Thumbnail
  • ბათუმის დინამო 1:0 საბურთალო | გოლი: 1:0 ფლამარიონ ჯოვინო (74)
  • მწვრთნელებისა და გოლის ავტორის კომენტარი მატჩის შემდეგ

საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის დინამომ თბილისის საბურთალო ფლამარიონ ჯოვინოს ულამაზესი გოლით 1:0 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. გია გეგუჩაძის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა - ბათუმელები სატურნირო ცხრილს 58 ქულით ლიდერობენ და ახლა უკვე 4 ქულით უსწრებენ თბილისის დინამოს, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული (დინამო თბილისი 21 სექტემბერს საჩხერის ჩიხურას ეთამაშება).

მატჩის დასრულების შემდეგ თამაში გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და გამარჯვების გოლის ავტორმა შეაფასეს:

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
“როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა, რადგან ერთმანეთს ორი ძალიან კარგი გუნდი ხვდებოდა. ამ სამ ქულას ჩვენთვის პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თამაში ფრთხილად დავიწყეთ. არცერთ გუნდს არ დავუკარგავ მონდომებას, თუმცა გარდამტეხი ალბათ მაინც ის იყო, რომ საბურთალო კაცნაკლული დარჩა. ეს დამატებითი სტიმული იყო იმისათვის, რომ შეტევები გაგვეძლიერებინა და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს, რადგან ბოლომდე დაიხარჯნენ და კარგად შეასრულეს გეგმა, რომელიც გვქონდა. სეზონის დასრულებამდე 8 თამაშია დარჩენილი და დრო გვიჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მოგებას.” 

გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)
“10 კაცით თამაში ყოველთვის რთულია - მით უმეტეს ასეთ კარგ გუნდთან. წითელმა ბარათმა მატჩზე, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია. ამის შემდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა. ბათუმში ჩვენი მიზანი მოგება იყო, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ - როგორ გამოგვდის, ეს უკვე მეორე საკითხია. დღეს არ გამოგვივიდა. თამაშზე მეტად ეს უფრო ბრძოლა იყო, რომელიც ბათუმის დინამომ მოგვიგო.”

ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი)
“ძალიან ბედნიერი ვარ! გოლზე მეტად სამი ქულის აღება გამიხარდა. მოედანზე მოსაგებად გავედით და მიზანს მივაღწიეთ. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ გოლის გატანა მშვენიერი იყო, მაგრამ ქულები უფრო მნიშვნელოვანია.”

ფლამარიონ ჯოვინოს გოლი საბურთალოს კარში

კომენტარები

ბოლო ამბები