Thumbnail
  • ქართველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა
  • ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას მწითური და იაკობიშვილი აგრძელებენ
  • ხვალ ხალიჩაზე კიდევ ოთხ ქართველ ფალავანს ვიხილავთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ხვალ ტრადიციულ მეტოქე თურქ ტაჰა აკგულს გაეჯიბრება.

📺 გენო პეტრიაშვილი - ბადჟა ხუტაბა

ქართველი მძიმეწონოსანი ყაზახურ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და კოსოვოელი ეგზონ შალა 13:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში ასევე ვადაზე ადრე საქმე სირიის სახელით მოასპარეზე აფხაზ ბადჟა ხუტაბას მოუთავა (14:4), ნახევარფინალში კი უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანოვსკის 6:2 სძლია და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საგზურიც გაინაღდა.

როგორც აღვნიშნეთ, ოქროს მედლისთვის შერკინებაში პეტრიაშვილის პირისპირ ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი აკგული დადგება, რომელმაც გზიდან მოლდოველი ალექსანდრ რომანოვი (8:0), უზბეკი ხასანბოი რახიმოვი (3:0) და ჩინელი ჟივეი დენგი (5:0) ჩამოიცილა.

ირაკლი მწითური

ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ირაკლი მწითური (92 კგ.), რომელმაც უნგრელ ბენდეგუშ ტოტს (8:0) და იაპონელ ტაკუმა ოცუს (5:0) დამაჯერებლად აჯობა, ნახევარფინალში კი ამერიკელ ჯეიდენ კოქსთან 0:3 დამარცხდა. ქართველი ფალავანი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ალჟირელ მოჰამედ ფარჯს და ყაზახ ნურგალი ნურგაიპულის შორის უმჯობესს შეერკინება.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსს ინარჩუნებს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი, რომელმაც მოლდოველი მიჰაილ სავა 2:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი დავიდ ბაევთან 0:7 წააგო.

ვინაიდან რუსი მოჭიდავე ფინალში გავიდა, იაკობიშვილი რეპეშაჟში გადაერთო და ძალებს ბელარუს ანდრეი კარპაჩთან მოსინჯავს. წარმატების შემთხვევაში, ზურაბი უზბეკ იხტიორ ნავრუზოვზე გავა და თუკი აქაც იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდება.

ზურაბ იაკობიშვილი

დღესვე, ყაზახურ ხალიჩაზე ავთანდილ კენჭაძეც (74 კგ.) გავიდა, თუმცა, ის, შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა. ქართველმა მოჭიდავემ პირველივე ორთაბრძოლა ფრანგ ზელიმხან ხაჯიევთან წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი მსოფლიოს პირველობას ნახევარფინალში გამოეთიშა, ავთოს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აღარ მისცემია.

აღნიშნულ წონებში ფინალური ბლოკი ხვალ 16:00 საათიდან დაიწყება, დილიდან კი საქმეში საქართველოს თავისუფალო სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ოთხ წევრს ვიხილავთ. ესენი ბექა ლომთაძე (61 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები