლებში მანამდე შეუცვლელი ტობი ფალეტაუ ტრავმებმა გააწამა და მორიარტიმ ის წარმატებით შეცვალა.

დენ ბიგარი - უელსელთა მგეზავია, საიმედო კარში დამრტმელი და გამთამაშებელია. კარებში დარტყმის წინ უცნაურ რიტუალს ასრულებს, თუმცა ეს სიზუსტეში ხელს არ უშლის. 

სამწვრთნელო შტაბი

უელსის ნაკრების ზელანდიელი მწვრთნელი უორენ გეთლენდი ეპოქალური მწვრთნელია დრაკონებისთვის. 12 წლის განმავლობაში, გეთლენდმა უელსელებს ოთხჯერ მოაგებინა ექვსი ერი, მათ შორის სამჯერ გრანდ სლემით. ექვსი ერის გარდა, ზელანდიელმა 2011 წელს მსოფლიო თასის ნახევარფინალში გაიყვანა გუნდი, ხოლო 2015-ში ფაქტიურად განახევრებული შემადგენლობით, ჯგუფში მასპინძელი ინგლისი ჩატოვა. ის წარმატებულია როგორც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარი მწვრთნელიც - 2013 წელს ავსტრალიას მოუგო სერია, ხოლო 2017-ში ზელანდიასთან სერია ფრედ დაასრულა.

მან კარგად აუღო ალღო ევროპულ რაგბს და მასში ზელანდიური შტრიხებიც შეიტანა, რისი მაგალითიც დღევანდელი უელსის ნაკრებია. მსოფლიო თასის შემდეგ გეთლენდი ზელანდიაში, მშობლიურ ვაიკატოში ბრუნდება და 2020 წლიდან სუპერ რაგბის ჩიფსს ჩაიბარებს, ხოლო 2021 წელს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს სამხრეთ აფრიკულ ტურნეში უთავკაცებს.

უელსის ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში, გეთლენდის თანაშემწე იყო რობ ჰაული, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფსონების დადების სკანდალში გაეხვა და უელსის რაგბის კავშირმა ის იაპონიიდან უელსში გაიწვია.

ლეგენდა

ძალიან ბევრი სპეციალისტის და გულშემატკივრის აზრით, უელსელთა ყველა დროის საუკეთესო მორაგბე, გარეს ედვარდსია. ლეგენდარული 9 ნომერი საოცარი სისხარტით და აზროვნებით გამოირჩეოდა. ედვარდსი იყო 70-იანი წლების უელსური ოქროს ხანის მთავარი შემოქმედი. ბარბაროსების შემადგენლობაში სწორედ მან დაუდო ზელანდიელებს ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო ლელო.

ჩვენს წინააღმდეგ

უელსს მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს კარდიფში, ნოემბრის ტესტების დროს  შევხვდით და ბრძოლაში, 13:6 დავმარცხდით. კარგი დაცვის და შერკინებაში მიწოლის ხარჯზე, თამაშის ფრედ დამთავრების რეალური შანსიც გვქონდა, ბოლო წუთები მეტოქის ხუთმეტრიანში გავატარეთ, თუმცა წარუმატებლად. 

აღსანიშნავია, რომ ვორენ გეთლენდმა გადამწყვეტ მომენტში ეშმაკობა იხმარა, ჯანმრთელი ბურჯის ტრავმა მოიმიზეზა და შერკინება თავიდან აირიდა.

გზა მსოფლიო თასზე

უელსელები დ ჯგუფში ავსტრალიასთან, ფიჯისთან, საქართველოსთან და ურუგვაისთან მოხვდნენ. ჩვენთან და ურუგვაისთან დრაკონები აშკარა ფავორიტები არიან და ბონუს ქულით გამარჯვებასაც შეეცდებიან. ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი ავსტრალიაა, მაგრამ ფიჯი სერიოზულად გეგმავს ორივეს შევიწროებას, მითუმეტეს რომ კუნძულელებს უელსის ჯგუფში ჩატოვების გამოცდილება უკვე აქვთ.

ჩვენი პროგნოზი

მსოფლიოზე უელსელთა მთავარი მიზანი, ნახევარფინალში გასვლა იქნება, თუმცა თამამ ოცნებებში, მსოფლიო ჩემპიონობაზეც შეიძლება ფიქრი. დიდი მნიშვნელობა ექნება ჯგუფში დაკავებულ პირველ ადგილს, რაც თეორიულად ინგლისთან მეოთხედფინალის აცდენას ნიშნავს და ნახევარფინალში გასვლის შანსებს საკმაოდ გაზრდის. დრაკონების ჩემპიონობის შანსს 5%-ით შევაფასებდით.

კომენტარები

ბოლო ამბები