Thumbnail
  • 📅 21 სექტემბერი | ⌚ 22:45 | ⚽ მილანი V ინტერი
  • სერია A-ს მე-4 ტურის მთავარი მატჩი სან სიროზე ჩატარდება
  • როსონერის დერბიში დიდი ხანია არ გაუმარჯვია
  • ნერაძურის სამზარეულოში ყველაფერი წესრიგში არაა 

შაბათს იტალიის ჩემპიონატში გამორჩეული დაპირისპირებაა - მილანური დერბი (Derby della Madonnin), რომელსაც იტალიური ფეხბურთის ყველა თაყვანისმცემელი განსაკუთრებული ინტერესით ელის. სეზონის წინ ორივე გუნდში, სხვასთან ერთად, მწვრთნელებიც შეიცვალა და საინტერესოა, რომელი უფრო კარგად ხვდება მომავალ დაპირისპირებას - მარკო ჯამპაოლოს მილანი თუ ანტონიო კონტეს ინტერი.

მილანი

როსონერიმ გასული სეზონიც ჩააგდო. გუნდი ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრასთან, მაგრამ ჯენარო გატუზოს შეგირდებმა საბოლოოდ ინტერთან ბრძოლა წააგეს. 

📷 როსონერი დერბისთვის ემზადება

ზაფხულში გუნდი მარკო ჯამპაოლომ ჩაიბარა, რომელსაც დებიუტი ვერ გამოუვიდა - მილანი სტუმრად უდინეზესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. სეზონის პირველი გამარჯვება მილანელებმა მეორე ტურში, საკუთარ მოედანზე ბრეშიასთან იზეიმეს (1:0), თუმცა ბოლო შეხვედრაშიც არ გამოიყურებოდნენ დამაჯერებლად - ვერონა უკვე პირველ ტაიმში დარჩა კაცნაკლული, მატჩის ბედი როსონერის სასარგებლოდ კი საკამათო 11-მეტრიანმა გადაწყვიტა (1:0).

კშიშტოფ პიონტეკის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ერთი გოლია და ისიც პენალტიდან

ვერონა ახლა აღარავის ახსოვს. შაბათს, "სან სიროზე" უშეღავათო დაპირისპირება უნდა გაიმართოს. ჯამპაოლოს გუნდში მილანურ დერბის ტრავმირებული მატია კალდარა ხვდება, დავიდე კალაბრიას კი დისკვალიფიკაცია აქვს.

ინტერი 

სეზონის სტარტი ანტონიო კონტეს გუნდს გაცილებით უკეთესი გამოვიდა, ვიდრე მის ამჟამიდნელ მეტოქეს და ეს გასაკვირი არაა, “ნერაძურის” მიერ განხორციელებული ტრანსფერების გათვალისწინებით. 

კონტემ ინტერთან ერთად ჩემპიონატში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა

ასე თუ ისე, ინტერმა თავდაპირველად შინ ლეჩე გაანადგურა (4:0), შემდეგ კი კალიარისა (2:1) და უდინეზეს (1:0) აჯობა. სამიდან სამი მოგებითა და ცხრილში ლიდერობით, კონტეს გუნდი ჩემპიონთა ლიგას ამაღლებული განწყობით კი შეხვდა, მაგრამ ბევრისთვის გასაკვირად, ინტერმა შინ მოკრძალებულ სლავიასთან მხოლოდ ქულა მოიპოვა. თანაც, მარცხს თამაშის მიწურულს გადაურჩა. 

ეგ კი არა, წარუმატებლობაში დამნაშავის ძიებამ, ინტერის ფეხბურთელები ერთმანეთს გადაკიდა. იტალიურ მედიაში გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სლავიასთან მატჩის დროს, შესვენებისას, გასახდელში ერთმანეთზე რომელუ ლუკაკუმ და მარსელო ბროზოვიჩმა გაიწიეს, მათ შუაში კი ალექსის სანჩესი ჩადგა… ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კონტეს გუნდში ყველაფერი იდეალურად არაა.

ლუკაკუმ 3 მატჩში 2 გოლი უკვე შეაგდო, სანჩესმა ჯერ ვერცერთი

მილანთან თამაშის წინ, ანტონიო კონტეს შემადგენლობაში დაშავებული და დისკვალიფიცირებული არავინ ჰყავს.

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ს წინა სეზონში ორივე მილანური დერბი ინტერმა მოიგო - ჯერ 1:0, შემდეგ 3:2.

⚽ მილანს ინტერთან ჩემპიონატში ექვსმატჩანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 3 მარცხი).

⚽ მილანმა სერია A-ში დერბიში მოგება ბოლოს 2016 წელს შეძლო. მოგვიანებით როსონერის კიდევ ერთი გამარჯვება თასზე ჰქონდა.

⚽ როსონერიმ ჩემპიონატის სამ სასტარტო შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

⚽ მარკო ჯამპაოლოს გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 4 საშინაო მატჩიდან ყველაში გაიმარჯვა. 

⚽ მილანმა სერია A-ში ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ სერია A-ში მილანის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ ინტერმა კარი მშრალად ბოლო სამი მატჩიდან (ყველა ტურნირი) მხოლოდ ერთში შეინახა.

⚽ ინტერმა ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩიდან ყველაში გაიმარჯვა, ბოლო 3-ში კი ტაიმიც მოიგო და მატჩიც.

⚽ სერია A-ში ინტერის ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან 7-ში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): დონარუმა - კონტი, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესიე, ბილია, ჩალჰანოღლუ - სუსო, პიონტეკი, რებიჩი.

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, ასამოა - პოლიტანო, სენსი - ლუკაკუ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები