Thumbnail
  • ლიდერ აშშ-ს მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი მიუახლოვდა
  • რეიტინგმა ოლიმპიადის კვალიფიკაციის ყველა მონაწილე გაარკვია

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფიბამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 10 პოზიციით დაქვეითდა და 164 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს პლანეტის უმთავრეს სანაკრებო ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მათ არაერთმა კონკურენტმა გადაასწრო.
საქართველოს ნაკრების მონაგარი 294.0 ქულაა და თუკი მხოლოდ ევროპულ ზონას ავიღებთ, ეს, მე-18 მაჩვენებელია.

რეიტინგის სათავეში კვლავინდებურად აშშ-ის ნაკრებია, რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა, ჩემპიონი ესპანეთი კი ლიდერს ძალიან დაუახლოვდა.

სამეულში შეაღწია ავსტრალიამ, რომელმაც ჩინეთში გამართულ შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლებისთვის ითამაშა, ევროპელთაგან კი საგრძნობი წინსვლა განიცადეს ჩეხეთმა (+14) და პოლონეთმა (+12), რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე, შესაბამისად, მე-6 და მე-8 პოზიციები ერგოთ.

ცნობისთვის, გასული შეჯიბრის შედეგებით, 2020 წლის ოლიმპიადის საგზურები ავტომატურად მიიღეს აშშ-მ, ესპანეთმა, ავსტრალიამ, არგენტინამ, საფრანგეთმა, ირანმა და ნიგერიამ.

ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციაში თამაშის უფლება ბრაზილიას, კანადას, ჩეხეთს, დომინიკის რესპუბლიკას, გერმანიას, საბერძნეთს, იტალიას, ლიტვას, ახალ ზელანდიას, პოლონეთს, პუერტო რიკოს, რუსეთს, სერბეთს, ტუნისს, თურქეთს და ვენესუელას ერგო, რეიტინგის განახლების კვალად კი, მათ ზონალური პრინციპით ანგოლა, სენეგალი, მექსიკა, ურუგვაი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ხორვატია და სლოვენია შეუერთდნენ.

აღნიშნული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, გამარჯვებულები კი ოლიმპიადის ბოლო ოთხ მონაწილეს გაარკვევენ. საკვალიფიკაციო ტურნირი გაისად 23-28 ივნისს ჩატარდება, მისი მასპინძლობისთვის კი საბერძნეთი, ლიტვა და სერბეთი იბრძვიან.

კომენტარები

ბოლო ამბები