Thumbnail
  • ვანო კარკაძე მხოლოდ 19 წლის და 3 თვისაა
  • გასულ ტურნირზე სარეკორდო ზღვარი ვასილ ლობჟანიძემ დააწესა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი ვანო კარკაძე 2019 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იქნება.

ფრანგული ბრივის ქართველი მორაგბე 19 წლის და 3 თვის გახლავთ და ავსტრალიელ ჯორდან პეტაიაზე 3 თვით უმცროსია. ვანოს ბორჯღალოსანთა მაისურით მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, სადებიუტო მსოფლიო თასზე წასვლა მაინც დაიმსახურა.

ვანო კარკაძეს ბორჯღალოსანთა რიგებში მხოლოდ 3-ჯერ უთამაშია
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ამგვარად, ტურნირის ყველა დროის ახალგაზრდა მორაგბეთა სიაში კარკაძე მე-5 ადგილზე დამკვიდრდება, ფორვარდებიდან კი მას მხოლოდ არგენტინელი ფედერიკო მენდეზი უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ მომავალი შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდათა ნუსხაში მე-4 პოზიციაზე კიდევ ერთი ბორჯღალოსანი თედო აბჟანდაძეა (20 წლის და 3 თვის), ათეულში კი ვანო საღინაძეს (20 წლის და 10 თვის) და გურამ გოგიჩაშვილსაც (21 წლის) ვხედავთ.

საინტერესოა, რომ 2015 წლის ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ასევე საქართველოს ნაკრებში ირიცხებოდა. ტონგასთან მატჩში მინდორზე 18 წლის და 340 დღის ვასილ ლობჟანიძე გამოჩნდა.

ვასილ ლობჟანიძემ ტონგასთან 18 წლის და 340 დღის ასაკში ითამაშა

ვთქვათ ისიც, რომ იაპონიაში ყველაზე ხნიერი იაპონიის ნაკრების მესამეხაზელი ლუკ ტომპსონი იქნება, რომელიც 38 წლის და 5 თვის გახლავთ.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე უფროსი შალვა სუთიაშვილია, რომელიც 1984 წლის 24 იანვარს გახლავთ დაბადებული.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ნაკრები კი სასტარტო შეხვედრას 23-ში უელსთან გამართავს.

RWC 2019 | ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეთა ხუთეული
1. ვანო კარკაძე (საქართველო) – 19 წლის და 3 თვის

2. ჯორდან პეტაია (ავსტრალია) – 19 წლის და 6 თვის
3. დევიდ აინუ’უ (აშშ) – 19 წლის და 10 თვის
4. თედო აბჟანდაძე (საქართველო) – 20 წლის და 3 თვის
5. რომან ნტამაკი (საფრანგეთი) – 20 წლის და 4 თვის

RWC 2019 | ყველაზე ხანდაზმულ მორაგბეთა ხუთეული
1. ლუკ ტომპსონი (იაპონია) – 38 წლის 5 თვის
2. სხალკ ბრიტსი (სამხრეთ აფრიკა) – 38 წლის და 4 თვის
3. ჰუბერტ ბაიდენსი (კანადა) – 37 წლის 10 თვის
4. ტუსი პისი (სამოა) – 37 წლის და 3 თვის
5. რორი ბესტი (ირლანდია) – 37 წლის და 1 თვის

კომენტარები

ბოლო ამბები