Thumbnail

'ბევრს ვეცადე, მაგრამ...' - ტოჩინოშინი ოქტომბრის ბოლოს ოძეკობას დაემშვიდობება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ოძეკის რანგს ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაკარგავს
  • ქართველი სუმოისტის კომენტარი მიოგირიუსთან მარცხის შემდეგ

აკი ბაშო წარუმატებელი გამოდგა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე), სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს მან საბედისწერო, მე-8 მარცხი იგემა და კადობან ოძეკისთვის დათქმული დადებითი ბალანსი მიუღწეველი გახდა. 

შესაბამისად, ტოჩინოშინი მხოლოდ 28 ოქტომბრამდე იქნება ოძეკის (ჩემპიონი) რანგში, შემდეგ კი მას ახალ ბანძუკეში (რეიტინგ-ლისტი) სეკივაკეს რანგში გაამწესებენ. წლის ბოლო ბაშო 10-24 ნოემბერს ფუკუოკაში გაიმართება.

როგორ შეიძლება დაიბრუნოს ოძეკის ტიტული? როგორც ერთხელ უკვე მოახერხა - ნოემბრის ბაშოზე 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს!

ტოჩინოშინი მხოლოდ მე-4 სუმოისტია (მას მერე ოძეკის რანგის თანამედროვე სისტემა დამკვიდრდა), ვინც ორჯერ დაკარგა ოძეკის ტიტული, თანაც, მან ეს ერთი წლის განმავლობაში "მოახერხა". 

საბედისწერო ორთაბრძოლა მიოგირიუსთან

წარუმატებლობის მიუხედავად, იაპონური მედია არ ივიწყებს, თუ რა მდგომარეობაში უწევდა ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულის დაცვა. მარჯვენა მუხლი ბოლომდე ვერ მოიშუშა და ისე ჭიდაობდა, ასევე მცირედით აწუხებდა მარცხენა მხარიც. ამის მიუხედავად, ტოჩინოშინი თითქმის ბოლო დღემდე ინარჩუნებდა დადებითი ბალანსის შანსს.  

ტოჩინოშინის კომენტარი მიოგირიუსთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ: "ამ ბაშოზე ძალიან ვცდილობდი, ბევრს ვშრომობდი. სამწუხაროდ, ეს ის შედეგია, რასაც მივაღწიე. ფეხი უნებდლიედ გადავდგი და იმ წამსვე მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა".

აკი ბაშოს ბოლო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი გოეიდოს ხვდება, ვისთანაც ურთიერთშეხვედრებში 10:17-ს აგებს. არცერთი რიკიშისთვის ამ ბრძოლას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ტოჩინოშინი დადებით ბალანსს ვეღარ შეწვდება, გოეიდო - იმპერატორის თასს. 

კომენტარები

ბოლო ამბები