Thumbnail
  • ‘იუვენტუსს 2 მომენტი ჰქონდა და ორივე გოლად აქცია’
  • ‘არ დაგავიწყდეთ, მათი საშუალო ასაკი 29 წელია, ჩვენი კი – 24’

მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კმაყოფილი დარჩა შედეგით, რომელიც მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში ტურინის იუვენტუსთან დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის ატლეტიკო იტალიურ გრანდს მშობლიურ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დაუხვდა და 70-ე წუთისთვის 0:2 მარცხდებოდა, თუმცა, დარჩენილ დროში 2 გოლი შეაგდო (გამათანაბრებელი სულაც ბოლო წუთზე) და ფრეს გამორჩა.

“პირველ ტაიმში რაღაც გვაკლდა, შესვენების შემდეგ კი, იუვენტუსმა კიდევ უფრო მოუმატა. მომეწონა ის, რომ მაინც არ დავნებდით და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოდით.

მუდმივად ვცდილობდით ისეთი სიტუაციები შეგვექმნა, რომლებიც მეტოქეს პრობლემებს შეუქმნიდა. ხიმენესი, ვიტოლო და კორეა მიზანთან ახლოს იყვნენ, ამდენად, ვთვლი, რომ ქულის აღება ნამდვილად დავიმსახურეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ფრე კარგი ან ცუდი შედეგია. ტურინელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და გამოცდილი ფეხბურთელებიც არ აკლიათ. არ დაგავიწყდეთ, რომ მათი საშუალო ასაკი 29 წელია, ჩვენი კი – მხოლოდ 24.

ასეთი დონის მატჩებში გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამდენად, დღევანდელი თამაში სამომავლოდ მაგრად გამოგვადგება. მთავარია, მატჩის დროს ინტენსიურობა არ დააგდო და საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს.

სარის გარკვეული დრო დასჭირდება, რათა იუვენტუსმა მისთვის ჩვეულ სტილში თამაში სტაბილურად დაიწყოს. ტურინელები ყოველთვის სახიფათონი არიან. ფაქტობრივად, 2 მომენტი ჰქონდათ და ორივე გოლად აქციეს.

იუვენტუსი თავს არასდროს კარგავს და არსებული კონტიგენტით შორს გასვლა შეუძლიათ. ვნახოთ, ეს, რამდენად გამოუვათ”.

ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგაში მე-2 მატჩი 1 ოქტომბერს მოსკოვში ელის. მადრიდელთა მეტოქე რუსული ლოკომოტივი იქნება, რომელმაც გუშინ ლევერკუზენში ბაიერს 2:1 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები