Thumbnail
  • 📅 21 სექტემბერი | ⌚ 13:45 | 🏉 ახალი ზელანდია V სამხრეთ აფრიკა | პირველი არხი
  • ‘ოლ ბლექსი’ და ‘ქურციკები’ ერთმანეთს 99-ედ დაუპირისპირდებიან
  • მეტოქეთა ბოლო ოთხ მატჩში ორ ქულაზე მეტი სხვაობა არ დაფიქსირებულა

იაპონიაში დაწყებული მსოფლიო თასის მე-2 დღესვე რაგბის ქომაგი სუპერმატჩს იხილავს. იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ B ჯგუფის ფავორიტები ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა დადგებიან და ეს, ამ ნაკრებების 99-ე მატჩი იქნება.

საინტერესოა, რომ გუნდების ბოლო 20 შეხვედრიდან “ოლ ბლექსმა” 16 მოიგო და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა, თუმცა, უკანასკნელი 4 თამაში უაღრესად დაძაბულად წარიმართა. თავად განსაჯეთ: აღნიშნულ თამაშებში ერთხელ ფრე დაფიქსირდა, სამ შემთხვევაში კი, სხვაობა ორ ქულაზე მეტი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ზელანდიელებს და აფრიკელებს მსოფლიო თასის ისტორიაში 4-ჯერ უთამაშიათ, ყველა შემთხვევაში, საპლეიოფო სტადიაზე და თანაფარდობა აქვთ.

1995 წლის მსოფლიო თასის ფინალში “ქურციკებმა” 15:12 მოიგეს, 1999 წლის მე-3 ადგილისთვის მატჩში მათვე 22:18 იმარჯვეს, შემდეგ კი, ზელანდიელთა ჯერი დადგა. “ოლ ბლექსმა” 2003 წლის ტურნირის მეოთხედფინალში მეტოქე 29:9 დაამარცხა, 2015 წლის ნახევარფინალში კი – 20:18.
ზელანდიელებს მსოფლიო თასზე ზედიზედ 14 მატჩი აქვთ მოგებული და ეს, შეჯიბრის ისტორიაში ყველაზე დიდი სერიაა, ამასთან, აღნიშნულ თამაშებში “შავების” უპირატესობა საშუალოდ 30 ქულაში გამოიხატებოდა.

“ოლ ბლექსი” მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე არასდროს დამარცხებულა, ამგვარად, აქტივში 28 გამარჯვება აქვს. უარესი სტატისტიკა აქვს სამხრეთ აფრიკას, რომელსაც ზურგს 20 მოგება უმაგრებს, აფრიკელთა 2 მარცხი კი, 2003 და 2015 წლების ტურნირებს უკავშირდება, შესაბამისად, ინგლისთან და იაპონიასთან.

ცნობისთვის, “ქურციკებს” მსოფლიო თასზე ბოლო 8 მატჩიდან 3 აქვთ წაგებული, იმდენივე, რამდენიც მანამდე ჩატარებულ 28 თამაშში.

თავის მხრივ, ზელანდიელებს მინიმუმ 1 ლელო მსოფლიო თასის გასულ 26 შეხვედრაში დაუდიათ და ეს, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ბოლო შემთხვევა, როდესაც “ოლ ბლექსმა” ლელო ვერ დაამიწა, 1999 წელს... სამხრეთ აფრიკასთან მატჩში დაფიქსირდა.

გასაკვირი არაა, რომ ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის მეტოქეებმა უძლიერესი შემადგენლობები შეარჩიეს. “ოლ ბლექსის” თავკაც სთივ ჰანსენის გადაწყვეტილებით, ამჯერად, ფულბექის პოზიციაზე დაიწყებს თამაშს ბოდენ ბარეთი, ფორვარდებში კი გამოცდილი ხალხის სიმრავლე შეინიშნება: ნაკრების კაპიტანი ქიარან რიდი 115-ე მატჩს ჩაატარებს, სემ ვაითლოქი კი ეროვნული გუნდის მაისურს 112-ედ მოირგებს.

საინტერესოა, რომ აფრიკელთა დამრიგებელმა რასი ერაზმუსმა განაცხადში ზუსტად ის 23 მორაგბე შეიყვანა, რომელთაც ბოლო მოსამზადებელ მატჩში იაპონიას 41:7 სძლიეს. “ქურციკებმა” წინა მატჩის იდენტური შემადგენლობა უკანასკნელად 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში, სწორედ ზელანდიელებთან თამაშისთვის დაასახელეს.

მომავალი შეხვედრა გამორჩეული იქნება მესამეხაზელ დვეინ ვერმულენისთვის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2012 წელს ჩაატარა, ამჯერად კი, საიუბილეო 50-ე კეპს მოიხვეჭს. მის გარდა, “ქურციკების” სასტარტო თხუთმეტეულში 3 ნახევრად-ცენტურიონი იქნება – ვილი ლე’რუ, პიტერ-სტეფ დიუ’ტოი და იბენ ეცებეთი, კიდევ სამს (ტენდაი მთავარირა, ფრანსუა ლოუ, ფრანს სტეინი) კი თადარიგში ვხედავთ.

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა

ახალი ზელანდია: 1. ჯო მუდი, 2. დეინ ქოულზი, 3. ნეპო ლაულალა, 4. სემ ვაითლოქი, 5. სქოთ ბარეთი, 6. არდი სავეა, 7. სემ ქეინი, 8. ქიარან რიდი (კაპ.), 9. არონ სმითი, 10. რიჩი მოუნგა, 11. ჯორჯ ბრიჯი, 12. რაიან ქროთი, 13. ენთონ ლენართ-ბრაუნი, 14. სევუ რისი, 15. ბოდენ ბარეთი.
სათადარიგოები: 16. ქოდი თეილორი, 17. ოფა ტუჰუნგა’ფასი, 18. ენგას ტაჰავაო, 19. პეთ ტუი’პულოტუ, 20. შენონ ფრიზელი, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. სონი-ბილ ვილიამსი, 23. ბენ სმითი.

სამხრეთ აფრიკა: 1. სთივენ კიცჰოფი, 2. მალკომ მარქსი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დიუ’ტოი, 8. დვეინ ფერმიულენი, 9. ფაფ დე’კლერკი, 10. ჰანდრე პოლარდი, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 12. დამიან დე’ალენდე, 13. ლუკანიო ამი, 14. ჩესლინ კოლბე, 15. ვილი ლე’რუ.
სათადარიგოები: 16 ბონგი მბონამბი, 17. ტენდაი მთავარირა, 18. ტრევორ ნიაკანე, 19. არ-ხე სნეიმანი, 20. ფრანსუა ლოუ, 21. ჰერშელ იანკისი, 22. ფრანს სტეინი, 23. ჯესი კრილი.

კომენტარები

ბოლო ამბები