Thumbnail

სარაგბო მსოფლიო თასის A ჯგუფი პირველია, სადაც 2 მატჩი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს მასპინძელმა იაპონიამ რუსეთს 30:10 სძლია, დღეს კი, ჯგუფის ფავორიტთა ჯახში ირლანდიამ შოტლანდიას მოულოდნელად იოლად – 27:3 მოუგო.

წილისყრის დღიდანვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული უდიდესი ალბათობით, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, ამდენად, “სამყურებმა” და “ნარშავებმა” საუკეთესო შემადგენლობები შეკრიბეს, თუმცა, ბრძოლა არ შედგა.

📺 ირლანდია - შოტლანდია 27:3

ჯო შმიდტის შეგირდებმა მეტოქეს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აჯობეს და 4-ჯერ დაალელოვეს, შოტლანდია კი ძალიან უფანტაზიოდ ირჯებოდა, მხოლოდ გრეიგ ლეიდლოუს ზუსტ ჯარიმას გამორჩა და ტურნირზე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც თამაში ლელოს გარეშე დაასრულა.

საინტერესოა, რომ ირლანდიელთაგან 1 ლელო უბერებელმა რორი ბესტმა დადო, რომელმაც ჯერ კიდევ 2007 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები დაალელოვა. 37 წლის კვაჭმა შეუცვლელად ითამაშა, რაც მისი პოზიციის მოთამაშისთვის იშვიათი მოვლენაა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “მწვანეების” მესამეხაზელი სი ჯეი სტენდერი აღიარეს, რომელმაც მოედანზე ასევე 80 წუთი დაჰყო და უდიდესი სამუშაო გასწია.

ირლანდიის ნაკრები მე-2 მატჩს 28 სექტემბერს იაპონიასთან გამართავს, შოტლანდიელებს კი 30-ში სამოასთან მატჩი ელით.

მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა ჰიგაშიოსაკაში, სადაც იტალიის ნაკრებმა ნამიბიელებს 7 ლელო დაუდო და 47:22 სძლია. პირველ ტაიმში გუნდებმა დარში ითამაშეს, მეორეში კი თავსხმა წვიმის თანხლებით, თუმცა, ფავორიტის თამაშზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია.

📺 იტალია - ნამიბია 47:22

ქონორ ო’შის შეგირდებმა პირველი ლელო მიიღეს, შემდეგ კი საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს და აფრიკელთა დაცვაში თავისუფალი სივრცეების ნახვა არ უჭირდათ. ნამიბიელებს შეტევაში კიდევ არა უშავდათ, თუმცა, ბოჭვების დაახლოებით მეოთხედი გაუცუდდათ და ამ ფონზე რაიმე წარმატებაზე ფიქრი ძნელი იყო.

იტალიამ მეტოქე შვიდჯერ დაალელოვა

შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ აპენინელთა მეორეხაზელი ფედერიკო რუცა დაასახელეს.
26 სექტემბერს იტალია კანადას ეთამაშება და დიდი ალბათობით, მსოფლიო თასზე მე-2 გამარჯვებას იზეიმებს, ნამიბიელებს კი 28-ში სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთი რთული მატჩი ელით.

ასევე დიდი იყო ერთი გუნდის უპირატესობა მეორესთან საპოროში გამართული შეხვედრაში, რომელშიც C ჯგუფის და სრულიად ტურნირის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ინგლისმა ტონგას 35:3 სძლია.

მანუ ტუილაგიმ ტონგელებთან დუბლი შეასრულა

ინგლისელთაგან დუბლი მანი ტუილაგიმ შეასრულა, თუმცა, ედი ჯონსი დიდად კმაყოფილი მაინც ვერ დარჩებოდა, რადგანაც მისმა გუნდმა ბონუს-ქულის მომტანი მე-4 ლელო მხოლოდ ბოლო წუთებზე დადო, მანამდე კი, ხელით თამაშში ბევრი წუნი ჰქონდა.

“ვარდებს” მომდევნო შეხვედრა 26 სექტემბერს აშშ-სთან ელით, ტონგა კი 28-ში არგენტინას გაეჯიბრება.

📺 იტალია - ნამიბია 35:3

კომენტარები

ბოლო ამბები