Thumbnail

თუშიშვილს და ბექაურს ტაშკენტის გრან პრიზე ვიხილავთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უზბეკურ ტურნირზე მხოლოდ 2 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
  • გრან პრის ოთხასზე მეტი მონაწილე ჰყავს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 20-22 სექტემბერს დაგეგმილ გრან პრიზე მხოლოდ 2 ქართველი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური (90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა 12-15 სექტემბერს ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი არავის დაუთმო, ამჯერად კი, ძალებს უფროსებში მოსინჯავს.

ლაშა ტაშკენტში პირდაპირ მე-2 წრეშია დაშვებული, სადაც ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადის გაეჯიბრება, მისი წონის ფავორიტებიდან კი იაპონელი მაშუ ბეიკერი და რუსი ხუსენ ხალმურზაევი უნდა გამოვარჩიოთ.

ლაშა ბექაურმა იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო

ქომაგთა თვალში რეაბილიტაციას ეცდება თუშიშვილი, რომელიც იაპონიაში სულ რაღაც ოციოდ დღის წინ გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

გურამს პირველი განთესვა აქვს და ის მერვედფინალში ყაზახ იერასილ კაჟიბაევს და  ბელარუს იაჰორ კუხარენკას შორის უმჯობესს დაელოდება.

ტაშკენტის გრან პრის 71 ქვეყნის 423 მონაწილე ჰყავს, ქართველ ძიუდოისტებს კი ტატამზე შეჯიბრის დასკვნით დღეს, 22 სექტემბერს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები