Thumbnail

გიორგი შერმადინი; ‘ტენერიფეს მწვრთნელის ტაქტიკა ჩემთვის ზედგამოჭრილია’

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანურმა გუნდმა ქართველი ცენტრის პრეზენტაცია გამართა
  • შერმადინი, დიდი ალბათობით, ტენერიფელთა სასტარტო ცენტრი იქნება

ესპანურმა იბეროსტარ ტენერიფემ გიორგი შერმადინის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო. ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას წევრ კლუბს მოახლოებული სეზონის წინ შეუერთდა და თუკი მოსამზადებელი მატჩების სტატისტიკას გავითვალისწინებთ, კუნძულელთა სასტარტო ცენტრი უნდა იყოს. გიომ თავიდანვე აღნიშნა, რომ ახალ გუნდში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

“როდესაც ტენერიფესგან წინადადება მივიღე, ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგანაც მწვრთნელს კარგად ვიცნობ და მისი სტილი ჩემთვის სწორედაც რომ ზედგამოჭრილია. ის სამწამიან წონაში ბურთის ხშირად ჩაშვებას ითხოვს, ეს კი, ჩემი პოზიციის კალათბურთელისთვის მისწრებაა”.

შერმადინი გუნდში არსებულ კონკურენციასაც ჯანსაღად უყურებს. მოსალოდნელია, რომ ქართველ ლეგიონერს ცენტრის პოზიციაზე წუთების გაყოფა 27 წლის ამერიკელ დარიონ ატკინსთან და 26 წლის ესპანელ ფრან გუერასთან მოუწევს, რომლებიც ჩვენებურს გამოცდილებით ვერ შეედრებიან.

“ფრანი და დარიონი მაღალი კლასის კალათბურთელები არიან, რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ვფიქრობ, მათ ჩემი რჩევებიც დაეხმარებათ. კონკურენცია ყოველთვის კარგია, ასე რომ, ამ ამბავს ნამდვილად არ ვუფრთხი. პირადად გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ. ვეცდები, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მაქსიმალურად სარგებლიანი ვიყო”.

იბეროსტარ ტენერიფემ უკვე არაერთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, ამდენად, შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. გუნდს ბოლოს ბრაზილიელი მცველი მარსელინიო უერტასი შეუერთდა, რომელმაც ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

“მიხარია, რომ ასეთი კარგი თანაგუნდელების და მწვრთნელების გარემოცვაში მოვხვდი. ვფიქრობ, ერთმანეთი უკვე საკმაოდ კარგად გავიცანით. კარგია, რომ უკვე მარსელინიოც ჩამოვიდა. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია, რომელიც დიდ სარგებელს მოგვიტანს”.

ცნობისთვის, ტენერიფელებმა დღეს გეზი ვიტორიისკენ აიღეს, სადაც 19 სექტემბერს დასკვნით მოსამზადებელ მატჩს თორნიკე შენგელიას ბასკონიასთან გამართავენ, ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა კი, 25-ში, შინ ბილბაო ბასკეტთან ელით.

📺 გიორგი შერმადინის პრეზენტაცია

კომენტარები

ბოლო ამბები