Thumbnail

კონგოს კვალში – საქართველოს ნაკრები წლის საწყის პოზიციას დაუბრუნდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 ადგილით დაწინაურდა
  • კლასიფიკაციის სათავეში ისევ ბელგია იმყოფება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას მიერ განახლებულ ტრადიციულ რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა, 1264 ქულით 91-ე ადგილი უკავია.

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში დანიასთან თბილისური ფრეც წაადგა

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ივლისის მერე 2 მატჩი ჩაატარეს და ორივე ფრედ დაასრულეს. სამხრეთ კორეასთან თურქეთში გამართული შეხვედრა 2:2 მორჩა, თბილისში კი, დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი თამაში უგოლოდ გაილია.

შედეგად, ქართველმა ფეხბურთელებმა 8 სარეიტინგო ქულა შეიმატეს, ლუქსემბურგის, ლიბანის და კვიპროსის ნაკრებები ჩამოიტოვეს და ახლა, კვალში კონგოს უდგანან, რომელიც ჩვენებურებს 1 ქულით უსწრებს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები წლის პირველ რეიტინგშიც სწორედ 91-ე საფეხურს იკავებდა, ამდენად, გუნდი საწყის ნიშნულს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ვაისის ბიჭები წლის ბოლომდე კიდევ სამ საკვალიფიკაციო მატჩს ჩაატარებენ: 12 ოქტომბერს – ირლანდიასთან, 15-ში – გიბრალტართან, ხოლო 15 ნოემბერს – შვეიცარიასთან.

ფიფას კლასიფიკაციაში 1752 ქულით პირველობას ისევ ბელგიის ნაკრები ინარჩუნებს, რომელსაც საფრანგეთი, ბრაზილია, ინგლისი და პორტუგალია მიჰყვებიან, შესარჩევ ციკლში ქართველთა მეტოქეების მდგომარეობა კი ასეთია: 11. შვეიცარია... 14. დანია...28. ირლანდია... 197. გიბრალტარი.

კომენტარები

ბოლო ამბები