Thumbnail

‘ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია!’ - კლოპმა ანჩელოტი შეაქო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შარშან 1:0, წელს 2:0 - ლივერპულმა ნეაპოლში ისევ წააგო
  • იურგენ კლოპის აზრით, ნაპოლის უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია
  • კარლო ანჩელოტიმ გერმანელს მადლობა გადაუხადა

მოქმედმა ჩემპიონმა ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი 2002 წლის შემდეგ პირველად წააგო (მაშინ 0:2 ვალენსიაში). ნაპოლიმ იურგენ კლოპის გუნდი 2:0 დაამარცხა. გერმანელმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, ჩემს გუნდში ბევრი უზუსტობა შევნიშნეო, სამხრეთიტალიური კლუბი კი მაგრად შეაქო.

“რა თქმა უნდა, მტკივნეული მარცხია. ნეაპოლში შარშანაც წავაგეთ, თუმცა წელს საგრძნობლად უკეთესი, გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრი კონტრშეტევის შანსი გვქონდა, რაც ვერ გამოვიყენეთ. სწორედ ეს იყო პრობლემა. ბოლოსკენ თამაშზე კონტროლი დავამყარეთ, მაგრამ მერე პენალტი მივიღეთ,” - განაცხადა კლოპმა მატჩის შემდეგ, BT Sport-თან კომენტარში. შეგახსენებთ, რომ შარშან, ნაპოლიმ ლივერპულს მეორე ტურში, 1:0 მოუგო და იმ თამაშში მერსისაიდელებს საგოლე მომენტი ფაქტობრივად არ ჰქონიათ.

“დღეს რამდენიმე მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამიტომ, წაგებას უნდა შევეგუოთ. ჩვენი შანსები გვქონდა, მაგრამ უკეთესად უნდა გვემოქმედა,” - ასეთია კლოპის ანალიზი მატჩისა, რომელიც მისმა გუნდმა ბოლო წუთებზე წააგო. რაც შეეხება პენალტს, რომლითაც ნაპოლი დაწინაურდა: “არ ვფიქრობ, რომ ეს თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო!” - იურგენი თანამემამულე მსაჯ ფელიქს ბრიხს საყვედურობს.

ნაპოლიმ მერტენსისა და ლორენტეს გოლებით მოიგო

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი იყო, რადგან მისი გეგმა ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა: “ჩვენი სტრატეგია ის იყო, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალური პრესინგი უნდა გვეთამაშა, მაგრამ როცა საჭირო იყო, სიღრმიდანაც უნდა გვემოქმედა. ჩვენ ძალიან კარგად დავაბალანსეთ დაცვა და პრესინგი. როცა ბურთს ლივერპული ფლობდა, თავს კარგად ვიცავდით, მერე კი ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. თანაბარი თამაში იყო, რომელშიც ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის საუკეთესო გუნდის, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგ ვთამაშობდით,” - თქვა 60 წლის ანჩელოტიმ.

კლოპმა ნაპოლის მწვრთნელი და მისი ფეხბურთელები საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: “ჩემი აზრით, ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. როცა გაქვს კარგი გეგმა და გყავს კარგი ფეხბურთელები, იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სულაც არაა აუცილებელი, რომ საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გყავდეს. უბრალოდ, მთავარია, რომ სწორ მომენტში სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო,” - აღნიშნა 52 წლის გერმანელმა.

ანჩელოტიმ კლოპს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ ნაპოლის გულშემატკივრები გააფრთხილა, რომ ეიფორია არ ივარგებს: “მადლობა კლოპს ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია. ჩვენი პირველი მიზანი პლეი ოფში გასვლაა.”

დღეს, ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ორი ტოპ-მატჩია - პარი სენ-ჟერმენი მადრიდის რეალს მასპინძლობს, ატლეტიკო კი - იუვენტუსს.

კომენტარები

ბოლო ამბები