Thumbnail
  • ზინედინ ზიდანის გათავისუფლება რეალურია
  • მადრიდში ფრანგის შემცვლელზე ფიქრობენ

ცხადი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, პარი სენ-ჟერმენთან სამარცხვინო წაგება (0:3) ურეაქციოდ არ დარჩებოდა. მხოლოდ გულშემატკივრებისა და მედიის რეაქციას არ ვგულისხმობთ.

რეალის ფანებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ის ფაქტი იყო, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა პსჟ-ს ერთხელაც ვერ დაურტყა კარში ზუსტად (არჩათვლილ გოლებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში). 7 მცდელობიდან არცერთი იყო ზუსტი. 

რეალს ასეთი რამ ბოლოს 10 წლისა და 578 ოფიციალური მატჩის წინ დაემართა!

პარიზში ფიასკოს შემდეგ რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უმძიმესი წნეხის ქვეშაა. ესპანურ მედიაში უკვე დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ზიზუ. დიახ, ფრანგი ხელშეუხებელი აღარ არის!

ამავდროულად, ზიდანს და მის გუნდს მხოლოდ ფანები და ჟურნალისტები კი არა, უკვე ლეგენდარული მადრიდისტებიც აკრიტიკებენ. აი, რას ამბობს პრედრაგ მიატოვიჩი, რომელიც ჯერ ‘სამეფო კლუბის’ ვარსკვლავი იყო (გადამწყვეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის 1998 წლის ფინალში იუვენტუსთან), მერე სპორტული დირექტორი გახლდათ და რეალის შეფებთან დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს: “არა მგონია, რომ ზიდანს ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.”

მწვრთნელი ზიდანის სტატისტიკა რეალში

📌 ოფიციალური მატჩები ზიდანის დაბრუნების შემდეგ
7 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება

📌 ტესტ-მატჩების ჩათვლით
9 მოგება, 6 ფრე, 8 წაგება

📌 ზიდანის ჯამური სტატისტიკა
111 მოგება, 33 ფრე, 21 წაგება

ესპანური გამოცემა მარკა წერს, რომ ზიზუს კლუბში დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ნეგატიური სერიის გამო მას ხელმძღვანელობაში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სხვადასხვა გამოცემები კი აქტიურად წერენ ზიდანის პოტენციურ შემცვლელებზე.

📋 მეტი ამ თემაზე:

‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს რეალში ჟოზე მოურინიოს დაბრუნება სურს, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედიდან გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია. პორტუგალიელი მადრიდულ გრანდს 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა.

იმავე ‘მუნდო დეპორტივოს’ ცნობით, პერესი ძალიან სერიოზულად ფიქრობს ჩაბი ალონსოზეც, რომელიც წინა სეზონში რეალის 14-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. პერესი ნანობს, რომ ჩაბი რეალ სოსიედადში გაუშვა, სადაც მეორე გუნდის მწვრთნელია.

ჩაბი ალონსო

სერიოზული კანდიდატია რაულიც, რომელიც რეალის B გუნდის მწვრთნელია, თუმცა ‘მარკას’ ცნობით, რაულთან შედარებით, პერესი ამ ეტაპზე ჩაბი ალონსოს ანიჭებს უპირატესობას.

ესპანური მედია რეალთან აკავშირებს იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სახელსაც. მისი გადაბირება მადრიდელებს შარშანაც სურდათ, მაგრამ ალეგრიმ იუვენტუსში დარჩენა ამჯობინა, ახლა კი უმუშევარია.

ზინედინ ზიდანმა რეალს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა

 

კომენტარები

ბოლო ამბები