Thumbnail

ბუნდესლიგა მოსაწყენია! შტეფან ეფენბერგი გერმანიას ახალ ფორმატს სთავაზობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 49 წლის ვეტერანი ბუნდესლიგის ორ ეტაპად ჩატარების იდეით გამოდის.
  • ბაიერნის ყოფილ კაპიტანს აღიზიანებს ის, რომ ჩემპიონის ბედი თებერვალ-მარტში წყდება.
  • შტეფანის იდეა საინტერესოა, მაგრამ...

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი გერმანიის ბუნდესლიგის ფორმატის ცვლილების წინადადებით გამოვიდა, რათა ტურნირში ინტრიგამ მოიმატოს. ამის შესახებ T-Online იუწყება.

ბაიერნის ყოფილი კაპიტნის მოფიქრებული ფორმატის თანახმად, ბუნდესლიგის 18 გუნდი სეზონის დაწყების წინ ორ ჯგუფად უნდა დაიყოს. ჩემპიონატის პირველ ნაწილში გუნდებმა თავ-თავიანთ ჯგუფში, ჩვეულებრივი სისტემით უნდა ითამაშონ - ორ-ორი მატჩი (შინ და სტუმრად) თითოეულ გუნდთან. 

ამის შემდეგ ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი, პლუს საუკეთესო მეხუთეადგილოსანი, პირველ დივიზიონში გაერთიანდება და ტურნირის გადამწყვეტ ნაწილში ბრძოლას ჩემპიონობისა და ევროსაგზურებისთვის გააგრძელებს. დანარჩენები კი მეორე დივიზიონს შეადგენენ და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ. ამასთან, ჩემპონატის მეორე ეტაპზე გუნდები განულებული ქულებით ითამაშებენ. 

“ასეთ შემთხვევაში ჩემპიონის ბედი თებერვალსა თუ მარტში გარკვეული აღარ იქნება, რადგან იანვარში ყველა ბრძოლას ნულიდან დაიწყებს. ეს სეზონის განმავლობაში სერიოზულ ინტრიგას ორჯერ შეგვძენს. გუნდებს ჯერ პირველ დივიზიონში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, შემდეგ კი - ტიტულისა თუ გადარჩენისთვის. ფაქტია, ბოლო წლებში ბუნდესლიგა ძალიან მოსაწყენი გახდა. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!” - ამბობს 49 წლის შტეფანი.

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი შარშან, ბოლო 20 წლის განმავლობაში მეცამეტედ, ზედიზედ კი მეხუთედ გახდა. 

მიუნხენელები მიმდინარე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე არიან და მდევარ ლევერკუზენს 18 ქულით უსწრებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები