Thumbnail

უეფას ჩემპიონთა ლიგის А ჯგუფში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯერ ბრიუგემ და გალათასარაიმ ითამაშეს უგოლოდ, მოგვიანებით კი პარიზში ჯგუფის ფავორიტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - პარი სენ-ჟერმენმა მადრიდის რეალი მიიღო.

შეხვედრას თომას ტუხელიცა და ზინედინ ზიდანიც შემადგენლობაში სერიოზული პრობლემებით შეხვდნენ, განსაკუთრებით კი - ფრანგი სპეციალისტი. მასპინძლებს ედინსონ კავანი და კილიან მბაპე ტრამვების, ნეიმარი კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდნენ, მადრიდულმა გუნდმა კი ამავე მიზეზებით, სხვებთან ერთად, სერხიო რამოსი, მარსელო, ისკო, მარკო ასენსიო და ლუკა მოდრიჩი მოისაკლისა. შესაბამისად, გუნდების სასტარტო შემადგენლობები, განსაკუთრებით კი რეალის, იოლად გამოსაცნობი იყო.

ტუხელმა შეტევის ხაზში სარაბიასა და დი მარიასთან ერთად მაურო იკარდი გაამწესა, რასაც ზიდანმა აზარი-ბენზემა-ბეილის ტრიო დაუპირისპირა.

"პარკ დე პრენსზე" ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან მარკო ვერატიმ წამოიწყო, შემდეგ ხუან ბერნატმა მაურო იკარდისთან "კედელი" გაითამაშა და პასი ანხელ დი მარიას გაუკეთა, არგენტინელმა კი ბურთი ერთი შეხებით ახლო კუთხეში გაუშვა. ამ ეპიზოდში ტიბო კურტუას თამაში ალბათ უკეთესად მართებდა.  

📺 1:0 დი მარია (14’)

დი მარიამ ყოფილ გუნდსა და მის მეკარეს მეორედ გაცილებით ეფექტურად გაუტანა. არგენტინელმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი იდრისა გეიესგან მიიღო და კურტუას ამჯერად ზუსტად მეორე კუთხეში დაურტყა.

📺 2:0 დი მარია (33’)

ორ წუთში ეფექტური გოლი კეილორ ნავასის კარშიც გავიდა, დარტყმა კი გარეტ ბეილმა შეასრულა, მაგრამ არბიტრმა ის მას შემდეგ გააუქმა, რაც VAR-ის მეშვეობით უელსელზე ხელით თამაში დააფიქსირა - სამართლიანად. 

📺 ბეილის გაუქმებული გოლი (35’)

ამ ეპიზოდის გარდა, შესვენებამდე ზინედინ ზიდანის გუნდს ღირებული და დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია. თითქოს მოედანზე არც იყვნენ ედენ აზარი, ქარიმ ბენზემა... პირველ 45 წუთში პარიზელებმა პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს მეტოქეს, დი მარიას დუბლმა კი ისინი გასახდელში კომფორტული უპირატესობით გაიყვანა.

რეალი უსუსური იყო შესვენების შემდეგაც, გატანასთან ახლოს კი ისევ პარი სენ-ჟერმენი, უფრო ზუსტად კი, მატჩის მთავარი გმირი იყო. დი მარიას ჰეთ თრიკის შესრულება 59-ე წუთზე შეეძლო. მეკარესთან პირისპირ გასულმა არგენტინელმა გატანა ეფექტურად მოინდომა, მაგრამ ბურთი კურტუასაც გადააცილა და კარსაც. 

📺 დი მარიას მომენტი

მადრიდის რეალმა კი გოლი კიდევ ერთხელ გაიტანა და ისიც გაუუქმეს. ქარიმ ბენზემამ კეილორ ნავასის კარში კი შეაგდო, მაგრამ ლაინსმენმა აქტიური თამაშგარე მდგომარეობა წინ ჩარჩენილ ლუკას ვასკესზე დააფიქსირა.

📺 ქარიმ ბენზემას გაუქმებული გოლი

თომას ტუხელის გუნდმა "პარკ დე ფრენსზე" მესამე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე მაინც შეაგდო და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს პსჟ-ის მცველებმა გააკეთეს - თომა მონიემ და ხუან ბერნატმა "სამეფო კლუბი" უბრალოდ დაამცირეს. 

📺 3:0 მონიე (90+1)   

3:0 ტაბლოზე - მთავარი შემტევების გარეშე მოთამაშე პარიზელებმა რეალი დამსახურებულად, ლაღი და თავდაჯერებული თამაშით დაამარცხეს. ზიდანმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირა - რეალი უბრალოდ უსუსური იყო. 

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო

ჯგუფში მომდევნო მატჩს ლიდერი სტუმრად გალათასარაისთან, 1-ელ ოქტომბერს გამართავს, მადრიდის რეალი კი ამავე დღეს შინ ბრიუგეს მიიღებს.

პსჟ 3:0 რეალი

გოლები: 1:0 დი მარია (14'), 2:0 დი მარია (33'). 3:0 ბერნატი (90')

პსჟ (4-3-3): ნავასი - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპებმე, ბერნატი - მარკინიოსი (70' ერერა), გეიე, ვერატი - სარაბია (89' დიალო), იკარდი (60' ჩუპო-მოტინგი), დი მარია.

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ვარანი, მენდი - კროოსი, კაზემირო, ხამეს როდრიგესი (70' იოვიჩი) - აზარი (70' ვასკესი), ბენზემა, ბეილი (79' ვინისიუსი).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები