Thumbnail
  • მსოფლიო რაგბის ინტერვიუ საქართველოს ნაკრების 9 ნომერთან
  • ვასილ ლობჟანიძე პირად ცხოვრებაზე, ნაკრებსა და საკლუბო კარიერაზე

2019 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ბორჯღალოსანთა კვაჭი ვანო კარკაძეა. ოთხი წლის წინ, 2015 წლის მსოფლიო თასზე, ყველაზე ახალგაზრდა ასევე ქართველი ვასილ ლობჟანიძე იყო. ტონგასთან მატჩის დღეს, ის მხოლოდ 18 წლის 340 დღის გახლდათ, რითაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე შეიქმნა.

მსოფლიო რაგბის პრესსამსახურმა ლობჟანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა და მორაგბის განვლილი 4 წელიც შეაფასა. ქართველმა მორაგბემ სტატიაში პირად ცხოვრებაზე, ბრივსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

რა შეიცვალა 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ?

ვასილ ლობჟანიძე: 2015 წლიდან საფრანგეთში გადავედი და ‘ბრივს’ შევუერთდი, სადაც დიდი გამოცდილება შევიძინე. ასევე დიდი სარგებელი მომცა ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრებმა (45 კეპი, 8 ლელო). ამ ოთხ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლე და პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა.

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. ჩვენი სახელები მთელმა საქართველომ იცოდა, განსაკუთრებით - ჩემი, რადგან ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გავხდი, ვისაც მსოფლიო თასზე ოდესმე უთამაშია.

ამან თავდაჯერებულობა შემმატა და პასუხისმგებლობაც მომემატა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, თუმცა, ვცდილობ გამოცდილება გამოვიყენო და ისე მოვიქცე, როგორც უფროსი ასაკის მორაგბე".

პირადი ცხოვრება

ვასილ ლობჟანიძე: "ამ მხრივაც შევიცვალე, დავოჯახდი და შვილი ნიკოლოზი შემეძინა. ის მაშინ დაიბადა, როდესაც 2018 წელს იაპონიაში ვიყავი. შვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვნახე, როდესაც უკვე 4 დღის იყო. ამის შემდეგ საფრანგეთში მომიწია წასვლა და საბუთების მოსაწესრიგებლად და ვიზის ასაღებად დაახლოებით სამი თვე დამჭირდა. ჩემი ოჯახი ბრივში მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიდა. შვილის შეძენამ დიდი მოტივაცია მომცა, ახლა უფრო მონდომებით ვთამაშობ და ვიმედოვნებ, რომ მამის მსგავსად ისიც მორაგვე გახდება.

მყავს ტყუპისცალი და, რომელზეც დაახლოებით 10 წუთით უფროსი ვარ. ასევე - ორი უფროსი და და ერთი უფროსი ძმა, რომელთაც ბევრი შვილები ჰყავთ. ერთ დას - ორი გოგო, მეორეს - სამი ბიჭი, ძმასაც ორი გოგო ჰყავს, ასე რომ, ახლა ოჯახში 8 ბავშვია. დიდი ქართული ოჯახი ვართ“.

ვასილ ლობჟანიძე შვილთან ერთად

ყველაზე გამოცდილი ახალგაზრდებში

ვასილ ლობჟანიძე: "დაახლოებით იმ ასაკის ვარ, რა ასაკისაც გუნდის სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ, რომ ვინმეზე უფროსი, ან უკეთესი ვარ. ვცდილობ გამოცდილების გამოყენებას, უფროსი ასაკის მოთამაშესავით მოქმედებას, თუმცა მთლიანობაში, ყველა ერთ დონეზე ვართ.

ყველანი ერთად ვვარჯიშობთ და ერთად ვასრულებთ რთულ სამუშაოს. ზოგჯერ ისინი მეხმარებიან, ზოგჯერ მე ვეხმარები. ჩვენს შორის არანაირი იერარქია არაა“.

ლობჟანიძე მეორე მსოფლიო თასს ითამაშებს

ბრივი და მომავალი სეზონი კლუბში

ვასილ ლობჟანიძე: 'ბრივში’ ქართველმა მორაგბეებმა გაამართლეს, რამაც ჩვენებურთა მიმართ ნდობის ზრდა განაპირობა და 2019/2020 წლების ტოპ 14-ის სეზონში, ამ გუნდის ღირსებას ერთბაშად 8 ქართველი დაიცავს.

ბრიველი ქართველები მთელ დღეს ერთად ვატარებთ. ახლო მეგობრები, ფაქტობრივად ერთი ოჯახი ვართ. რადგან ერთ კლუბში ვვარჯიშობთ, ჩვენთვის ნაკრებში თამაშიც უფრო იოლია.

კლუბში ყველაზე კარგად ტოპ 14-ის პლეი ოფი მახსენდება. მაშინ ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ და გამარჯვება მოვახერხეთ. ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესოდ ჩემი პირველი თამაში იყო მაგონდება, 2015 წელს, გერმანიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები