Thumbnail

RWC 2019 | ახალი ზელანდია - მიზანი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობაა

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია, დემე ცალუღელაშვილი

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ და ყველაზე სარაგბო ქვეყნას, ახალ ზელანდიას წარმოგიდგენთ.

ისტორიული პანორამა

ახალ ზელანდიაში რაგბი 1870 წელს ჩარლზ მონრომ შეიტანა. პირველი თამაში  იმავე წლის მაისში ნელსონის კლუბსა და ნელსონის კოლეჯს შორის შედგა. 1879 წელს ქენთერბერის რაგბის კავშირი დაარსდა.

პირველი საერთაშორისო მატჩები ზელანდიურმა პროვინციებმა ავსტრალიური ახალი სამხრეთ უელსის რეგიონის ნაკრებთან ითამაშეს. 1888 წელს ზელანდიას ბრიტანეთიდან კერძოდ დაფინანსებული ტურნეთი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინაპარი ბრიტანული გუნდი ეწვია, მაგრამ მხოლოდ პროვინციულ ნაკრებებს ეთამაშა.

1892 წელს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი დაარსდა. პირველი ნამდვილი ტესტი კივებმა 1903 წელს სიდნეი კრიკეტ გრაუნდზე 30 000 მაყურებლის თვალწინ, ავსტრალიელებთან გამართეს და მეტოქე 22:3 დაამარცხეს.

1905 წელს ზელანდიელები ავსტრალიას პირველად გაცდნენ და საერთაშორისო ტურნე მოაწყვეს ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში. იმ დროს გუნდს "ორიჯინალს" ეძახდნენ, სახელი "ოლ ბლექსი" კივებს სწორედ ამ ტურნეს დროს შეერქვათ. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ამ სახელს მანამდეც იყენებდნენ, უბრალოდ  პოპულარული სწორედ ამ ტურნეს დროს გახდა.

მოგზაურობა  კი ძალიან წარმატებული გამოდგა, ზელანდიელებმა 35 თამაშიდან 34 მოიგეს და მხოლოდ ერთხელ, 3:0 დამარცხდნენ უელსთან არმზ პარკზე.

ასეთი იყო გზის დასაწყისი, რასაც შემდეგ უამრავი ტიტული და ტესტებსა და ტურნეებზე დიდი გამარჯვებები მოყვა. შავებს რამდენიმე უნიკალური მიღწევა აქვთ: 3 მსოფლიო თასი, 16 რაგბი ჩემპიონშიპი, 87% მოგების მაჩვენებელი ტესტ მატჩებში. ოლ ბლექსი მხოლოდ 6 ნაკრებთან დამარცხებულა.

პირველი მსოფლიოს თასი, 1987 წელს სწორედ ზელანდიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, რასაც ზედიზედ 5 მსოფლიო თასზე წარუმატებელი გამოსვლა მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ კივები ყველა სხვა დიდ ტურნირზე დომინირებდნენ და ყველა მსოფლიო თასზე აშკარა ფავორიტები იყვნენ, ჩემპიონობა ვერა და ვერ მოახერხეს. 

ნავსი შავებმა ისევ სახლში, 2011 წელს გატეხეს და ფინალში ფრანგებს 8:7 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელი ქრეიგ ჟუბერის მსაჯობამ ფრანგების მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ.

2015 წელს კივებმა პირველად მოახერხეს სხვა ქვეყანაში ჩატარებული მსოფლიო თასის მოგება. რიჩი მაქქოუს კაპიტნობით და დენ კარტერის ლიდერობით, ამჯერად შავებს კითხვები არ დაუტოვებიათ და თვიქენჰემზე ფინალში ავსტრალია 34:17 დაამარცხეს.

ჰაკა

ზელანდიელების თამაშის ყურებას თუ აპირებთ, ტელევიზორი მინიმუმ 10 წუთით ადრე მაინც უნდა ჩართოთ, რათა მათ მიერ შესრულებულ ჰაკას უყუროთ.
ოლ ბლექსის თამაში ჰაკას გარეშე წარმოუდგენელია. 

ჰაკა მაორების ტრადიციული ცეკვაა, რომელსაც ოლ ბლექსი თამაშის წინ რიტუალად 1905 წლიდან იყენებს. ამჟამად კივები თამაშებზე 2 სახის ჰაკას, ტრადიციულ "კა მატეს" და განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან - "კაპა ო პანგოს" ასრულებენ. 

ჰაკას შესრულებისას, ინციდენტებსაც ჰქონია ადგილი. 2006 წელს მილენიუმზე უელსელებმა ჰაკას შემდეგ საკუთარი ჰიმნის ამღერება მოინდომეს, რაზეც ზელანდიელებმა უარი თქვეს და "კა მატე" გასახდელში შეასრულეს.

საკლუბო რაგბი

ისევე როგორც სანაკრებო დონეზე, საკლუბო ასპარეზზეც ზელანდიური კლუბები ყველაზე წარმატებულები არიან.

შავები სუპერ რაგბში ხუთი კლუბით არიან წარმოდგენილი- ქრაისჩერჩის კრუსეიდერსი, ოქლენდის ბლუზი, ჰამილოტნის ჩიფსი, ველინგტონის ჰარიქენსი და დანიდინის ჰაილენდერსი.

აღსანიშნავია, რომ ხუთივე ზელანდიურ კლუბს, ერთხელ მაინც მოუგია სუპერ რაგბი. 24 სეზონიდან, 18-ჯერ გამარჯვება კივებმა მოახერხეს. ტურნირის აბსოლუტური რეკორდსმენი კი კრუსეიდერსია 10 ტიტულით. მიუხედავად შედეგებისა, როგორც წესი სწორედ კრუსეიდერსია ხოლმე ნაკრების საბაზო გუნდი. ყველაზე პრაგმატულ და დაბალანსებულ რაგბს სწორედ ქრაისჩერჩელები თამაშობენ. მსგავსი სტილის მიმდევარია ჰაილენდერსი, ხოლო დანარჩენი სამი კლუბი უფრო სანახაობრივ რაგბზეა ორიენტირებული.

კივების შიდა ჩემპიონატს მიტრე 10-ში 14 გუნდი თამაშობს. ტურნირი ორ დივიზიონად - პრემიერშიპად და ჩემპიონშიპად არის გაყოფილი. 

აქაც ყველაზე წარმატებული გუნდი ქენთერბერია, 9 ტიტულით. მიტრე 10 აგვისტოში იწყება და ოქტომბერში მთავრდება და როგორც წესი ზელანდიის ნაკრების წევრები ამ დროს ნაკრებში, ნოემბრის ტესტებისთვის მოსამზადებლად არიან და შიდა ჩემპიონატის თამაშები, მხოლოდ ფორმის აღსადგენად შეიძლება გამოიყენონ.

ოლ ბლექსში სათამაშოდ, მორაგბე აუცილებლად სამშობლოში უნდა თამაშობდეს და ზელანდიის რაგბის კავშირი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არანაირ გამონაკლისს არ უშვებს.

სათამაშო სტილი

ოლ ბლექსის სათამაშო სტილზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. იდეალური ბალანსი შერკინებასა და ხაზს შორის, ფანტასტიური ხელის ტექნიკა და სიჩქარეები, დაცვის რაქში სუფთა და მაღალი დისციპლინით ღლეტვა, შეტევის რაქში სწორი და მძლავრი გადაყრა, ფეხით დროული და ოსტატური თამაში(როგორც გადაკიდება, ასევე შეცურება), სივრცეების მაქსიმალური ათვისება და თერნოვერების თითქმის იდეალურად გამოყენება. ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ზელანდიურ სათამაშო სტილს ყველაზე სანახაობრივს და მაღალი დონისას ხდის.

შავების სათამაშო სტილზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ჯონა ლომუ, რომელმაც თავისი ხელწერა შეიტანა ზელანდიურ და არამარტო ზელანდიური რაგბში - ზორბა, ჯანიანი, სწრაფი და ტექნიკური ფრთები ოლ ბლექსისთვის და ზელანდიური კლუბებისთვის განუყოფელი ნაწილი გახდა.

გამოსარჩევია ზელანდიელი 9 ნომრების აგრესიული სტილი, რომელიც სულ წნეხში ამყოფებს მოწინააღმდეგის დაცვას.

შავების კიდევ ერთი მახასიათებელი ფიზიკური მონაცემებით არც თუ ისე გამორჩეული, მაგრამ უმაღლესი სათამაშო ინტელექტის მქონე შუამარბები, ფრთები და 15 ნომრები არიან (კონრად სმიტი, ბენ სმიტი, ქორი ჯეინი, რაიან ქროთი).

ზელანდიური ხელწერაა მესამე ხაზელივით მოთამაშე ჰუკერები, რომლებსაც ფრთაზე გაქცეულებს ხშირად ვხედავთ.

ოლ ბლექსს სიტუაციიდან გამომდინარე თავისუფლად შეუძლია როგორც სიბრტყეზე (ე.წ. ფლეთ რაგბი) ასევე სიღრმიდან შეტევა. მათ ყველაზე კარგად აითვისეს რაგბი ლიგიდან შემოსული ჩარბენები, რასაც გენიალური მგეზავების პირობებში, იდეალურად ასრულებენ.

აღსანიშნავია ზელანდიელთა ლიდერების და კაპიტნების ურთიერთობა მსაჯებთან. ქირად რიდს და სემ ვაითლოქს, უდიდესი ავტორიტეტი აქვთ და 50/50-ზე ეპიზოდებში, მსაჯებს ხშირად ხელი სწორედ ზელანდიელებსკენ გაუშვერიათ. თუმცა ამ მხრივ გამორჩეული მაინც ზელანდიელთა ლეგენდარული კაპიტანი რიჩი მაქქოუ იყო.

შავები ყველა საბაზისო სარაგბო ელემენტს იდეალურად ასრულებენ და წვრილმანების მიმართ ყურადრება უმაღლეს დონეზე აქვთ გამახვილებული. ზოგადად, თუკი სპორტის ნებისმიერ სახეობაში რომელიმე გუნდს შეიძლება ეწოდოს იდეალური ნაკრები, ასეთი სწორედ ოლ ბლექსია.

საკვანძო მოთამაშეები

ბოდენ ბარეტი - მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე და საუკეთესო მგეზავი. გუნდის მთავარი ვარსკვლავია. შავები მასთან ერთად და მის გარეშე, ორი სხვადასხვა გუნდია და იმ იშვიათი ზელანდიელი მორაგბეების სიაშია, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ბარეტის მთავარი მახასიათებელი, ურთულესი ტექნიკური ილეთების ძალიან დიდ სიჩქარეებზე შესრულებაა. მსოფლიოს ყველაზე ტექნიკურად სრულყოფილი მორაგბეა.

ქირან რიდი - ოლ ბლექსის ვეტერანი კაპიტანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. უჭკვიანესი მორაგბე, რომელიც უკვე ასაკშია, მაგრამ გამოცდილების და მაღალი ინტელექტის ხარჯზე დღესაც გუნდის ლიდერია და მის კარგ თამაშზე დიდწილად იქნება დამოკიდებული გახდება თუ არა ზელანდია ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი

ბროდი რეთალიქი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი და მორაგბე. მის გარეშე შავები ისეთი მრისხანეები ვერ არიან. რეთალიქს ყველა ის თვისება აქვს, რაც თანამედროვე მეორეხაზელს ჭირდება. ტრავმის გამო წლევანდელი რაგბი ჩემპიონშიპი გაუცდა და მსოფლიოზე ნაკრებს მხოლოდ მეორე ეტაპიდან დაეხმარება.

აარონ სმიტი - ტიპური ზელანდიელი 9 ნომერია და მოწინააღმდეგეს ყოველთვის უდიდეს წნეხში ამყოფებს. რამდენიმე წელია პირველი ნომერია, მიუხედავად იმისა რომ კონკურენტად არანაკლებ ძლიერი ტი ჯეი პერენარა ყავს.

დენ ქოულზი - ზელანდიელთა მსოფლიოს ჩემპიონი კვაჭი, რომელსაც 2015 წლის მერე ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, თუმცა ამჟამად კარგ ფორმაშია და მსოფლიო თასზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იქნება. მოაზროვნე, ტექნიკური და სწრაფია, ზელანდიელების შეტევისას ძირითადად ფრთაზეა ხოლმე.

სემ ვაითლოქი - რეთალიქთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეორე ხაზის წყვილს ქმნის. მსოფლიოს ორგზის და სუპერ რაგბის სამგზის ჩემპიონია

ბენ სმიტი - ოლ ბლექსის ვეტერანი 15 ნომერი. იშვიათი სათამაშო ინტელექტის მქონე მორაგბეა და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საუკეთესო ფორმაში არაა, სტივ ჰანსენს მისი დიდად ეიმედება.

არდი სავეა - ზელანდიელთა ახალგაზრდა მესამეხაზელი. იშვიათი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები აქვს, თუმცა სათამაშო ეპიზოდების სწორად წაკითვაში, გუნდის ვეტერანებს ჩამოუვარდება. ლეგენდარული ჯულიან სავეას უმცროსი ძმაა.

სამწვრთნელო შტაბი

ოლ ბლექსს 2012 წლიდან სტივ ჰანსენი წვრთნის. ჰანსენი ერთ-ერთი წარმატებული სანაკრებო მწვრთნელია. დანიშვნამდე 8 წელი გრემ ჰენრის თანაშემწე იყო და ნაკრებში რევოლუციური სიახლეები ნამდვილად არ შეუტანია.

როგორც ყველა ზელანდიელი მწვრთნელი, ჰანსენი მორაგბის გამოცდილებას დიდ ყურადრებას აქცევს. თუმცა, ახასიათებს უცნაური გადაწყვეტილებებიც, მაგალითად 2 წლის წინ, დემიენ მაკენზის 10 ნომრობა მოინდომა და წარუმატებლად. პიროვნულად არაორდინალური ადამიანია და მისი პრესკონფერენციები ყოველთვის საინტერესოა.

გამოირჩევა მორაგბეების მხარდაჭერითაც და ცუდ დროს ყოველთვის მათ გვერდითაა.

ლეგენდა

ალბათ არ არსებობს სპორტის მოყვარული, რომელსაც ჯონა ლომუს სახელი არ გაუგია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლომუ პროფესიული რაგბის სიმბოლოა. 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო თასზე, 19 წლის ბიჭმა ყველა აალაპარაკა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი ინგლისთან ნახევარფინალში დადებული 4 ლელოა.

თავისი გაბარიტების კვალობაზე(199 სმ, 120 კგ), ძალიან სწრაფი და ტექნიკური იყო. მიუხედავად სიდიადისა, ლომუმ მსოფლიო ჩემპიონობა ვერ მოახერხა. თირკმლების დაავადებამ, კარიერის მეორე ნახევარში შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცა. სწორედ ეს დაავადება გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ლომუ 2015 წელს, ოქლენდში, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენს წინააღმდეგ

ოლ ბლექსთან ერთადერთხელ, 2015 წლის თასზე ვითამაშეთ და 43:10 დავმარცხდით. მეტოქის უპირატესობა სათამაშო კლასში აშკარა იყო. თავს მხოლოდ ბექა წიკლაურის ლელოთი და იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მეტოქეს ლელო არ დავადებინეთ და რამდენიმე შერკინებაში მიწოლაც მოვახერხეთ.

ორჯერ გვითამაშია ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზელანდიელთა 20 წლამდე ნაკრებთან და ორივე შემთხვევაში შავებმა იოლად მოახერხეს ჩვენი დამარცხება.

გზა მსოფლიო თასზე

ზელანდიელი ბ ჯგუფში, მათთვის ყველაზე უხერხულ მეტოქე სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან, კანადასთან და ნამიბიასთან მოხვდნენ. მთავარი თამაში პირველივე ტურში აფრიკელებთან ექნებათ, სადაც პირველი ადგილის ბედი და მეოთხედფინალისთვის უკეთეს მეტოქესთან მოხვედრის ბედი გაირკვევა.

შემდეგ 3 თამაშს, ოლ ბლექსი პლეი ოფებისთვის იდეალურ ფორმაში შესასვლელად თუ გამოიყენებს.

ჩვენი პროგნოზი

ისევე როგორც სხვა მსოფლიო თასებზე, იაპონიაშიც მთავარი ფავორიტი ოლ ბლექსია. მათი ძირითადი კონკურენტები კი სამხრეთ აფრიკელები და ინგლისელები იქნებიან.

ტრადიციულად, შავები მსოფლიო თასის წელს რაგბი ჩემპიონშიპს აგებენ (2011 და 2015 წელს, წაგებული ტურნირების შემდეგ, მსოფლიო თასები მოიგეს) და ეს ფაქტორიც კარგ ნიშნად უნდა მივიღოთ. ზელანდიელების ჩემპიონობის შანსს 50%-ით შევაფასებდით.

კომენტარები

ბოლო ამბები