Thumbnail
  • გრან კანარიამ ფუენლაბრადას აჯობა, ბექამ 9 ქულა ჩააგდო
  • ქართველმა კალათბურთელმა სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრა

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ მოსამზადებელ ციკლში განცდილი ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, მონატრებული გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფუენლაბრადას ესტუმრა და ადგილობრივ გუნდს 80:68 სძლია.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:51 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას დასკვნითი საკონტროლო მატჩი უნიკახასთან ელის

ბექამ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი, 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

გრან კანარიას ოფიციალური მატჩების დაწყებამდე ერთი თამაშიღა დარჩა. 20 სექტემბერს, ბექა და მისი თანაგუნდელები ლუის კასიმიროს სახელობის თასზე გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ – მალაგის უნიკახას გაეჯიბრებიან.

მანამდე, ბურჯანაძემ მცირე ინტერვიუ ესპანური კლუბის პრესსამსახურს მისცა.

“მოსამზადებელი ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ხავიერ რაბასედა და ხავიერ ბეირანიც შემოგვიერთდნენ, რომლებიც ესპანეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ცხადია, მათ ვულოცავ, ისევე, როგორც იოანის ბურუსისს და სტენ ოკოიეს. ჩინეთში მათაც ითამაშეს.

საერთო ჯამში, გუნდი წინ მიიწევს. გასულ შეხვედრებში კარგი ეპიზოდებიც იყო და ცუდიც, თუმცა, პროგრესი იგრძნობა. წესით, სეზონის სტარტისთვის მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.

გუნდის მწვრთნელი ფოტის კაციკარისი საქმეს კარგად უძღვება. ჩემთვის მისი ტაქტიკა სრულიად მისაღებია და ვიცი, რომ ბიჭებიც იგივეს ფიქრობენ. მთავარი ყურადღება დაცვაზეა გადატანილი, რასაც სწრაფი კონტრშეტევა უნდა მოჰყვეს.

სროლის ტექნიკა გავაუმჯობესე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქცენტის ამაზე გაკეთებას ვაპირებ. ჩემს სტილს არ შევცვლი. ვთვლი, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა სხვა კომპონენტებშიც შემიძლია, გასაკუთრებით – დაცვასა და მოხსნისთვის ბრძოლაში.

გასულ მატჩებში ლამის ნახევარი გუნდი გვაკლდა და გარკვეულ კომპონენტებში პრობლემები გვქონდა, ახლა კი, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. სეზონის სტარტამდე დიდი დრო აღარ რჩება, თუმცა, გრან კანარიაში ჯანსაღი სიტუაციაა და ბიჭების მაღალი კლასი თავის სიტყვას მაინც იტყვის”.

კომენტარები

ბოლო ამბები