Thumbnail
  • Tier 2 Rugby-მ ის მორაგბეები დაასახელა, რომლებიც მსოფლიო თასს დააკლდებიან
  • ამ სიაში 7 ქართველი მორაგბე მოხვდა

მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ვებგვერდზე, პოზიციების მიხედვით, იმ მორაგბეების სია გამოქვეყნდა, რომლებიც საბოლოო 31-კაციან განაცხადებში ვერ მოხვდნენ და მსოფლიო თასს დააკლდებიან. ამ სიაში 7 ქართველი მორაგბე მოხვდა.

ზურაბ ჟვანია (უოსპსი) - 36 მატჩი და 10 ლელო

ზურაბ ჟვანიას ინგლისში ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. ქართველმა მორაგბემ ინგლისის პრემიერშიპში რამდენიმე ლელოც დადო და ბრიტანული პრესისგან შექებაც ბევრჯერ დაიმსახურა.

ჰეიგს ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი ჰქონდა. მან განაცხადა, რომ ზურაბი ფიზიკურად მზად არ იყო და სწორედ ამიტომ დარჩა განაცხადს მიღმა.

ექნება თუ არა ჟვანიას კიდევ ერთი შანსი? მან 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გამოტოვა და 2019 წელსაც ნაკრებს მიღმა დატოვეს. ჟვანია შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშია. ზურაბი ჯერ 27 წლისაა და შანსი 2023 წელსაც ექნება, თუმცა მის პოზიციაზე საქართველოში ყოველთვის ძალიან დიდი კონკურენცია იქნება.

კარლენ ასიეშვილი (ბრივი) - 34 მატჩი და 5 ლელო

ასიეშვილისთვის ამ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ციკლი უიღბლო აღმოჩნდა. კარლენი ძალიან კარგი და გამოცდილი მორაგბეა, რომელსაც ტრავმებმა ბოლო პერიოდში ხელი ძალიან შეუშალა. ამას გურამ გოგიჩაშვილის ფანტასტიკური თამაშიც დაემატა და ასიეშვილი ნაკრებს მიღმა დარჩა.

ბადრი ალხაზაშვილი (ლიონი) - 9 მატჩი

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანს 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ალხაზაშვილიც ტრავმებმა გააწამა.

ლაშა ტაბიძე (ბორდო) - 2 მატჩი

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელია, თუმცა მის პოზიციაზე ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ჰეიგს თავი ძალიან მოაწონა. ნაკრებში ასევე მოხვდა ტაბიძესთან ერთად 20-წლამდე ნაკრების წევრი გიორგი მელიქიძეც. შესაბამისად, ლაშას ადგილი ნაკრებში ამჯერად, არ აღმოჩნდა.

ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და ტაბიძისთვის 2023 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაც არ იქნება მარტივი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ლაშას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.

მან ეს TOP 14-ის ახალ სეზონშიც დაამტკიცა, სადაც უკვე მოასწრო ლელოს დადება და სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაც. 4 წელში კი ტაბიძე კარიერის პიკში იქნება და, დიდი ალბათობით, მსოფლიო თასზეც ითამაშებს.

დავით ქუბრიაშვილი (გრენობლი) - 46 მატჩი და 2 ლელო

დუდუ ქუბრიაშვილი ქართველი მორაგბეებიდან ერთ-ერთია, ვისი ხილვაც ამ მსოფლიო თასზე გაგვახარებდა, თუმცა მან ნაკრებში ვერმოხვედრის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მას ძალიან კარგად შეუძლია შერკინებაში თამაში და ისეთი სტილის მოთამაშეა, როგორებიც ადრე თამაშობდნენ.

გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი) - 17 მატჩი და 3 ლელო

გიორგი ცუცქირიძე ნაკრებს ბოლოს დააკლდა

ქართველი მორაგბე მშვენიერ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და მსოფლიო თასზე ვეღარ მიდის, რის გამოც ნაკრებს მამუკა გორგოძე დაუბრუნდა. გიორგი საუზერნ კინგსთან შეხვედრის დროს დაშავდა.

ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლაც კარგი ტალანტები ეზრდება, ცუცქირიძე 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაშის მთავარი კანდიდატი იქნება. როდესაც გიორგი ფორმაშია, მისი შეჩერება ყველას უჭირს.

ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) - 50 მატჩი და 5 ლელო

კოლელიშვილისთვის იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასი კარიერაში მესამე იქნებოდა, თუმცა ტრავმების გამო, მას ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. სამწუხაროდ, მსოფლიო თასს ასეთი კარგი მორაგბე დააკლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები