Thumbnail

ნეიმარს დისკვალიფიკაცია შეუმსუბუქეს - როდის ითამაშებს ის ჩემპიონთა ლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • CAS-მა პსჟ-ისა და 27 წლის ბრაზილიელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
  • პარის სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ინსტაგრამზე დადებული პოსტისთვის დასაჯეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) პარის სენ-ჟერმენის ბრაზილიელ თავდამსხმელს ნეიმარს დისკვალიფიკაციის ვადა შეუმცირა. ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალური საიტი იუწყება. 

ნეიმარი ევროთასებზე სამი მატჩის გამოტოვებით დასაჯეს და ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ⅛-ფინალში, პარი სენ-ჟერმენისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის (1:3) არბიტრის მისამართით, მის მიერ გამოთქმული კრიტიკა გახდა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში თავად 27 წლის ბრაზილიელს ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ მსაჯობაზე უპატივცემულო პოსტით ინსტაგრამზე გამოირჩა.

ბრაზილიელი არბიტრების მიმართ უკმაყოფილებას არცთუ იშვიათად  გამოხატავს

ზაფხულში პარი სენ-ჟერმენმა დისკვალიფიკაცია უეფაში გაასაჩივრა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ პარიზულმა კლუბმა და ფეხბურთელმა აპელაცია CAS-ში შეიტანეს.

17 სექტემბერს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ პსჟ-ისა და ნეიმარის მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა და დისკვალიკაცია ევროთასების ორ მატჩამდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ ნეიმარი გამოტოვებს მატჩებს რეალსა (18 სექტემბერს) და გალათასარაისთან (1-ელ ოქტომბერს), მაგრამ სამაგიეროდ, გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში დაეხმარება - 22 ოქტომბერს, სტუმრად ბრიუგესთან.

პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, რეალთან, გალათასარაისა და ბრიუგესთან ერთად გამოდის. პირველ ტურში პარიზელები სამეფო კლუბს მასპინძლობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები