Thumbnail

'სამი ბრძოლა მოსაგებია' - ტოჩინოშინი იმედს არ კარგავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტაკაკეიშო ქართველი სუმოისტისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა
  • ოთხი დარჩენილი ორთაბრძოლიდან სამი უნდა მოიგოს

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე) სეკივაკე ტაკაკეიშო ძალზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა - მარტის ბაშოს უკანასკნელ დღეს იაპონელმა ქართველს ოძეკის ტიტული დააკარგვინა, ახლაც მწარე მარცხი აგემა და კვლავ სათუო გაუხადა ტიტული. ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშო 7:2-ს იგებს (თან, ქართველმა ერთი მოგება უბრძოლველად მოიპოვა). 

ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან 2:7-ს აგებს

ბრძოლის შემდეგ კომენტარებში ტაკაკეიშო კმაყოფილი იყო, ის ოძეკის ტიტულის დაბრუნებასა და იმპერატორის თასზე ფიქრობს. ტოჩინოშინმა კი Sankei Sports-ს შემდეგი განუცხადა: "სტარტი ძალიან კარგი გამომივიდა, მაგრამ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ მეტოქე ჩემს უკან იყო. ჯერ არაფერია დაკარგული - როგორმე უნდა მოვიგო სამი ბრძოლაც".

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ივლისის ბაშოს გამო, კადობანშია ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი ესაჭიროება ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად. აკი ბაშოს დასრულებამდე 4 დღე რჩება, ტოჩინოშინს 5-6 ბალანსი აქვს და 3 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება.

ბაშოს მე-12 დღეს ქართველის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმია, ვისთანაც მას დადებითი ბალანსი აქვს: 8:3. 

კომენტარები

ბოლო ამბები