- მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა თავის თანაშემწეზე ისაუბრა
- 37 წლის მიკელე არტეტა პეპთან 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობს
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბში თავის თანაშემწეზე ისაუბრა. კატალონიელი სპეციალისტის თქმით, სწორედ მიკელე არტეტა ესახება მას სიტის მომავალ მთავარ მწვრთნელად.
"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მე არტეტა შემცვლის. მას წინ დიდი მომავალი აქვს. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ის ახალგაზრდა მწვრთნელია, მაგრამ უკვე აქვს დიდ ფეხბურთელებსა და კლუბებთან მუშაობის გამოცდილება.
არაჩვეულებრივია მისი შრომის ეთიკა. არტეტა ფლობს განსაკუთრებულ ტალანტს, გააანალიზოს მომხდარი და მოძებნოს გამოსავალი. ის უკვე არის ბრწყინვალე მწვრთნელი
და მას წარმატებები ელოდება.
არტეტა ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით კი პირველ სეზონში, მგონი სტოკ სიტისთან მატჩში. მან ჩვენზე უკეთესად იცოდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შესახებ, რადგან მათ წინააღმდეგ ნათამაშები ხშირად ჰქონდა", - ამბობს გვარდიოლა, რომელმაც გასულ ზაფხულს განაცხადა, რომ "ეტიჰადზე" დარჩენას კიდევ ორი სეზონის განმავლობაში იმედოვნებს.
მიკელე არტეტა გვარდიოლას ასისტენტად მანჩესტერ სიტიში 2016 წლიდან მუშაობს, როდესაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. 37 წლის ესპანელი ფეხბურთელობის დროს, ნახევარმცველის პოზიციაზე გამოდიოდა ევერტონსა და არსენალში. ასევე თამაშობდა ბარსელონა ბ-ში, პსჟ-ში, რეინჯერსსა და რეალ სოსიედადში.
ხოსეპ გვარდიოლა ქალაქელების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობს, არტეტასთან ერთად კი ის ორჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული.
მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში გასული ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს გვარდიოლას გუნდი 21 სექტემბერს, შინ უოტფორდთან ჩაატარებს.
კომენტარები