Thumbnail

'იქ არის მწვრთნელი' - ჟოზე მოურინიოს პასუხი რეალში დაბრუნებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 56 წლის პორტუგალიელს ზიდანის სავარაუდო შემცვლელებს შორის ასახელებენ
  • უმუშევრად დარჩენილი სპეციალისტი ამ თემაზე საუბარს სიფრთხილით ეკიდება

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ბევრი იწერება. ზინედინ ზიდანის გუნდის პარიზული ფიასკოს (0:3) შემდეგ, მის სავარაუდო შემცვლელებს შორის ჟოზე მოურინიოს კანდიდატურაც დასახელდა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა, ამჟამად მხოლოდ ტელევიზიასთან თანამშრომლობს.

ზიდანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სასტარტო მატჩი პსჟ-სთან უშანსოდ წააგო

"ჩემთვის დიდი პატივი იქნება რეალში მუშაობა. ზიდანი კი არ არის რიგითი მწვრთნელი მადრიდული კლუბის ისტორიაში. ვისურვებდი, რომ მის გარშემო ვითარება დამშვიდდეს. ამ დროისთვის მე ნამდვილად არ მსურს რეალში დაბრუნება, რადგან იქ უკვე მუშაობს მწვრთნელი. საქმეს მაშინ დავუბრუნდები, როცა დავუბრუნდები.

ვმუშაობ ტელევიზიაში, ვიღებ სიამოვნებას და ვსწავლობ", - ამბობს პორტუგალიელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედიდან 2018 წლის დეკემბერში, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს.

ზინედინ ზიდანი რეალში გასული სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდა და თანამდებობაზე არგენტინელი სანტიაგო სოლარი შეცვალა. ესპანეთის ჩემპიონატში გასული 4 ტურის შემდეგ, რეალს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამეა. მომდევნო, მე-5 ტურში, რეალი 22 სექტემბერს სტუმრად სევილიას დაუპირისპირდება.

ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალს 2010-13 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა (2011/12 წლების სეზონი), ესპანეთის თასი (2010/11) და ესპანეთის სუპერთასი (2012) მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები