Thumbnail
  • 'ბორჯღალოსნებმა' ქალაქ ნაგოიაში ღია ვარჯიში გამართეს
  • მედიის კითხვებს ლევან მაისაშვილმა, დავით კაჭარავამ და გურამ გოგიჩაშვილმა უპასუხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ნაგოიაში ღია ვარჯიში გამართა.

2019 წლის მსოფლიო თასი ხვალ, თბილისის დროით 14:45 საათზე მასპინძელი იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრით იხსნება. საქართველო პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, 14:15 საათზე უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

''ბორჯღალოსანთა'' დაცვის მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა დავით კაჭარავასთან და გურამ გოგიჩაშვილთან ერთად, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

ლევან მაისაშვილს მერაბ შარიქაძის ტრავმასა და უელსის ნაკრებში მომხდარ სკანდალზე დაუსვეს კითხვები.

ლევან მაისაშვილი: ''მოცემული მომენტისთვის ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მას აქვს მცირედი პრობლემები და ჯერჯერობით ექიმებისგან პასუხი არ მიგვიღია. სწორედ მათ უნდა გვითხრან - შეძლებს თუ ვერა შარიქაძე უელსის წინააღმდეგ თამაშს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მათ პასუხს დაველოდოთ.

უელსი უმაღლესი დონის გუნდია. ყველა მისი მოთამაშე პროფესიონალია და არ ვფიქრობ, რომ მათთვის რომელიმე მორაგბის გამოკლება ცუდი თამაშის წინაპირობა გახდება“.

ჰოუვლი შესანიშნავი მწვრთნელია, მე მას პირადად ვიცნობ. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და ასეთი მწვრთნელის დაკარგვა იოლი საქმე არაა. უელსელებისთვის ეს ცუდია, მათზე წნეხი გაიზარდა, თუმცა ვიმეორებ - ისინი პროფესიონალები არიან“.

დავით კაჭარავა მე-4 მსოფლიო თასზე ითამაშებს. შოტლანდიასთან გამართული მატჩი მისთვის 116-ე იყო, რითიც სანაკრებო მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გადაუსწრო. 

დავით კაჭარავამ მილტონ ჰეიგზე, ნაკრების უკანა ხაზზე, მერაბ კვირიკაშვილის ტრავმასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

დავით კაჭარავა: ჩვენი უკანა ხაზის მოთამაშეები საგრძნობლად შეიცვალნენ. წინა წლებში დიდ იმედს ვამყარებდით მორკინალებზე, თუმცა ყველა მსოფლიო თასზე ვცდილობდით შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგან სხვა შემთხვევაში ქართული რაგბი არ შეიცვლება და პროგრესი ვერ გაგრძელდება. ვფიქრობ, 2007 წლის შემდეგ, ჩვენი ხაზი ყოველ მსოფლიო თასზე უკეთესი იყო და განვითარება გრძელდება“.

მილტონმა ქართული რაგბისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მწვრთნელებიც მოთამაშეებივით არიან - ისინი მოდიან და მიდიან. ასეთია ცხოვრება. მსოფლიო თასის შემდეგ, ქართული რაგბისთვის ახალი ერა დაიწყება. მე მჯერა მომავალი თაობის. ახალგაზრდა მორაგბეები ჩვენზე უკეთესები არიან. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორიც შოტლანდია და არგენტინა არიან, ასეთი რამ კი ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, მათ ყველაფერი შეუძლიათ“.

მწვრთნელებისთვის კვირიკაშვილის შემცვლელის მოძებნა რთული იქნება, რადგან მასზე მეტი ქართული რაგბისთვის არავის გაუკეთებია. ის ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ დაშავდა და მწვრთნელებს სხვა არჩევანის გაკეთება მოუწიათ.

21 წლის გურამ გოგიჩაშვილი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა მორაგბეთაგანია, რომელზე განსაკუთრებული ყურადრების მიქცევასაც რაგბის ექსპერტები გვირჩევენ. ის ტოპ 14-ის პარიზულ კლუბში, ‘რასინგ 92’-ში გასული სეზონის წინ გადავიდა, უმოკლეს დროიში დაიმკვიდრა ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და მეტსახელად "მებრძოლი მანქანა" შეარქვეს.

სპეციალისტებს განსაკუთრებით მოსწონთ მისი ხელის ტექნიკა და ბურთით თამაშის უნარი:

"ამაში განსაკუთრებული არაფერია. ესაა ნორმალური უნარები, რომელსაც რაგბის ყველა მოთამაშე უნდა ფლობდეს".

‘რასინგ 92’-ის სპორტული დირექტორი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე იანიკ ნიანგა ფიქრობს, რომ მას აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი. გოგიჩაშვილისთვის ასეთი შეფასება დამატებითი მოტივაციაა.

Juggling Georgian Prop

Three rugby balls. One Georgia prop. Guram Gogichashvili. It's over to you.

Posted by Rugby World Cup on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

გურამ გოგიჩაშვილი: ასეთი კომპლიმენტისთვის ნიანგას მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ იყოს მსოფლიოში საუკეთესო და ეს ჩემი ოცნებაცაა. ამის გამო არანაირ წნეხს არ განვიცდი. ეს დამატებითი მოტივაციაა და ყველა ვარჯიშზე საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო.

ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველო ფორვარდებით განთქმულია და ჩემთვის უდიდესი პატივია ამ შერკინების ნაწილად ყოფნა. მატჩის წინ გამოცდილი მორაგბეები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, რაც ძალიან გვეხმარება“.

#ბორჯღალოსნების ვარჯიში ნაგოიაში 💥 📸 Hagiwara Yasuo მსოფლიო თასი ხვალ იწყება! 14:45-ზე ტურნირს იაპონიისა და რუსეთის...

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები