Thumbnail
  • 📅 18 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V რეალი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • პარი სენ-ჟერმენს სამი ტოპ-ფორვარდი აკლია
  • ზინედინ ზიდანსაც საკადრო პრობლემები აქვს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველივე ტური ტოპ-მატჩებით გვანებივრებს. საინტერესო სამშაბათის შემდეგ, ოთხშაბათსაც ორი განსაკუთრებით საინტერესო დუელია - ატლეტიკო V იუვენტუსი და პარი სენ-ჟერმენი V რეალი.

მადრიდული და პარიზული გრანდები ისეთ ჯგუფში მოხვდნენ, წესით, მერვედფინალში გასვლა ადვილად უნდა შეძლონ. მათთან ერთად, A ჯგუფში ბრიუგე და გალათასარაი თამაშობენ. მართალია, თურქული გრანდი არავისთვისაა საჩუქარი (მით უმეტეს, ფალკაოს ტრანსფერის შემდეგ), მაგრამ ლოგიკურად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ ჯგუფიდან პსჟ და რეალი გავლენ.

ამ გუნდების ერთმანეთში დუელებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივეს პირველი ადგილის დაკავება სურს. პირველ ტურში მასპინძელი პარიზული კლუბია და, შესაბამისად, მოსაგებად უნდა იბრძოლოს. თუმცა თომას ტუხელის გუნდი რეალთან მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.

პსჟ-ს სამი მთავარი წინახაზელი აკლია!

კილიან მბაპე და ედინსონ კავანი ტრავმირებულები არიან, ნეიმარი კი - დისკვალიფიცირებულია! ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზელებს სამი მთავარი შემტევიდან არცერთი ჰყავთ. თუმცა, პსჟ-მ მილანის ინტერიდან მაურო იკარდი გადაიბირა და წინა ხაზზე მაინც ჰყავს ტოპ-ვარსკვლავი.

ნეიმარი, კავანი და მბაპე რეალთან ვერ ითამაშებენ

4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, იკარდისთან ერთად, რეალს ანხელ დი მარია და პაბლო სარაბია შეუტევენ. საინტერესოა, რომ გასულ უქმეებზე ტუხელმა ძირითადში, ცენტრფორვარდად ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი ათამაშა, იკარდი კი შეცვლაზე შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს თილო კერერის, კოლინ დაგბასა და იულიან დრაქსლერის სახით კიდევ სამი მოთამაშე აკლია. კითხვის ნიშნის ქვეშაა ხუან ბერნატის თამაშიც. თუ ეს უკანასკნელიც ვერ გავა მოედანზე, მის ნაცვლად დიალო ითამაშებს.

საკადრო პრობლემები აქვს მადრიდის რეალსაც. სერხიო რამოსი და ნაჩო ფერნანდესი დისკვალიფიცირებულები არიან. მარსელო, მარკო ასენსიო, ლუკა მოდრიჩი, ისკო და ფედერიკო ვალვერდე ტრავმირებულები არიან. სამაგიეროდ, რეალის შემადგენლობაში გარეთ ბეილი ბრუნდება, რომელსაც ლა ლიგაში დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

"ამ თამაშში ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ. რეალს უყვარს ბურთის ფლობა. ჩვენ მათ წინააღმეგ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. ფაქტია, რომ ეს რთული მატჩი იქნება პსჟ-სთვის, მაგრამ არც რეალისთვის იქნება ადვილი. თუმცა, მინდა დავამატო, რომ ეს მხოლოდ პირველი ტურის შეხვედრაა და არა გადამწყვეტი მატჩი," - განაცხადა მატჩის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა. გერმანელმა რეალიდან ქარიმ ბენზემა გამოყო და თქვა, რომ მისი აზრით, ეს უკანასკნელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ როგორც მოსალოდნელი იყო, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი კარგად დაიწყო - 4 მოგება, 1 წაგება.

⚽ რეალს ესპანეთის ჩემპიონატში არცისე კარგი სტარტი აქვს. მართალია, მადრიდელები წაუგებლად ასპარეზობენ, მაგრამ 4 ტურის შემდეგ 8 ქულით (2 მოგება, 2 ფრე) მე-3 ადგილზე არიან. 

⚽ 2017/18 წლების სეზონიდან, რეალმა ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად 8 თამაში მოიგო და 2 წააგო.

⚽ რეალს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 3 გასვლითი მატჩი მოგებული აქვს.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში, რეალის ბოლო 34 მატჩიდან 31-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში, პარი სენ-ჟერმენის ბოლო 23 მატჩიდან 21-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ პსჟ-ს და რეალის ბოლო 3 დაპირისპირდებაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): ნავასი - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ბერნატი - ვერატი, გეიე, ერერა - დი მარია, იკარდი, სარაბია.

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, მილიტაო, მენდი - კაზემირო, კროოსი, ხამეს როდრიგესი - ბეილი, ბენზემა, აზარი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები