Thumbnail
  • იაპონიაში სარაგბო მსოფლიო თასი დაიწყო
  • მასპინძლებმა პირველ თამაშში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სარაგბო მსოფლიო თასი მასპინძელი იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების თამაშით გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონელებმა მატჩის მოგება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის საწყის წუთებში რუსები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და პირველი ლელოც დადეს.

მე-4 წუთზე რუსებმა მაღალი ბურთი დაკიდეს, რის შემდეგაც იაპონელ მორაგბეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და გოლოსნიცკიმ ლელო დადო, რომელიც კუშნარევმა გარდასახა. იაპონელებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და პირველი ტაიმი 12:7 მოიგეს - მაცუშიმამ დუბლი შეასრულა, ხოლო ტამურამ მხოლოდ ერთი გარდასახვა გაიტანა.

იაპონელებმა მეორე ტაიმში კიდევ 18 ქულა მოიპოვეს. ტამურამ 2 ჯარიმა გაიტანა, მაცუშიმამ კი მონაგარს კიდევ ერთი - მესამე ლელო შემატა. რუსებმა პირველი ტაიმის მონაგარს მხოლოდ ერთი ჯარიმა მიუმატეს და იაპონიამ მსოფლიო თასის პირველი შეხვედრა 30:10 მოიგო.

ამასთან, მასპინძლებმა 4 ლელოს დადების წყალობით, ბონუს ქულა აიღეს და ცხადია, ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. იაპონიის მომდევნო მეტოქე ირლანდია იქნება, ხოლო რუსეთი სამოას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები