- პარიზში მარცხის შემდეგ ზინედინ ზიდანი უკმაყოფილოა
- რეალის მწვრთნელი აღიარებს, რომ პსჟ-მ გაცილებით უკეთესად ითამაშა
მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა ძალიან არასასიამოვნო მარცხით დაიწყო - ‘სამეფო კლუბმა’ პარი სენ-ჟერმენთან სტუმრად 0:3 წააგო. და ეს იმ ფონზე, რომ პსჟ-ს წინა ხაზის სამივე ლიდერი აკლდა - რეალთან ვერც ნეიმარმა ითამაშა, ვერც ედინსონ კავანიმ და ვერც კილიან მბაპემ.
📋 მეტი ამ თემაზე:
- ანხელ დი მარიამ რეალი დასაჯა - პსჟ-მ ლიგა მოგებით დაიწყო
- შეწყვეტილი სერია! რეალის ყველაზე ცუდი სტარტი 2006 წლის შემდეგ
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უკმაყოფილება ვერ დამალა.
“პარიზელები გაცილებით უკეთესები იყვნენ. გვაჯობეს მთელ თამაშში, განსაკუთრებით კი ნახევარდაცვაში. ყველაზე მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ პსჟ-მ გაცილებით ინტენსიური და დინამიკური ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე ჩვენ. სეზონის ამ პერიოდში ასეთი რაღაცები არ უნდა გვემართებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მეტოქე ჩვენზე გაცილებით უკეთესი იყო, - აღნიშნა ზიზუმ, - მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი, კავანი და მბაპე არ იყვნენ, პსჟ-ს მაინც ძალიან მაგარი წინა ხაზი ჰყავს. ვიცოდით, რომ წნეხის ქვეშ მოგვაქცევდნენ და მათ ვერაფერი დავუპირისპირეთ.”
'ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ - ყველა დამნაშავეა!'
ჟურნალისტებმა ზიდანს ტიბო კურტუაზეც ჰკითხეს, რომელსაც პირველი გოლის დროს უკეთ თამაში მართებდა. ზიზუ: “ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ - ყველა დამნაშავეა!”
რეალის დამრიგებელი იმითაცაა უკმაყოფილო, რომ მის გუნდს არცერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა: “დიახ, ეს ძალიან მანერვიულებს. მიუხედავად ამდენი კარგი ფეხბურთელისა, მომენტები ვერ შევქმენით.”
სამაგიეროდ, ყველაფრით კმაყოფილი იყო პარიზელთა დამრიგებელი თომას ტუხელი. “პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმე მკითხავს, მოვიგებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგას, ავდგები და გავალ!” - ასე დაიწყო გერმანელმა თავისი პრესკონფერენცია, - გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. ბიჭებმა კარგად იმუშავეს. დავამტკიცეთ, რომ ვპროგრესირებთ, თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ სამ დღეში ერთხელ ამის მტკიცება ადვილი არ არის. როცა ნეიმარის, მბაპეს და კავანის გარეშე ვთამაშობთ, ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს კიდეც. ხალხი ასეთ დროს ამბობს, რომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ, რაც ფეხბურთელებს წნეხს უმსუბუქებს."
ტუხელმა განსაკუთრებით ანხელ დი მარია შეაქო: "მიხარია, რომ ანხელს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. მინდა ვთქვა, რომ ის ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს და, სხვათა შორის, დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც შესანიშნავია.”
კომენტარები