Thumbnail

მარცხი მეოთხედფინალში! ბასილაშვილი ცონგას ტრავმის გამო დანებდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
  • საქართველოს პირველმა ჩოგანმა თამაში მესამე სეტში შეწყვიტა

მეცის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ATP-ის 250-იანი სერიის შეჯიბრია, საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას (61) დაუპირისპირდა და მესამე სეტში მეტოქეს ტრავმის გამო დანებდა - 7:5, 3:6, 1:4.

პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბრეიკის აღებას ვერ ბასილაშვილი ახერხებდა და ვერც ცონგა. საბოლოოდ მაინც ნიკამ მოახერხა ცონგას მოწოდების მოგება - ბასილაშვილმა ეს მე-11 გეიმში გააკეთა, როდესაც ანგარიში 5:5 იყო. მომდევნო გეიმი ქართველმა მესამე სეტპოინტით მოიგო და პირველ სეტში 7:5 დააფიქსირა.

მეორე სეტში ცონგამ მეორე გეიმიდანვე მოიპოვა უპირატესობა - სწორედ მეორე გეიმში შეძლო მან ბასილაშვილის მოწოდების მოგება. ბრეიკის აღების შემდეგ ფრანგმა საკუთარი მოწოდებაც მოიგო და ანგარიში მის სასარგებლოდ 3:0 გახდა. საბოლოოდ, ნიკამ სეტი 3:6 წააგო.

სამწუხაროდ, მესამე და გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა - ნიკა ხელის ტრავმამ შეაწუხა. მესამე და მეხუთე გეიმებში მან საკუთარი ჩაწოდებები დათმო და ცონგას იმ დროს დანებდა, როცა ანგარიში ფრანგის სასარგებლოდ 4:1 იყო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორეში კი გერმანელი იანიკ მადენი (129) ორ სეტში დაამარცხა - 6:2, 7:6 (8:6).

კომენტარები

ბოლო ამბები