Thumbnail
  • ბორჯღალოსანთა თავკაცის აზრით, 2015 წლის შედეგის გამეორება რთული იქნება
  • მერაბ კვირიკაშვილს მე-5 მსოფლიო თასზე თამაშის შანსი რჩება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკუშიმადან ნაგოიას მიაშურა და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას იქ განაგრძობს.

ბორჯღალოსნები Rugby World Cup-ის სუპერ ფოტო-სესია 💥 #რაგბიჩვენითამაშია #Geo #Japan2019 #RWC2019 🏆 📸 World Rugby via Getty Images

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” ოთხწლეულის უმთავრეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრა 23 სექტემბერს უელსთან ელით, მანამდე კი, საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დეტალებსაც საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდი ავრცელებს.

პირველ რიგში ჟურნალისტთა კითხვებს ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უპასუხა, რომლის ხელშიც გუნდმა გასულ მსოფლიო თასზე ჯგუფში 2 მატჩის მოგება მოახერხა და უდავოა, რომ ახლაც მინიმუმ იგივეს გაკეთებას ეცდება.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

“ახლა მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება. 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ასე, რომ ამჯერად “რადარებს“ ვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება“.

ჰეიგმა კომენტარი ეროვნულ გუნდში მამუკა გორგოძის დაბრუნებაზეც გააკეთა, რომელიც ბორჯღალოსნების მაისურს 35 წლის ასაკში ისევ მოირგებს და დავით კაჭარავას მსგავსად, მე-4 მსოფლიო თასზე ითამაშებს.

“მიუხედავად გარკვეული პაუზისა, ისეთივე მამუკა გორგოძეს იხილავთ, როგორსაც აქამდე ხედავდით. მას არ დაუკარგავს ის ძლიერი მხარეები, რაც ჰქონდა. გამოცდილებისა და ლიდერისთვის საჭირო თვისებების გარდა, მამუკა ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან. მისგან ზუსტად იმას მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს“.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

როგორც აღვნიშნეთ, “ბორჯღალოსნების” პირველი მეტოქე უელსი იქნება, რომელსაც ქართველი მორაგბეები 2017 წელს კარდიფში ტესტ-მატჩში შეხვედნენ და დიდი წინააღმდდეგობაც გაუწიეს. მაშინ მასპინძლებმა 13:6 მოიგეს, თუმცა, ახლა, მილტონი სხვა თამაშს ელის.

“ეს მსოფლიო თასია და ორი წლის წინანდელზე განსხვავებული მატჩი იქნება. რიგ კომპონენტებში ჩვენ გვექნება გარკვეული უპირატესობები. რა თქმა უნდა, შერკინება ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. უელსის ტრავმებს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია, ასეთი შედეგის მიღწევა კი, სიღრმეების გარეშე წარმოუდგენელია“.

საქართველოს ნაკრებისთვის გარკვეულ უპირატესობად ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გუნდის გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ბოლოს უელსურ ოსპრეიზში თამაშობდა და მომავალ მეტოქეთაგან რამდენიმეს პირადად იცნობს.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

“დარწმუნებული ვარ, ნემსაძე მორკინალებს მეტოქის გარკვეულ საიდუმლოებებს გაუზიარებს. მას ძალიან უნდა მოედანზე გასვლა და თავისი მეგობრების წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, ისევე, როგორც ჩვენ, მეტოქეს გარკვეული სიურპრიზები ექნება მომზადებული“.

ჰეიგმა მცირე კომენტარი მერაბ კვირიკაშვილის შესახებაც გააკეთა, რომელმაც სრულფასოვანი სანაკრებო შეკრება ტრავმის გამო ვერ გაიარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას მეხუთე მსოფლიო თასზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ რჩება.

“მერაბი უკანასკნელი 18 თვის თუ 2 წლის განმავლობაში ტრავმას ებრძოდა. სამწუხაროდ, მან ბოლო შეკრებაზე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ახლა, ის კარგადაა და თამაშობს. ჩვენ მის ფორმას დავაკვირდებით და თუ ვინმე დაშავდება, მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება“.

კომენტარები

ბოლო ამბები