Thumbnail

პარიზის გრანდ სლემი - შავდათუაშვილი ოქროსთვის, პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები წლის პირველ ტურნირში ჩაება.
  • პარიზის გრანდ სლემზე, რომელიც 10-11 თებერვალს გაიმართება, საქართველო 12 ძიუდოისტით გამოდის.
  • საქართველოს ნაკრებს პირველ დღეს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

პარიზში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი, სამ წონით კატეგორიაში ჩაება, მათგან ორი კი მედლებისთვის იბრძოლებს - ლაშა შავდათუაშვილი ოქროსთვის, ამირან პაპინაშვილი - ბრინჯაოსთვის.

73 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში ლაშას მეტოქე კოსოვოელი აკილ გჟაკოვა იქნება, 60-ში ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი პაპინაშვილი ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდება.  ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:00 სთ-იდან დაიწყება.

უმჩატეს წონაში ჩვენმა ორივე წარმომადგენელმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. პაპინაშვილმა ჯერ გერმანელ მორიც პლაფკისს აჯობა სუფთად, შემდეგ კი ფრანგ რიჩარდ ვერგნესს.

ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორს ნახევარფინალში მეტოქედ იაპონელი ტორუ შიშიმე ჰყავდა, რომელთანაც დამატებით დროში, მესამე გაფრთხილებით წააგო.

ამირან პაპინაშვილს პარიზის გრანდ სლემზე კარიერაში 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო აქვს მოგებული.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ესპანელ ხოაკინ გომისთან წარმატების შემდეგ, 1/4-ფინალში ბრაზილიელ ფელიპე ფელიმთან შეხვედრა დამატებით დროში მიღებული მესამე გაფრთხილებით დათმო. ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ფრანგ სედრიკ რევოლთან ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად გამოვიდა ვაჟა მარგველაშვილი. ევროპის ქართველი ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება და სასტარტო შეხვედრაშივე წააგო ალჟირელ ჰოუდ ზოურდანისთან. 

რაც შეეხება ფინალისტს, ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის ტატამზე გამოსვლა მეორე წრეში, კანადელ ანტოინ ბოუჩარდთან იოლი გამარჯვებით დაიწყო. ლაშამ მეტოქე ორწუთნახევარში დააიპონა.

ოლიმპიურმა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა მესამე წრეში უკვე სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი დაამარცხა ვაზარით.

1/4-ფინალში კი გერმანელ იგორ ვანდტკეს ჯერ ვაზარით უგებდა, შემდეგ კი დააიპონა.

1/2-ფინალში ლაშას მეტოქედ სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი ჰყავდა, რომლის დასაიპონებლად წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები