ცნობილმა ბულგარელმა გოლეადორმა დიმიტარ ბერბატოვმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა - ამის შესახებ მან თავის გულშემატკივრებს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ამცნო.
38 წლის ბერბატოვის კარიერის დასრულება არავის გაუკვირდა, რადგან ის ბოლოს 2018 წელს, ინდურ კერალა ბლასტერსში თამაშობდა, მას შემდეგ კი უკლუბოდ იყო.
“დიდი ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება, მაგრამ წასვლის დრო იყო. პროფესიულ ფეხბურთში 20 წელი გავატარე და იმედი მაქვს, რომ ჩემი გოლები კიდევ დიდხანს გემახსოვრებათ,” - განაცხადა ბერბატოვმა.
დიმიტარ ბერბატოვი საფეხბურთო ევროპამ 2000-იანი წლების დასაწყისში, ლევერკუზენის ბაიერიდან გაიცნო, სადაც 2006 წლამდე თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალში, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ბულგარელი შეცვლაზე ათამაშა. ის ფინალი ლევერკუზენმა მადრიდის რეალთან 1:2 წააგო (ზიდანის გოლს რა დაგავიწყებთ).
ლევერკუზენის შემდეგ, ბულგარელი ინგლისში გადავიდა და ტოტენჰემის თავდამსხმელი გახდა (70 თამაში, 27 გოლი), მერე კი მანჩესტერ იუნაიტედში 4 წელი ითამაშა (108 თამაში, 48 გოლი). ამის შემდეგ იყო ფულჰემში, მონაკოში, პაოკ-სა და ინდურ კერალაში. ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში მას 78 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი ხრისტო ბონევთან ერთად გუნდის ყველა დროის ბომბარდირია.
კომენტარები