Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ლომთაძე ოქროსთვის იბრძოლებს, ოდიკაძე - ბრინჯაოსთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახეთში მედლებისთვის კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს
  • ბექა ლომთაძემ ფინალში იასპარეზებს, ელიზბარ ოდიკაძე - რეპეშაჟში

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მედალი გაინაღდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ (61 კგ). ქართველი ფალავანმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ოქროს მედლისთვის რუს მაგომედრასულ იდრისოვს შეხვდება. ეს დაპირისპირება 22 სექტემბერს გაიმართება.

დღეს ხალიჩაზე საასპარეზოდ ოთხი ქართველი მოჭიდავე გავიდა. ლომთაძემ 1/8-ფინალში მოლდოველ მიჰაი ესანუს სძლია (10-0), 1/4-ფინალში კი ამერიკელ ტილერ ლი გრაფს აჯობა (3-1). ნახევარფინალში ბექამ ინდოელი რაჰჰულ ბალასაჰებ ავარე დაამარცხა (10-6).

ელიზბარ ოდიკაძეს ყაზახეთში ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს

რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას ელიზბარ ოდიკაძე (97კგ), რომელიც 1/4-ფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან დამარცხდა (0-6). ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ელიზბარმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გააგრძელების შანსი მიიღო. მანამდე ოდიკაძემ ირანელ ალი ხალილ შაბანიბერნგარს აჯობა (11-8).

ასპარეზობა ადრევე დაასრულეს სანდრო ამინაშვილმა (86) და ნიკა კენჭაძემ (79). ამინაშვილმა საკვალიფიკაციოში ბერძენ გეორგიოს სავოულიდისს კი მოუგო (9-0), მაგრამ 1/16-ფინალში უზბეკ ჯაბრაილ შაპიევს ვერ გაუმკლავდა (3-6). კენჭაძემ პირველივე შეხვედრა სომეხ გრიგორ გრიგორიანთან წააგო (6-7).

61 და 97 კგ წონით კატეგორიებში ფინალური ბლოკი 22 სექტემბერს, 16.00 საათზე დაიწყება.

დღეს კი, 21 სექტემბერს, ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაეჭიდება, ხოლო ბრინჯაოსთვის ირაკლი მწითური (92) ყაზახ ნურგალი ნურგაიპულთან იბრძოლებს. დღესვე ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო ზურაბ იაკობიშვილმა (70).

კომენტარები

ბოლო ამბები