Thumbnail

ეროვნული ლიგის მეოთხე და დასკვნითი წრე იწყება. 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე შედგება, სადაც დინამო საბურთალოს უმასპინძლებს. ერთმანეთის წინაშე ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან და როგორც ასეთ დროს წერენ ხოლმე, სასწორზე 6 ქულა დევს.

სატურნირო ცხრილის თემა განვავრცოთ, რადგან საჩემპიონო რბოლაში ერთბაშად სამი გუნდია ჩაბმული და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 27 თამაშში მოპოვებული 55 ქულით პირველ ადგილზე ბათუმის დინამოა, რომელსაც 26 თამაშში აღებული 54 ქულით თბილისის დინამო უდგას კვალში. 26 მატჩი და 51 ქულაა საბურთალოს აქტივში.

სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ძალიან საინტერესო მატჩი უნდა იხილოს, რადგან ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. იმის გამო, რომ დაკარგული ქულებით ლიდერი თბილისის დინამოა, აჭარლებისთვის ფრე სახიფათო შედეგია.

რაც შეეხება საბურთალოს: თბილისელებმა ტორპედოსთან დაკარგული დასანანი ქულების შემდეგ ისედაც გაირთულეს საქმე და ახლა ძველ პოზიციებს მათ მხოლოდ მოპოვებული ქულათა მაქსიმუმი დაუბრუნებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდები მოედანზე მხოლოთ თამაშის მოსაგებად გავლენ, სხვა ყველა შედეგი ორივე მათგანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.

ბათუმის დინამოს ორი ფეხბურთელი დააკლდება. მსობუქი ტრავმა აქვს გიორგი ილურიძეს, ჯერ არავინ იცის კიდევ რა პერიოდის გაცდენა მოუწევს გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკოლოზ საბანაძეს. მას ხერხემლის მალთაშუა თიაქარი აწუხებს, მკურნალობის კურსს გადის. გუშინ დინამოს სოციალურ ქსელებში საბანას გასამხნევებლად მომზადებული ვიდეოც გამოჩნდა.

სტუმარი გუნდის რიგებში მსუბუქი ტრავმა ჰქონდა გიორგი დიასამიძეს, თუმცა სავარაუდოდ მატჩამდე გამოჯანმრთელდება და მოედანზე გასვლას პირველივე წუთებიდან შეძლებს. ტორპედოსთან შეხვედრაში დაშავდა ლევან ყენია და ბათუმში ვერ ითამაშებს. საინტერესოა მწვრთნელების დაპირისპირება: გია გეგუჩაძე გია ჭიაბრიშვილის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ორივე ნაცად მოდელს აირჩევს: ბათუმის დინამო 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, ხოლო თბილისის საბურთალო 4-4-2 სქემით.

წაიკითხეროგორ თამაშობს ჩემპიონატის ლიდერი - 5 დაკვირვება დინამო ბათუმზე

აღსანიშნავია, რომ წელს ეს გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: სამჯერ ეროვნულ ლიგაში და ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის თასზე. ჩემპიონატში ბათუმური მატჩი 4:2 დასრულდა დინამოს სასარგებლოდ, თბილისში კი ერთში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და ერთიც საბურთალომ მოიგო 1:0. რაც შეეხება თასს, ასევე საბურთალოს გამარჯვებით დამთავრდა, 1:0. წინ მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

ცალკე თემაა, რომ ბათუმის დინამოს მოგებების ბრწყინვალე სერია აქვს. გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი მოიგო. ამ თამაშებში 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლურ ნაკრებში 4 (!) დინამოელი მოხვდა. აჭარული გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და შეეცდება წარმატებული სერია გააგრძელოს. 

📺 მამუჩაშვილის და ჯოვინოს გოლები ლოკომოტივის კარში

ორივე გუნდის მიზანი: მხოლოდ მოგება!

ვაკო თევდორაძე (დინამო ბათუმი)
“კარგად ორგანიზებული და ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თანაში. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ მინდორზე. სატურნირო ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საბურთალოს დამარცხება. თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანგისას ბაზაზე მოსული გულშემატკივრები გავახაროთ”.

ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბათუმი)
“ძალიან რთული მატჩი გველოდება, რადგან ორივე გუნდი ჩემპონობისთვის იბრძვის. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და უფრო მეტად გვწყურია დიდი გამარჯვება. მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ ბრწყინვალე გულშემატკივრების წინაშე. ამიტომ, მეტი შანსი გვაქვს თამაშის მოსაგებად”.

გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)
“ბათუმური მატჩის წინ კარგი განწყობა გვაქვს. ქუთაისის ტორპედოსთან დასანანი ქულები დავკარგეთ და ხასისათის გამოკეთებას გამარჯვებით ვაპირებთ. სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ და მივუახლოვდეთ ლიდერს. ვფიქრობ, ვინც მოიგებს, სერიოზულ საჩემპიონო განაცხადს გააკეთებს. საბურთალო ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ასე იქნება ბათუმშიც”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბათუმის დინამოს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 5 მოგება აქვს.

⚽ ბათუმის დინამომ ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

⚽ თბილისის საბურთალოს ეროვნული ლიგის  ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, 2 ფრე და არც ერთი წაგება აქვს.

⚽ წელს გუნდები ოთხჯერ შეხვდენ ერთმანეთს: სამჯერ ჩემპიონატში და ერთხელ თასზე. ორი მატჩი საბურთალომ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ერთი ბათუმის დინამომ მოიგო.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 4:4.

⚽ საბურთალო სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

⚽ ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - ტეიდი, მამუჩაშვილი - რამოსი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი.

საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, ჩაბრაძე - გი, ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე - როლოვიჩი, გაბედავა.

კომენტარები

ბოლო ამბები