Thumbnail
  • გერმანიის ნაკრებს მალე, შესაძლოა, ახალი პირველი ნომერი ჰყავდეს
  • Sport Bild წერს, რომ მანუელ ნოიერი გაისად სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებში ხელშეუხებელი აღარ არის. მართალია, 33 წლის მეკარე ჯერ კიდევ ბუნდესგუნდის პირველი ნომერია, მაგრამ ბოლო დროს გერმანიაში ბევრი ფიქრობს, რომ პირველობას ბარსელონას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უფრო იმსახურებს. ამ უკანასკნელმა სამშაბათს, დორტმუნდში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოსაზრებას მისი გაპირველების შესახებ ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ახლა კი, გერმანული სპორტული მედია წერს, რომ ნოიერი გერმანიის ნაკრებიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს!

ჟურნალ Sport Bild-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო მეკარე ბუნდესგუნდიდან წასვლაზე დაფიქრდა - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

ნოიერი გაისად, ევრო 2020-ის დროს 34 წლის იქნება. მომდევნო დიდი ტურნირი, მსოფლიოს ჩემპიონატი კი 2022 წლის ზამთარშია. აღსანიშნავია, რომ მანუმ ჯერ კიდევ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ თქვა, ზუსტად არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზეო.

საფეხბურთო გერმანიაში აქტიურ ფაზაშია დისკუსიები იმის შესახებ, რომ ახლა ტერ შტეგენი ნოიერზე უკეთესი მეკარეა. თუკი მანულ ევრო 2020-ის შემდეგ თავისი ნებით წავა, ეს ყველასათვის კარგი გადაწყვეტილება იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ ის მეორე ნომრად დააქვეითონ.

Sport Bild წერს, რომ ნოიერს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აუცილებლად სურს და ნაკრებიდან წასვლის ალბათობას მხოლოდ ამ ტურნირის შემდეგ განიხილავს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ევროპის ჩემპიონატის თასი ერთადერთი ტიტულია, რომელიც მას აკლია - მანუ გერმანიის შვიდგზის ჩემპიონია, თასის 5-გზის მფლობელი, ასევე მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (2013) და მსოფლიოს ჩემპიონატიც (2014). ამასთან, ნოიერი მსოფლიოს 4-გზის საუკეთესო მეკარეა.

ამრიგად, მანუელ ნოიერის სანაკრებო კარიერა, შესაძლოა, 2020 წლის 12 ივლისს დასრულდეს. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას: მანუს მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და რეკორდმაისტერის შეფებს მისთვის სასწრაფოდ ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები