- თორნიკემ 12 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინმა – 11
- ქართველი კალათბურთელები მომავალ კვირას ესპანეთის ჩემპიონატში ჩაებმებიან
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ახალი სეზონისთვის მზადების ციკლი გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან მატჩით დაასრულა. ბასკურმა გუნდმა მეტოქეს ალავიის თასისთვის ბრძოლა 78:75 მოუგო, შესაბამისი ჯილდო კი, თამაშის შემდეგ გუნდის ქართველმა კაპიტანმა ჩაიბარა.
შენგელიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28:36 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბასკონიამ პირველი მეოთხედი 16:27 წააგო, შემდეგ კი, ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო და სტუმრები ბოლო წამებზე “გატეხა”. წარმატებაში მცირე წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა. მისი მონაგარი 5 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი იყო.
შედეგიანად გაისარჯა ტენერიფელთა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი. ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:43 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 3 შეცდომა ჰქონდა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
იბეროსტარის რიგებში შეუჩერებელი იყო ფინეთის ნაკრების სნაიპერი სასუ სალინი, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოუგროვდა, ბრაზილიელმა ახალწვეულმა მარსელიონი უერტასმა კი 10 შედეგიანი პასი ჩამოარიგა, რასაც 6-6 ქულა-მოხსნა წაამატა.
ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს მომავალ კვირას აიღებს. 25 სექტემბერს ტენერიფელები ბილბაო ბასკეტს უმასპინძლებენ, 27-ში ბასკონია ესტუდიანტესს დაუხვდება, 26-ში კი სარაგოსას გაეჯიბრება ბექა ბურჯანაძის გრან კანარია, რომელიც დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას დღეს, მალაგაში, უნიკახასთან გამართავს.
კომენტარები