Thumbnail
  • ბარსელონას ქულა მარკ ანდრე ტერ შტეგენის დამსახურებაა
  • გერმანელმა მეკარემ პენალტი მოიგერია და რამდენიმე მაგარი სეივიც ჰქონდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, დორტმუნდის ბორუსიას ბარსელონას დამარცხება შეეძლო და შეიძლება ითქვას, რომ მოგებას იმსახურებდა კიდეც, მაგრამ მარკო როისმა და კომპანიამ ერთ კაცს ვერაფერი მოუხერხეს - რა თქმა უნდა, ბარსას გერმანელ მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენს ვგულისხმობთ. გერმანიის ნაკრების მეორე მეკარემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, პენალტიც მოიგერია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო ფორმაშია და, შესაძლოა, მართლაც იმსახურებს ბუნდესგუნდის პირველ ნომრობას.

ასე მოიგერია ტერ შტეგენმა მარკო როისის თერთმეტმეტრიანი

27 წლის გერმანელი მეკარე კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს და დიდი ხანია, პირველი მეკარეა. დორტმუნდთან მან გამორჩეულად კარგი მატჩი ჩაატარა. ტერ შტეგენმა რამდენჯერმე აიღო მარკო როისის დარტყმა და მისი პენალტიც მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენს ჯერ კიდევ გერმანიაში, მიონხენგლადბახის ბორუსიაში თამაშისას უწოდებდნენ ‘პენალტების მკვლელს’.

ჩემპიონთა ლიგაში ტერ შტეგენს 6 პენალტი დაურტყეს და აქედან 4 მოგერიებული აქვს - 66,6 პროცენტი ძალიან მაგარი შედეგია!

ბარსელონას კიპერისთვის ეს ორმაგად წარმატებული დღე იყო. სულ ცოტა ხნის წინ მან პირველად ისაუბრა იმის შესახებ, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. ტერ შტეგენს უნდა, რომ ბუნდესგუნდის პირველი ნომერი იყოს და მიაჩნია, რომ ამას მანუელ ნოიერზე მეტად იმსახურებს. გერმანიაში მას ბევრი ეთანხმება, ბევრიც - არა. დორტმუნდთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი, ტერ შტეგენი ბევრ მოწინააღმდეგეს გადაიბირებდა.

“დორტმუნდში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა. დღეს ძალიან რთული თამაში გვქონდა. ვფიქრობ, ეს ფრე ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს,” - განაცხადა ბარსას მეკარემ თამაშის შემდეგ, - ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ წარმატებისთვის და მიხარია, როცა გუნდს ვეხმარები. ჩემი აზრით, მოვიპოვეთ ქულა, რომელსაც ვიმსახურებდით. თუმცა ბევრი დეტალი გვაქვს გასაუმჯობესებელი. რაც შეეხება ჩემს სეივებს - ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა შემიძლია. ყოველთვის მინდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყო კონცენტრირებული და თანაც, 100 პროცენტით. ვფიქრობ, დღეს ეს შევძელი და ყველას კიდევ ერთხელ ვუჩვენე ჩემი შესაძლებლობები.”

მარიო გიოტცე და მარკ ანდრე ტერ შტეგენი

მიონხენგლადბახში დაბადებული მეკარე ბარსელონას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემაც შეაქო: “ტერ შტეგენი დღეს ძალიან მაგარი იყო და ამას დღეს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დორტმუნდმა მთელ რიგ მომენტებში მართლაც ძალიან მაგრად ითამაშა და პრობლემები შეგვიქმნა.”

გერმანელი მეკარისთვის კარგი შეფასება გაიმეტა ლეგენდარულმა იკერ კასილიასმაც, რომელმაც ‘ტვიტერზე’ დაპოსტა: “ტერ შტეგენის დონე დღეს სენსაციურია!”

დღეს, ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ორი ტოპ-მატჩია - პარი სენ-ჟერმენი მადრიდის რეალს მასპინძლობს, ატლეტიკო კი - იუვენტუსს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები