Thumbnail

Borderlands 3 - წლის თამაში თუ დიდი იმედგაცრუება?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ცნობილი ფრენჩაიზის მესამე ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია!
  • გეიმერებმა თამაშში რამდენიმე შეცდომა აღმოაჩინეს!

''ბორდერლენდსის'' პირველი თამაში 10 წლის წინ გამოვიდა, და, შეიძლება ითქვას, რომ ''შუთერის'' ჟანრში რევოლუცია მოახდინა. თამაშმა სწრაფი ტემპი და როლური ელემენტები ერთმანეთს შეუთავსა და ისეთ თამაშებზე მოახდინა გავლენა, როგორიცაა ''Doom,'' ''Division'' და ''Warframe.''

''ბორდერლენდს 3''-ის გამოსვლამდე, 2K Games-მა ფანებს დამატებითი პრიქველი შესთავაზა, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, თუმცა, ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის მიუხედავად,  ''ბორდერლენდს 3''-ზე გეიმერები დიდ იმედებს ამყარებდნენ: თამაშის მეორე და მესამე ნაწილებს შორის პაუზა შვიდი წელი გამოდგა და, ახლა, როცა ვიდეოთამაშების დეველოპერებს შორის კონკურენცია დიდია და ყველა სტუდია ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გამოუშვას თამაშები, შვიდი წელი საკმაოდ დიდი დროა იდეალური თამაშის შესაქმნელად, თუმცა, ''ბორდერლენდს 3-ის'' ირგვლივ სკანდალი ჯერ კიდევ თამაშის გამოსვლამდე დაიწყო.

თამაშის გამოსვლამდე...

ალბათ, გეცოდინებათ, რომ გეიმ დეველოპერები, თამაშის გამოსვლამდე, გეიმინგის სამყაროში ცნობილ გამოცემებს, იუთუბერებს, ბლოგერებს და სთრიმერებს თამაშებს უფასოდ აძლევენ გასატესტად და რეცენზიის დასაწერად. 2K Games-მა კი საპირისპირო გზა აირჩია: თამაშის ადრეული წვდომის კოდები მხოლოდ რამდენიმე ბროგერს გაუგზავნა და მათაც, თამაშის გამოსვლამდე რეცენზიის დაწერა აუკრძალა. სტუდიამ თავისი შემფასებლების სიიდან გამოტოვა ცნობილი გეიმერული გამოცემები Kotaku, რომელმაც გასულ წელს ამ სტუდიის შესახებ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. საერთო ჯამში, თამაშს გამოსვლის დროს სულ 35 რეცენზია ჰქონდა და საშუალოდ 8,5 ქულა დააგროვა 10 დან, რაც, ამხელა მასშტაბის თამაშისთვის ძალიან ცოტაა. ბლოგერები და გეიმერები ღიად გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას და ვარაუდობდნენ, რომ თამაში იმდენად ცუდი იყო, რომ სტუდიას უარყოფითი რეცენზიებისა და გაყიდვებს ''ჩავარდნისა'' ეშინოდა.

სიუჟეტი

''ბორდერლენდს 3'' ამავე სახელწოდების ფრენჩაიზის მეოთხე თამაშია და ისტორიაც წინა თამაშების გაგრძელებაა. მისიების უმეტესობა პლანეტ პანდორაზე ხდება, რომელზე, ლეგენდის მიხედვით, არსებობს საცავები, სადაც უამრავი გაჯეტისა და ძვირფასი ნივთების პოვნა შეიძლება. პერსონაჟების, რომელთაც მონადირეებს უწოდებენ, მისიაც  სწორედ ამ საცავების პოვნაა. თამაში შეგიძლიათ მარტო ან მეგობრებრებთან ერთად, კომპიუტერის ან სხვა მოთამაშეების წინააღმდეგ. 

გეიმფლეი და სიახლეები

თამაში, მიუხედავად იმისა, რომ იდეალური ნამდვილად არ არის და უამრავი ''ბაგიც'' აქვს (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ დეტალურად), არც ისეთი ცუდია, როგორც გეიმერებს ეშინოდათ. საბრძოლო სისტემა (combat) ნამდვილად სწრაფი, დაძაბული და მოქნილია და თამაშში თუ მაინცდამაინც განსაკუთრებული სიუჟეტის მოლოდინით არ შეხვედით, საბრძოლო სისტემა ნამდვილად მოგხიბლავთ. 

ახალი თამაში ბორდერლენდსის ტრადიციებს არ ღალატობს - წინა თამაშებთან მსგავსება აშკარაა, თუმცა სიახლეც ბევრია; მაგალითად, თითეულ პერსონაჟს (Vault Hunter-ს) ერთის ნაცვლად, სამი დამატებითი უნარი აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ გუნდში, ორი ადამიანის მიერ ერთი და იმავე პერსონაჟის არჩევა პრობლემას აღარ შეგიქმნით. პერსონაჟების სპეციფიკაციები დაიხვეწა და, მაშინაც კი, თუ თქვენ და თქვენი მეგობარი ერთი და იმავე პერსონაჟით, მაგალითად, FL4K-ით თამაშობთ, შესაძლოა, სრულიად სხვადასხვა უპირატესობა შესძინოთ თქვენს გუნდს. ასეთი მოქნილობა, თამაშის სიცოცხლეს ახანგრძლივებს და, გამორიცხული არ არის, მისი თავიდან ''დახურვა'' რამდენიმე წლის შემდეგაც მოგინდეთ.

სამწუხაროდ, რობოტებით ბრძოლა ( Vehicle combat ) ისევ დასახვეწია. რა თქმა უნდა, რობოტების სპეციფიკაციებიც გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა, მაგრამ, ბრძოლის დროს ისეთი მოქნილი არაა, როგორც ჩვეულებრივ, იარაღებიით ბრძოლა, თუმცა, საბედნიეროდ, რობოტების გამოყენება ყველა ბრძოლაში არ მოგიწევთ: ისინი მხოლოდ რამდენიმე მისიაშია აუცილებელი. თუმცა, იმ მისიებში, რომლებშიც რობოტები აუცილებლობას წარმოადგენს, ცოტა ოფლის ღვრა ნამდვილად მოგიწევთ.

დაიხვეწა თავად პერსონაჟების მოძრაობებიც: ბორდერლენდსის მესამე ნაწილში მუხლებზე სრიალი და კედლებზე აცოცება დაემატა, რაც ახალ, ვერტიკალურ მობილობას სძენს თამაშს. თანაც, უშველებელ ''ბოსთან'' ბრძოლისას, სიმაღლეზე პოზიციის დაკავებას რას სჯობია?!

სხვა ცვლილებები, რომელიც მოთამაშის კომფორტის ზრდას ემსახურება: სწრაფი მგზავრობა ( fast travel ) რუკის ნებისმიერ ადგილას გადასვლა მომენტალურად შეგიძლიათ. იარაღისთვის ტყვიების შეძენა ე.წ. სავაჭრო ავტომატებთან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუმცა, ამ სისტემას მინუსებიც აქვს: ადვილი შესაძლებელია თქვენი იარაღის შესაბამისი ტყვიები ვერ იპოვოთ და, საერთოდაც, ავტომატები ცუდად მუშაობს და დაუხვეწავია.

იარაღი და ბალანსი 

იარაღის მრავალფეროვნება და დახვეწილობა ''ბორდერლენდს 3-ის'' ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსია. რაც, ლოგიკურია: თამაშში ხომ სწორედ სირბილი და მოწინააღმდეგეების განადგურებაა მთავარი. იარაღის მორგება იოლია, ბრძოლის მექანიკა სწრაფად და კარგად მუშაობს. 

თამაშში ბევრაირი იარაღია და, ფრენჩაიზის წინა ნაწილებისგან განსხვავებით, სნაიპერის შაშხანები და ყუმბარმტყორცნები ბევრად უფრო სუსტია, ხოლო ახლო მანძილზე ბრძოლისთვის გამოსაყენებელი პისტოლეტები (განსაკუთრებით კი ისინი, რომელიც ''ელემენტურ'' სისტემაზე მუშაობენ), ზედმეტად ძლიერია. თუმცა, თუ ახლო მანძილზე ბრძოლა უფრო მოგწონთ, თქვენთვის ეს ალბათ დადებითი ცვლილებაა.

რამდენიმე იარაღს ალტერნატიული ცეცხლის რეჟიმი აქვს. მაგალითად, ზოგიერთი პისტოლეტით შეგიძლიათ მტრის ადგილსამყოფელი განსაზღვროთ. თამაშში არის SMG, რომელიც ცეცხლოვან ტყვიებსაც ისვრის და მოწამლულ ჭურვებსაც. ყუმბარმტორცნებს ერთი დიდი ძალის მქონე ყუმბარის ან რამდენიმე შედარებით პატარა ზომის რაკეტის გასროლა შეუძლიათ.  იარაღი ''ბორდერლენდს 3'' ძლიერი მხარეა: თამაში საშუალებას გაძლევთ, თქვენი უნიკალური სტილი გამოიმუშავოთ და ერთდროულად ბევრი სხვადასხვა იარაღის ტარება არ გიწევთ, რადგან ერთი პისტოლეტი რამდენიმეს ფუნქციებს ითავსებს. 

ღირს თუ არა ''ბორდერლენდს 3-ის'' ყიდვა? 

სამწუხაროდ, თამაშს გამოშვების დღიდან უამრავი ტექნიკური პრობლემა აქვს ყველა პლატფორმაზე. ''ბორდერლენდს 3'' Epic Games-ისა და 2k-ის თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებისთვის არ არსებობს თამაშის ოფიციალური ფორუმი, სადაც ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ და რეცენზიებს დაწერენ. თუმცა, ეს ხელს არ უშლით სხვა ფორუმებზე გამოხატონ საკუთარი უკმაყოფილება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა,  რომლებზეც  მოთამაშეები ხშირად ითხოვენ შევლას, FPS-ის (კადრი წამში) ხშირი ვარდნაა. ამას გარდა, აღნიშნავენ, რომ დაბალ გრაფიკულ დატვირთვაზეც კი, თამაშის ''დატვირთვა'' კომპიუტერზე ხშირად 0 %-ზე იჭედება და FPS ვარდება, შემდეგ კი ერთბაშად 100%-მდე ადის.

იგივე პრობლემა აქვთ კონსოლის მოთამაშეებსაც: FPS ხშირად ვარდება და ამავე დროს, გრაფიკის ხარისხი შუა თამაშის დროს უმიზეზოდ კლებულობს. სხვა პლატფორმებთან შედარებით, Xbox One-ზე უკეთესი სიტუაციაა და მოთამაშეები სტაბილური 30 FPS-ის შენარჩუნებას უმეტეს შემთხვევაში ახერხებენ. თუმცა, 30 FPS იდეალური ნამდვილად არ არის.

FPS-ის დავარდნა უფრო ბრძოლის სცენებს ახასიათებს, განსაკუთრებით კი რობოტებით ბრძოლის მისიებს. 

 ამ პრობლემის გადაჭრა Epic Games-ს ჯერ არ დაუწყია და არც ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ.

FPS-ის პრობლემის გარდა, თამაშში უამრავი ე.წ. ''ბაგია:'' ხშირად, მოთამაშეების სახელები უეცრად ეკრანიდან ქრება. მისიებზე ლოკაციის მარკერები იკარგება, ინვენტარში ნივთები ქრება და ჩნდება, სწრაფი მოგზაურობის რეჟიმი მუშაობას წყვეტს და ა.შ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, თამაში საერთოდ ''იქრაშება'' და განვლილი მისიების პროგრესსა და შენახულ ფაილებს შლის, რა დროსაც ყველაფრის ნულიდან დაწყება გიწევთ.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გირჩევდით, თამაშის შეძენისგან თავი შეიკავოთ. იქამდე მაინც, სანამ 2k და Epic Games რაიმე განახლებას გაუშვებს.

მონაცემები

თუ ''ბორდერლენდსის'' ფანი ხართ და, ყველა ხარვეზის მიუხედავად, მისი შეძენა მაინც გინდათ, მაშინ, იმაზე ვისაუბროთ, მოახერხებთ თუ არა თქვენი კომპიუტერით ''ბორდერლენდს 3-ის'' თამაშს.

მინიმალური მოთხოვნები ''ბორდერლენდს 3-ის'' გაშვებისთვის ასე გამოიყურება:

  • პროცესორი: AMD FX-8350 ან Intel i5-3570 
  • შიდა მეხსიერება: 6 GB
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64-bit | Windows 8 64-bit | Windows 10 64-bit
  • ვიდეოკარტა: NVIDIA GeForce GTX 680 / AMD Radeon HD 7970
  • პიქსელ შეიდერი: 5.0
  • ვიდეო პროცესინგი (შიდა მეხსიერების): VRAM: 2048 MB

რეკომენდირებული პარამეტრები კი ასეთია:

  • პროცესორი: AMD Ryzen 5 2600 ან Intel i7-4770
  • შიდა მეხსიერება: 16 GB
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64-bit | Windows 8 64-bit | Windows 10 64-bit
  • ვიდეოკარტა: NVIDIA GeForce GTX 1060 / AMD Radeon RX 590
  • პიქსელ შეიდერი: 5.1

პერსონალური კომპიუტერის გარდა, ''ბორდერლენდს 3-ის'' თამაში PS4-სა და Xbox One-ზეც შეგიძლიათ. თამაში Steam-ზე ჯერჯერობით არ არის, თუმცა, სავარაუდოდ მალე გაეშვება. იქამდე კი, მისი შეძენა ამაზონზე და epic games-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ. თამაშის ფასი 55,99 $-დან იწყება, თუმცა, ყველა იმ ''ბაგისა'' და ტექნიკური ხარვეზის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თავად გადაწყვიტეთ, რამდენად გიღირთ მსგავს თამაშში 60 $-ის გადახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები